ეთო გუგავა: „ჩცდ“-ში ჩემი გმირი ვერ განვითარდა...“

ახალი თაობა

24 თებერვალი 20:00
272

მსახიობ ეთო გუგავას ორი შვილი ჰყავს - 12 წლის ნია გუგავა და 2 წლის მელანია-მია ჩლაიძე...

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


  • ნია რომ შემეძინა, 24 წლის ვიყავი. თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ოჯახის შექმნა და ბავშვის გაჩენა კი დიდი სიხარულია, მაგრამ ეს ის ასაკია, როცა კარიერის აწყობაზე უნდა ზრუნავდე. შვილს კი წარმატებული და რეალიზებული დედა სჭირდება.

  • ქალმა შვილი ისეთ ასაკში უნდა გააჩინოს, როცა მიხვდება, რომ კარგ დედობას შეძლებს. კარიერაში შვილის გამო პაუზის აღება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ნიას შემთხვევაში რაც გავაკეთე, არასწორი იყო. დედად მეორე შვილის გაჩენის შემდეგ შევდექი.

  • ნია ცოტა რომ წამოიზარდა, საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდი. სხვადასხვა თეატრებში მიწვევით ვთამაშობდი. ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ ამას ერთი დიდი მინუსი ჰქონდა. ბავშვს კულისებში ვზრდიდი. ნიაზე სათანადოდ ზრუნვას ვერ ვახერხებდი და როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ასე ვერც კარგ მსახიობად შევდგებოდი და ვერც კარგ დედად.

  • „ჯეო-ბარ 3“-ში რომ შევედი, ნია 2 წლის იყო და იმ პერიოდმა ჩემს შვილზე ძალიან იმოქმედა. გარეთ გასვლის საშუალება რომ არ მქონდა, პატარა ნია ქვემოდან მეძახდა, - დედიკოო! რატომღაც საქართველოსაც ყვიროდა. მას რომ ვხედავდი, ცუდად ვხდებოდი და მერე მისი ნახვის უფლებაც დამრთეს. ის პერიოდი ძალიან მაგრად მახსენდება, სასაცილო ჭორებს რომ იგონებდნენ მონაწილეებზე, ისიც კი ძალიან სახალისო იყო.

  • 2013 წელს მუსიკალურ პროექტ „ახალ ხმაში“ რომ ვმონაწილეობდი, ახალი გათხოვილი ვიყავი. ბრმა ქასთინგზე უცნაური კაბა მეცვა, მწვრთნელებმა მკითხეს, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო. გამიკვირდა, რა შემატყვეს-მეთქი, თუმცა მესამე დღეს გავიგე, რომ პატარას ველოდებოდი.

  • ჩემი მომავალი მეუღლე, გიორგი ჩლაიძე, შემთხვევით გავიცანი. ჩვენი რომანი 3 წელი გრძელდებოდა და მერე დავოჯახდით. მელანია-მია მალევე შეგვეძინა. აპრილში 3 წლის გახდება. შვილებს შორის 10-წლიანი ასაკობრივი სხვაობა, მეგონა, კარგი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბავშვები ერთმანეთზე ყოველთვის ეჭვიანობენ, ერთნაირად საყვარლები არიან და ერთნაირად მაბრაზებენ.

  • მეორე შვილი 34 წლის ასაკში მეყოლა. მირჩევნია, მათთან მეტი დრო გავატარო და ბავშვების ჯანსაღ კვებაზე ვიფიქრო. როცა გამოუცდელი დედა ხარ, რისკებს სწორად ვერ აფასებ. ოჯახმა ძალიან შემცვალა. ჩემი მეუღლე პროგრამისტია. ხავერდოვანი, აკადემიური და იმდენად მშვიდი ოჯახი გვაქვს, კონფლიქტებიც კი ლამაზადაა შეფუთული.

  • ნიასა და ჩემს მეუღლეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. გიორგიმ მასზე მამობრივი პასუხისმგებლობა აიღო. ამაში ჩემი შვილიც ხელს უწყობს. სადმე ერთად რომ მივდივართ, რატომღაც ამბობენ, რომ ნია გიოს ძალიან ჰგავს. სახელით მიმართავს, თუმცა მცდელობა აქვს, რომ მამა დაუძახოს, რაც თავისდაუნებურად ხდება. მამამისთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

  • ამ ეტაპზე მხოლოდ ოჯახითა და შვილებით ვარ დაკავებული, თუმცა სერიალსა და რეკლამებში მაქვს ხოლმე გამონათებები. გასულ სეზონზე „ჩემი ცოლის დაქალების“ ორ სერიაში ვითამაშე, თუმცა ჩემი გმირი ვერ განვითარდა, რადგან კონტექსტიდან ამოვარდნილი პერსონაჟი იყო და მისი დაბრუნება რთული იქნებოდა. ეპიზოდური როლით რომ მოიწამლები, გაგრძელებაც გინდა, მაგრამ ასე დამთავრდა.

  • ძალიან მინდა, „ხელოვნურ სუნთქვაში“ ვითამაშო. მეუღლეს დიდი სურვილი აქვს, რომ ჩემი პროფესიით განვვითარდე და ქასთინგებზეც დავდივარ. ბოლო პერიოდში მსახიობობა მომღერლობით ჩავანაცვლე, რადგან ამ ორ პროფესიას შორის ფინანსური ანაზღაურების მხრივ დიდი სხვაობაა. ბენდთან ერთად ვმღეროდი. ახლა კი სხვადასხვა სახის ღონისძიებების წამყვანობასაც ვითავსებ.

  • ნიას მსახიობობა აქვს გადაწყვეტილი. ჩემთან ერთად სპექტაკლში როლებიც აქვს შესრულებული. მაშინ 4 წლის იყო. მელანიას ისეთი მეხსიერება აქვს, ვხუმრობ ხოლმე, თავში ფლეშკა აქვს-მეთქი. არც ერთი სიტყვა არ დაუმახინჯებია. ტვინიკოსობით, ალბათ, მამას ჰგავს. მომთხოვნი, მკაცრი და შეუვალი დედა ვარ, თუმცა ამ ყველაფერს ბავშვები გიოსთან აგვარებენ. საწყალი თვალებით შეხედავენ და ის უარს ვერაფერზე ეუბნება.