ქეთი წულიაშვილი: „ჩვენთვის კვების რაციონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია“

ანბანელა

18 მარტი 18:00
276

„ბავშვის ფიზიკური განვითარება საბაღო ასაკში დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამიტომ ჩვენთვის კვების რაციონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია. მენიუში ყოველდღიურად წარმოდგენილი მრავალფეროვანი საკვები ამ საკითხისადმი ჩვენს დამოკიდებულებას თვალსაჩინოს ხდის. ვცდილობთ, კვების რაციონი მორგებული იყოს როგორც ზოგად მოთხოვნებს, ასევე ჩვენი აღსაზრდელების გემოვნებასა და საჭიროებას“, - საბავშვო ბაღის „ანბანელას“ კვების რაციონზე დირექტორი ქეთი წულიაშვილი საუბრობს.

- ქალბატონო ქეთი, რაზე აკეთებთ აქცენტს მენიუს შედგენისას?
- მენიუს შედგენისას უმნიშვნელოვანესია, კვების რაციონი შეესაბამებოდეს აღსაზრდელის ასაკს და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. ჩვენი მენიუ მზადდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, დაცულია ჰიგიენური ნორმები, შემდეგ კი ყურადღება ექცევა საკვების  მრავალფეროვნებას.


- რა შემთხვევაში სთავაზობთ აღსაზრდელებს ინდივიდუალურ მენიუს?
- საბაღო ცხოვრება ცოცხალი პროცესია, ამიტომ ხშირია შემთხვევები, როცა პატარები არ მიირთმევენ ამა თუ იმ საკვებს, რაც გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობით და იშვიათად ბავშვის ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევებში ვცდილობთ, რაციონი აღსაზრდელის ინდივიდუალურ საჭიროებებს მოვარგოთ.


- პატარებისთვის პროდუქტს სად იძენთ?
- პროდუქტის შერჩევისას ვცდილობთ, მოვიძიოთ ნატურალური პროდუქტის მწარმოებლები. ბოსტნეულს, ძირითადად, ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, ხოლო რძისა და ხორცის პროდუქტებზე გვაქვს შესაბამისი სერტიფიკატები.


- რა შეზღუდვები გაქვთ კვების რაციონში?
- როგორც გითხარით, ჩვენი რაციონი, ძირითადად, ბავშვთა კვების ზოგად ნორმებზეა მორგებული. აუცილებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნებს. ამიტომ განსაკუთრებული შეზღუდვები არ გვაქვს, თუ მშობლისგან არ არის რეკომენდაციები, აღსაზრდელის კვების თავისებურებებიდან გამომდინარე.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია