ქეთი წულიაშვილი: „თამაში გარე სამყაროს აღქმის საუკეთესო საშუალებაა“

ანბანელა

22 აპრილი 18:08
118

„გასართობი ღონისძიებები ჩვენს ბაღში სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. საბაღო ასაკის აღსაზრდელებისთვის თამაში გარე სამყაროს აღქმის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც შემეცნებით, ასევე სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს“, - „ანბანელას“ აქტიურ ცხოვრებაზე ბაღის დირექტორი ქეთი წულიაშვილი საუბრობს.

- რის მიხედვით არჩევთ თამაშებს?
- სათამაშოები ყველა ასაკისთვის გვაქვს გათვალისწინებული, ამასთანავე, როგორც ვაჟებისთვის, ასევე გოგონებისთვის. გასართობ ღონისძიებებში აღმზრდელების ჩართულობა პატარებისთვის თამაშს გაცილებით საინტერესოს და ნაყოფიერს ხდის. ხშირად ეწყობა თოჯინების თეატრი, აღმზრდელებისა და თავად პატარების მონაწილეობით.


- თეატრსა და კინოში თუ დაგყავთ პატარები?
- დიახ, ასეთი ღონისძიებებიც გვაქვს. ვცდილობთ, არც აქ გავცდეთ სასწავლო და შემეცნებით ფორმატს და ვახერხებთ იმასაც, რომ ყოველი ასეთი გასვლა მათთვის დღესასწაულად ვაქციოთ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, მულტფილმების საერთაშორისო დღეს, ვესტუმრეთ რუსთაველის კინოთეატრს, ახალ მულტიპლიკაციურ ფილმზე „ზოოტოპია“. გარდა იმისა, რომ პატარები გაერთნენ, მათ უკვე ისიც იციან, რომ არსებობს მულტიპლიკაციური ფილმების საერთაშორისო დღე.


- საბავშვო ღონისძიებებზე თუ დაგყავთ პატარები და ეს რა პასუხისმგებლობაა თქვენთვის?
- რა თქმა უნდა, ჩვენი ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობენ ბაღის გარეთ დაგეგმილ, როგორც შემოქმედებით და კულტურულ, ასევე საქველმოქმედო ღონისძიებებში. ცხადია, სხვადასხვა გასვლითი ღონისძიება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით იგეგმება. ხშირად ვსტუმრობთ ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ბავშვთა ქალაქ „მზიურს“. გვაქვს შემეცნებითი ლაშქრობები თბილისის შემოგარენში, მცხეთასა და საგურამოში, სადაც პატარები დიდი ინტერესით ეცნობიან  ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურას.