განო მელითაური: „სიარული თავიდან ვისწავლე“

ზეპირი ანკეტა

23 იანვარი 20:00
144

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია საერთაშორისო კომპანია MontGeo-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, ტელეწამყვანი განო მელითაური.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- პირველ რიგში, ჩემს თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა, რაც მერე განაპირობებს და უზრუნველყოფს იმას, რომ ყოველდღიურ ყოფაში ის რაღაც უხილავი ძაფები, რომლებიც გვაკავშირებს საყვარელ ადამიანებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, ზოგადად, გამვლელებთან, იყოს ადეკვატური და სწორი. ალბათ, სრული ბედნიერება ეს არის... თუმცა, ხელშესახებ, კონკრეტულ შეგრძნებებამდეც მივდივართ და ისინი ყველასთვის სხვადასხვანაირია.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ბოლოს გავიცინე ამ დილით, როდესაც 6 საათზე ლოლიტა თავზე დამახტა და გამაღვიძა. სულ მინდა ხოლმე, ვეჩხუბო, ყოველდღე ვგეგმავ, მაგრამ არ გამომდის.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ერთი საათის წინ...


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- სამართლიანი ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ფეთქებადი ხასიათი მაქვს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არავისთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემთვის გმირია ყველა ის ადამიანი, ვინც ხმამაღლა ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. გმირია ყველა ის ადამიანი, ვისაც სიყვარულისა და სოლიდარობის უნარი აქვს. გმირია ყველა ის ადამიანი, ვინც ბოლომდე ინარჩუნებს თავის მორალურ ღირებულებებს, მიუხედავად დროის, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობისა და გარემოსი, რომელშიც არსებობს.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ყველაზე სანუკვარი პატარა უფლისწული, პეპი გრძელი წინდა, დათა თუთაშხია, ასევე, არის ასეთი ფილმი - „ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ, ხომ ასეა?“ ამ ფილმის მთავარი გმირი საინტერესო ქალბატონია... ძალიან ბევრნი არიან.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველაზე შთამბეჭდავი იყო ბერლინში მოგზაურობა, როცა პირველად შევედი პერგამონში და გავიარე ლომების ხეივანში, ვნახე უძველესი ცივილიზაციის რეალური გადმონაშთები. ბავშვობაში ძალიან აქტიურად ვკითხულობდი ასეთ წიგნს: „ღმერთები, მეცნიერები და აკლდამები“ და ბევრი რამ, რაც ამ წიგნიდან ვიცოდი, უცებ ცხადში დავინახე. ეს მომენტი დაუვიწყარი იყო ჩემთვის.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ის, რომ იყოს მამაკაცი.


- ქალში?
- ზოგადად, ისეთი სოციუმის ნაწილები ვართ, ქალის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა.


- საყვარელი მწერლები?
- ერიხ მარია რემარკი, გაბრიელ გარსია მარკესი, ასტრიდ ლინდგრენი და გალაკტიონი, რომელიც ყველა მწერალზე, ისტორიკოსსა და პოეტზე მაღლა დგას. 


საყვარელი კომპოზიტორი?
- ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, გია ყანჩელი, მორიკონე.


- ფილმი?
- ყველა ჩამოვთვალო?


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ის, რომ სამი არაჩვეულებრივი შვილი მყავს, თავისთავად, ყველაფერს თან ახლავს, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან უმნიშვნელოვანესია, რომ შევძელი, საკუთარ სისუსტეებს მოვრეოდი და სიარული თავიდან ვისწავლე.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- შეგრძნებები და სურათ-ხატები, რომლებსაც ვაგროვებთ და მგონია, რომ ბოლო დღეს ერთ გუნდად მოვუკრავთ თავს და წავიღებთ. ალბათ, ეგ...


თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- 11 აპრილი, როდესაც გავიგე, რომ კოტე აღარ არის ცოცხალი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ემოციური აზრით, სამშობლო ზუსტად იგივეა, რაც ოჯახი - უდიდესი პასუხისმგებლობა. სამშობლო ყოველთვის ჩემშია, სადაც არ უნდა ვიყო. ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ისტორია, იმედგაცრუება და სიამაყე - ამ ყველაფრის ერთობლიობაა სამშობლო.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- დღეს ყველაზე მეტად მეშინია სიკვდილის, რადგან ჩემს შვილებს ვჭირდები, ასევე, სიბრმავისა და ქვეწარმავლების.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ალბათ, არ უნდა ვიყო ღრმა მოხუცებული, ან თუ ვიქნები, არ მქონდეს ისეთი დაავადება, რომ ჩემს შვილებს ან შვილიშვილებს ან გარემოცვას მხრებზე დავაწვე. ყველაზე მეტად მინდა, რომ ერთ დღესაც დავწვე და აღარ გავიღვიძო.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მაპატიოს ჩემი შეცდომები და მითხრას: შენ დაიმსახურე ის, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდი.