ანი გიუნტერი: „დედობრივი ინსტინქტი იმდენად ძლიერია, ყველაფერს თვითონ გაგაკეთებინებს“

ახალი თაობა

4 თებერვალი 18:00, 2016 წელი
178

ტელეწამყვან ანი გიუნტერს 2 შვილი ჰყავს - 5 წლის მარიამი და 3 წლის ლაზარე არაბიძეები.

ფოტოსესია გადაღებულია ავეჯის სახლში „KARE

  • დედა 27 წლის ასაკში გავხდი. იყო მშობელი, არა მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობა, არამედ ცხოვრების სტილია. მთავარი კრედოა, მიუხედავად იმისა, რა ასაკში გახდებით დედა. ამის მერე ცხოვრებაში ყველაფერი თავისით, ბუნებრივად იცვლება.

  • თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა ეს ნაბიჯი და ფსიქოლოგიურადაც მომზადებული ვიყავი. რაც შეეხება შვილის გაზრდის უნარ-ჩვევებს, პრაქტიკა არსად გამივლია და მხოლოდ მე ვზრუნავდი მასზე, ყოველგვარი დამხმარეების გარეშე. დედობრივი ინსტინქტი იმდენად ძლიერია, ყველაფერს თვითონ გაგაკეთებინებს.

  • როდესაც მარიამი ბაღში მივიყვანეთ, მისი პირველი კომენტარი შინ დაბრუნებისას იყო: „არ გამიჭირდა ბაღში ყოფნა, თუმცა ყველა ბავშვი ტიროდა და ყურები მეტკინა“. სანამ შვილებს ბაღში მივიყვანდი, მანამდე ხშირად ვუწყობდი ბაღის იმიტაციებს, ხან მეგობრის ბავშვებთან ვტოვებდი ცოტა ხნით მარტოებს, ხანაც მე ვეთამაშებოდი ისე, თითქოს ბაღში ვიყავით. ამიტომ თავი უცხოდ აღარ უგრძნია.

  • შაბათ-კვირას ვსეირნობთ, მივდივართ თეატრში ან კინოში. მაგალითად, ახლახან ვიყავით „რაპუნცელის“ სპექტაკლზე, სადაც ლაზარეს განსაკუთრებით სავარცხლის როლი მოეწონა და ერთი კვირა დამდევდა თმების დასავარცხნად (იცინის).

  • ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ცელქები არიან, თუმცა სათამაშოებზე სულ ექსპერიმენტებს ატარებენ. მიხარია, რომ რეალური თამაშები უფრო იზიდავთ, ვიდრე გამუდმებით კომპიუტერთან ჯდომა. 


  • ერთხელ ჩემმა დამხმარემ ბავშვებს სადილობის დროს შესთავაზა: „ვინც ყველაზე მალე შეჭამს და პირველი მორჩება, გამარჯვებული იქნებაო“. მაშომ კი უპასუხა: „მე ძალიან არ მიყვარს წაგება, მაგრამ ჩქარა რომ ვჭამო, ხომ შეიძლება გადამცდეს?! ამიტომ მე ნელა შევჭამ“.

  • შვილებს ყოველთვის ისე ველაპარაკები, როგორც ზრდასრულ ადამიანებს და არც ვატყუებ. მაგალითად, სახლში მალე თუ ვერ ვბრუნდები, ვეუბნები, რომ შემაგვიანდება. ყოველთვის ვუხსნი ყველა დეტალს, რომ შემდეგ რამეზე გული არ დასწყდეთ. თუმცა, ხშირად ისეთ შეკითხვებს მისვამენ, რომ ცოტა მერიდება პასუხის გაცემა. ამ დროს თემას ვცვლი, მაგრამ არ ვატყუებ.


  • ბევრად უფრო კარგი და ჯანსაღი ახალგაზრდა თაობა მოდის, რადგან უკვე დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც მათ გაზრდას, ასევე აღზრდასაც. შვილებს საშუალება უნდა მივცეთ, იყვნენ დამოუკიდებლები და საკუთარი თავი თავად იპოვონ. ვუსურვებდი მეტ თავისუფლებას და ნუ იქნებიან დამოკიდებულნი გარკვეულ სტერეოტიპებზე. იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში და მაქსიმალურად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები.