სალომე ლილუაშვილი: „რა, მართლა არსებობ?!“

ზეპირი ანკეტა

7 ნოემბერი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არა მსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების პიარმენეჯერი, პროდიუსერი სალომე ლილუაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილება არ ვიცი, რა არის. ისიც კი არ ვიცი, რა კრიტერიუმები შეიძლება ავიღო და შევაჯერო იმისთვის, რომ წარმოსახვაში მაინც მოვიდეს სრულყოფილება. ერთ-ერთი ყველაზე აბსტრაქტული მდგომარეობაა ჩემთვის. რაც შეეხება ბედნიერებას, ეს კონკრეტული შეგრძნებაა, რომელიც კონკრეტულ დროში, კონკრეტულ სივრცეში, კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება განიცადო. არასდროს დამიწესებია ზღვარი - თუ იმ კონდიციას მივაღწევ, მერე ვიქნები ბედნიერი-მეთქი. ჩემთვის ბედნიერება დეტალებშია.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძალიან დიდი ხანია, გულიანად არ გამიცინია. იმიტომ არა, რომ სევდიანი ვარ და რაღაცები მაწუხებს. უბრალოდ, ძირითადად, ღიმილით შემოვიფარგლები. დღის განმავლობაში ხშირად ვიღიმი. განსაკუთრებით, როდესაც ვამბობ სიტყვას - გამარჯობა! ჩემთვის მისალმება რიტუალია, თითქოს რაღაც ემოციას ვუზიარებ ადამიანს, ამიტომ ვუღიმი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- აღმოვაჩინე, რომ რაც ასაკი მემატება, ნაკლებად მეტირება. ტკივილის ან წყენის გამო ვეღარ ვტირი. ბოლო დროს ბედნიერებისა და სიხარულისგან უფრო მეტირება, ვიდრე სტრესისგან.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური ვარ, არასდროს ვხდები კონფლიქტური სიტუაციების მონაწილე. მართალიც რომ ვიყო, ვჩუმდები და ვერიდები. მგონია, რომ მსგავს შემთხვევაში ჯობია, მოცემულობაზე მაღლა დადგე. რაც მთავარია, ამით თავიდან ვირიდებ უსიამოვნო საუბრებსა და მოსალოდნელ გართულებებს. ეს არის ერთ-ერთი სასარგებლო თვისება, რომელიც დიდი ხნის წინათ გამოვიმუშავე და წარმატებითაც ვიყენებ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- არ ვიცი, ნაკლია თუ არა, მაგრამ ხშირად ცუდი შედეგები მოაქვს იმას, რომ ძალიან ვენდობი ადამიანებს. როდესაც მელაპარაკება და ვუსმენ, ყოველთვის მჯერა მისი. შემდეგ, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას, ხელს მიშლის ის, რომ ოდესღაც ვენდე.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არავისთან. ადრე, ერთ-ერთ ლექციაზე, საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარეთ თემაზე, როგორ შეიძლება ტრანსფორმირდეს ინფორმაცია ძალიან მოკლე დროსა და ვიწრო სეგმენტში. ერთმა ადამიანმა დაიწყო რაღაცის თხრობა, მეორემ შეცვალა და გააჯერა იმ მესიჯით, რაც მას აწყობდა, მერე მესამემ და ასე. საბოლოო ჯამში, მივიღეთ პირველადისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია. მჯერა, რომ მემატიანეები ისტორიული პერსონების არაზუსტ და ეპოქისთვის პრიორიტეტულ კონტექსტში წარმოჩენას ემსახურებოდნენ. ამიტომ, ყველა ისტორიული ფიგურა, რომელიც არასოდეს მინახავს, ჩემთვის იმდენად არადამაჯერებელია, შეუძლებელია, ვინმესთან თავი გავაიგივო.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- გმირებიც არ მყავს... ამ ტიტულის მიმართაც საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. მგონია, რომ ადამიანები ყოველთვის იმას ვაკეთებთ, რაც ძალიან გვიყვარს ან გვჭირდება, ან ორივეს ერთად. სხვადასხვა ეპოქაში გმირებს იმის მიხედვით ირჩევენ, რაც  მოცემულ დროში სჭირდება საზოგადოებას. ამიტომაც, ვფიქრობ, ცოტა უტრირებულია გმირის წოდება. თუ განვაზოგადებთ, მგონია, რომ გმირია ყველა, ვისაც რაღაცის ან ვიღაცის ერთგულება შეუძლია.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- თუ მწერალი გულწრფელია, გმირიც რეალურთან ძალიან ახლოსაა. თუ კითხვის პერიოდში, საკუთარი რეალობის პარალელურად, ეს გმირი მუდმივად თან მყავს, ხშირად ვფიქრობ მასზე და მაინტერესებს, როგორ განვითარდება მისი ისტორია, ე.ი. დამაჯერებელია. საბოლოოდ კი, გმირი მაინც ყველა ის მწერალი მგონია, ვისაც გულწრფელობა შეუძლია.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- მოგზაურობისას საკუთარი ქცევის ნორმები მაქვს, რომელსაც ყოველთვის ვასრულებ. ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ჩავდივარ, უპირველესად მაინტერესებს ურბანულ კონტექსტში. ნაკლებად ვინტერესდები მუზეუმებით, არ შემიძლია გიდთან ერთად სიარული, მათგან ყურსასმენებით ინფორმაციის მიღება და ხალხის ჯგუფთან ერთად გაწერილი ტრაექტორიის მიხედვით გადაადგილება. მოგზაურობისას გუგლის საძიებო სისტემა, გუგლის რუკა და ადგილობრივებთან კონტაქტი ჩემთვის ძირითადი წყაროა. თუ გინდა, ქვეყანა გაიცნო, უნდა გაიცნო ადგილობრივები, იმოგზაურო საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ცოტა ხნით მაინც იცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობენ ისინი. ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა, მგონია, რომ წინ მაქვს - ვოცნებობ, მარტომ ვიმოგზაურო იტალიაში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მამაკაცშიც და ქალშიც, მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც ქალისთვის, მეგობრისთვის, პარტნიორისთვის, კოლეგისთვის - მთავარია, მენდობოდნენ და ვენდობოდე. სანდოობა ნებისმიერი ფორმის ურთიერთობებში ფუნდამენტური თვისებაა.


- ქალში?
- ქალშიც, იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- მგონია, რომ ყველაზე მაგარი არის ის, რასაც პირველად განიცდი. პირველადი შთაბეჭდილება მუდმივად მიგყვება. ასეა კითხვის დროსაც.  ჩემთვის პირველი მწერალი იყო ასტრიდ ლინდგრენი. ვფიქრობ, მშობლებმა სწორად მომაწოდეს პირველი წიგნი, იმიტომ, რომ მოკლე დროში სერიულად წავიკითხე ლინდგრენის მთელი შემოქმედება. არ არის გამორიცხული, ეს მძაფრი შთაბეჭდილება იმანაც განაპირობა, რომ მანამდე არ მქონდა ბაზა პარალელების გასავლებად. დღემდე, რაც არ უნდა წავიკითხო, იმ ემოციას ვერაფერს ვუტოლებ - შოკში ვიყავი ყველაფრისგან, რაც იმ წიგნებში ხდებოდა.  ერთადერთი წიგნი, რომელმაც პირველად წაკითხვის მსგავსი სიამოვნება მომიტანა მოზრდილ ასაკში, იყო თომას მანის „ჯადოსნური მთა“.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ძალიან მიყვარს ტომ უეიტსი, მისი ბალადები. მომწონს როგორც ტიპი - მისი მანერები, მისი ხრინწიანი ხმა, მისი დამოკიდებულებები, რომელიც მისავე მუსიკაშიც კარგად ჩანს. ვოცნებობ, რომ სადღაც პაბში, მე და რამდენიმე ადამიანი, სიგარეტით ახრჩოლებულ გარემოში ვუსმენდეთ ტომს. თუმცა, ასოციალური ტიპია და ამის შანსი ნაკლებად მაქვს. ძალიან მომწონს, ასევე, ზბიგნევ პრეისნერი. მისი შემოქმედება სინთეზური მგონია, თითქოს გავლენაა - ცოტა შოპენი, ცოტა მოცარტი და ბევრი საკუთარი ემოცია, რომელსაც მოსმენისას არაჩვეულებრივი შეგრძნებები მოაქვს.


- ფილმი?
- ახლა რაც მაგონდება, მომწონს კშიშტოფ კიშლოვსკის ტრილოგიიდან „სამი ფერი - ლურჯი“. კინომოყვარული ვარ, თუმცა როდესაც მეკითხებიან, რომელ ფილმს უყურონ, თითქმის არასდროს მაქვს პასუხი და ვდუმდები. არ ვუყურებ პოპულარულ სერიალებს - არ შემიძლია, კარგი სანახაობით მისაღები ემოციები ულუფებად გამოვუზოგო საკუთარ თავს და ველოდო ამბის განვითარებას. იმ ჟანრში, რომლის მაყურებელიც ვარ (ფსიქოლოგიური დრამა), ჰოლივუდურ პროდუქტზე მეტად მომწონს იტალიური და ზოგადად, ევროპული კინო. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ხავიერ დოლანი, 27 წლის რეჟისორი, რომელიც ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, აღმოჩენაა.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- შვილს. იმიტომ კი არა, რომ გავაჩინე და რა კარგია, რომ დედა ვარ. ჩემს შვილს ახლა მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს. იმ ასაკშია, როცა მკვეთრად ავლენს პიროვნულ თვისებებს. ვცდილობ, გვერდიდან ვუყურო, მხოლოდ რჩევებით შემოვიფარგლო და არ ჩავერიო მის დამოკიდებულებებში საკუთარი თავისა და გარესამყაროს მიმართ. ვხედავ, როგორ პიროვნებად ყალიბდება და მგონია, დიდი წვლილი ამაში ჩემიცაა, იმიტომ, რომ ეტყობა, კონკრეტულ სიტუაციაში მის მიმართ სწორი დამოკიდებულებები მაქვს და ეს აისახება მასზე, როგორც პიროვნებაზე. ამიტომ ზოგჯერ ამაყიც ვარ ხოლმე.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიტყვა „ძვირფასი“ არ მიყვარს, იშვიათად ვიყენებ, ჩემში მატერიალურ ასოციაციებს იწვევს. არ მიყვარს ძვირფასი ნივთები და არც გამაჩნია. ყველაფერი მაქვს ისეთი, რაც შეიძლება გავაჩუქო, გადავაგდო, გამიტყდეს და არ ვინერვიულო. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, სიტყვა „ძვირფასს“ ჩავანაცვლებდი სიტყვით „შეუფასებელი“. ჩემთვის შეუფასებელია ურთიერთობები საყვარელ ადამიანებთან. თუმცა, აბსოლუტურად არ არის აუცილებელი, მიყვარდეს ადამიანი, რომ მასთან ურთიერთობას ვუფრთხილდებოდე. შეიძლება, მოვუფრთხილდე იმიტომ, რომ ერთად ვმუშაობთ ან ხშირად გვიწევს კონტაქტი. ასე რომ, არასოდეს ვეპყრობი ადამიანებს საპასუხოდ მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონვე არ შემექმნას დისკომფორტი საკუთარ თავთან.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- საბედნიეროდ, ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ეს იქნება თარიღები, როდესაც ფიზიკურად დავკარგავ ადამიანებს ჩემი ცხოვრებიდან. ეს კანონზომიერია, მაგრამ თუ მექნება საშუალება, ამ თარიღებს მომავალში გამოვტოვებდი ან საერთოდ გავქრებოდი იმ პერიოდში.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სახელს, მშობელსა და სამშობლოს ვერ ვირჩევთ. აი, ასე, ვიბადებით, გვეძლევა და არ ვაპროტესტებთ მანამ, სანამ მოზრდილები თვითონ არ გავაცნობიერებთ, მოგვწონს თუ არა. ჩემთვის სამშობლო არის ადგილი, საიდანაც, პოტენციურად, მუდმივად გაქცევის განცდა მაქვს. ამავდროულად, ზუსტად სამშობლოა ის ერთადერთი ადგილი, რომელიც მშობელივით მეიმედება - მისგან წასულს ნებისმიერ დროს რომ მიმიღებს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ძალიან მეშინია უზრდელი ადამიანების, ყველაზე უსუსური ვხვდები მათთან ურთიერთობისას და ვერასდროს ვარ ადეკვატური. მოკლედ, ფობია მაქვს... ასევე, მეშინია სირცხვილის. არ ვგულისხმობ სიტუაციებს, როდესაც, მაგალითად, ქარი კაბას ამიფრიალებს და ა.შ. ძალიან მეშინია შემთხვევით, გაუცნობიერებლად რაიმე ისეთი არ ჩავიდინო, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების წინაშე შევრცხვე.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ხშირად მიფიქრია სიკვდილზე და გონებაში მგონი, ყველანაირი სიტუაცია მაქვს წარმოდგენილი, როგორ შეიძლება მოვკვდე. არც ერთი ვარიანტი მისაღები არ არის. ლოგიკურადაც, არჩევანის საშუალებაც არ მექნება, როგორ შეიძლება მოვკვდე, თუ ეს არ იქნება თვითმკვლელობა. ამიტომ, არ მაქვს ვერსია, რა პირობებში მირჩევნია სიკვდილი. ჯერ არ მინდა მოვკვდე.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- სანამ რამეს მეტყვის, ზუსტად ვიცი, მე რას ვეტყვი. „რა, მართლა არსებობ?!“ -  იქნება ჩემი პირველი რეაქცია. ვეტყვი, რომ ძალიან ბევრი სალაპარაკო აქვს ჩემთან. მართლა, გულწრფელად მინდა, დაჯდეს და მომიყვეს, თუ მართლა მან შექმნა, როგორ შეძლო ეს ყველაფერი?


ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?