ხატია შამუგია: „მინდა, ყველა შვილი იყოს ისეთი, როგორიც თავის დედას სურს“

ახალი თაობა

11 თებერვალი 18:00, 2016 წელი
102

 „ისი პარის“ პიარმენეჯერ ხატია შამუგიას ერთი შვილი ჰყავს - 14 წლის ნიკა ლომიძე.

     

  • დედა 23 წლის ასაკში გავხდი. იყო მშობელი ცხოვრების ყველაზე დიდი სტიმულია და ყველაფერს მხოლოდ მისთვის აკეთებ.

  • შესანიშნავი ბიჭია, ხასიათით მე მგავს. სულ მინდოდა, მე დამმსგავსებოდა და ახლა ისიც მიზანმიმართული და შრომისმოყვარეა. მან ზუსტად იცის, ამ ცხოვრებაში რა უნდა. იცის, რომ კარგად უნდა ისწავლოს და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. მეც ვეუბნები, რომ განათლებითა და საკუთარი შრომით უნდა მოიპოვოს ყველაფერი.



  • საკმაოდ კომუნიკაბელურია. ჩემგან განსხვავებით, რაშიც არ მგავს, ძალიან დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან. თავის მეგობრებზე არაფერს მიყვება, არ უყვარს ჭორაობა, საიდუმლოს შენახვა იცის და მეც ზედმეტს არაფერს ვეკითხები, პირიქით, ძალიან მომწონს მისი ეს თვისება.




  • ვინატრებდი, მეც ჩემნაირი დედა მყოლოდა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი დედა მყავდა. ჩემს შვილს სრულ თავისუფლებას ვაძლევ და არაფერში ვზღუდავ. რჩევას ხშირ შემთხვევაში მე უფრო ვეკითხები ხოლმე. მაგალითად, სანამ სახლიდან გამოვალ, ვეუბნები: დეე, როგორ გამოვიყურები, მოგწონს? და ისიც გულახდილად მპასუხობს (იღიმის). ძალიან კარგი გემოვნება აქვს და სრულიად ვენდობი.

  • მათემატიკაში ძლიერია, მოსწონს ქიმია, ისტორია, ინგლისურს შესანიშნავად ფლობს. მინდა, რომ უფრო მეტი ენა იცოდეს და ყველანაირად ვუწყობ ხელს. ჩემს ოჯახშიც ასე იყო - პირველ ადგილზე სწავლა-განათლება, შემდეგ - სხვა დანარჩენი. 


  • მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარაა, კარგი მამაკაცური თვალი აქვს. სულ ვეუბნები ხოლმე: დეე, შენნაირი ბიჭი რომ გამეპრანჭოს, ძალიან გამიხარდებოდა-მეთქი.

  •  

    ჩემი შვილის ყველაზე ახლო მეგობარი ვარ. ერთმანეთთან ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე, ერთად ვსეირნობთ, მივდივართ ფილმის სანახავად, შემდეგ პიცერიებში... მოკლედ, შაბათ-კვირას ერთმანეთს ვუძღვნით და ვცდილობთ, მთელი კვირის დანაკლისი ავინაზღაუროთ.

  •  

    ვფიქრობ, ბევრად უფრო ლაღი თაობა მოდის, უფრო თამამები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით. მინდა, რომ ყველა შვილი იყოს ისეთი, როგორიც თავის დედას სურს. დედას ყოველთვის საუკეთესო შვილი უნდა და თუ ბავშვიც სწორედ ისეთია, როგორც დედას სურს, ესე იგი, ბავშვი საუკეთესოა.