მარიამ როინიშვილი და ელენე მახარაძე - „მიკერებული“ დედაშვილობა

ახალი თაობა

3 მარტი 18:00, 2016 წელი
122

ახალგაზრდა სოპრანოს მარიამ როინიშვილს ერთი შვილი ჰყავს - 5 წლის ელენე მახარაძე.


 


 


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „ლაქშერი

  • დედა 20 წლის ასაკში გავხდი, თუმცა, ვფიქრობ, რომ დედობისთვის ჯერ კიდევ ადრე იყო. ცოტა ფსიქოლოგიური სტრესიც განვიცადე.

  • თავიდან მეგონა, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ასე არ მოხდა. მე და ელენემ ერთად დავძლიეთ ყველა პრობლემა და დღეს ერთმანეთის მეგობრებიც ვართ.  

  • მას შემდეგ, რაც შვილი მყავს, რადიკალურად შევიცვალე. ადრე სახლიდან  სულ სხვა განწყობით, სხვა პასუხისმგებლობით გავდიოდი და ახლა - სულ სხვა... აქ უკვე მთავარ როლს დედური ინსტინქტი თამაშობს, რადგან შენ შენი შვილი გაბარია, რომელზეც უნდა იზრუნო, დაიცვა და სულ გვერდით გყავდეს. საკუთარ თავსაც უნდა გაუფრთხილდე, რომ მასთან იყო და შენი არყოფნით, არაფერი მოაკლდეს.  

  • დედაშვილურ გრძნობას სიტყვებით ვერ გამოხატავ, ვერც მხოლოდ სიყვარულის უწოდებ, რადგან ეს ბევრად მეტია, აბსოლუტურად სხვა ფენომენია. ესაა გრძნობა, რომელიც ყველამ უნდა გამოსცადოს.

  • ელენე დადის ბალეტზე, სიმღერაზე. ბაღში არასდროს უვლია. ცოტა „მიკერებული დედაშვილობა“ გვაქვს (იღიმის). თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ბაღში სიარული ცუდია, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტეთ.

  • ელენეს ვეუბნები ხოლმე, თამრიკო ჩემი და შენი დედაა-თქო. ღმერთს სულ მადლობას ვუხდი, რომ ასეთი დედა მყავს, რომელიც სულ ჩემ გვერდით არის. ჩემთვის თამრიკო დედობის მაგალითია.

  • ვფიქრობ, რომ კარგი დედა ვარ და ყველაზე რთული პერიოდები ჯერ კიდევ წინ მაქვს. ყველაზე მეტად ელენეს გარდატეხის პერიოდისა მეშინია და ყველანაირად ვეცდები, რომ ამისთვისაც მზად ვიყო.

  • ალბათ, კიდევ მის გათხოვებასთან შეგუება გამიჭირდება (იღიმის). მე ყოველთვის დავარიგებ და ავუხსნი, რა არის კარგი და რა - არა, დანარჩენი კი ყველაფერი მისი გადასაწყვეტია. იმასაც ავუხსნი, რატომ არ უნდა გათხოვდეს ადრე. მართალია, მე გააზრებული მქონდა ეს ნაბიჯი, მაგრამ 20 წელი მაინც პატარა ასაკი იყო.

  • იყო პერიოდი, როდესაც ელენე ძალიან მორცხვი ბავშვი იყო, მაგრამ ახლა ძალიან კომუნიკაბელური და ხალისიანია. რომ ვუყურებ, ჩემი ბავშვობა მახსენდება, ვერცხლის წყალივით ვიყავი.

  • მამამისს რომ ჰკითხოთ, თავის ბავშვობას აგონებს. ელენე მთელი დღე ცეკვავს და მღერის. ასევე, ძალიან კარგი მსმენელი და მაყურებელია.

  • ძალიან უყვარს თეატრში სიარული, პატარაობიდანვე მთხოვდა, თეატრში წამეყვანა. ახლა, რაც ოპერა გაიხსნა, იქაც მთხოვს წაყვანას. დაინტერესებული რომ არ იყოს, არ დავაძალებდი სიარულს. როცა თვითონ მოუნდებოდა, მაშინ წასულიყო. მაგრამ ეს პერიოდი ნაადრევად დაუდგა.

  • ხანდახან არ მოსწონს, როდესაც მე საოპერო ვოკალის პედაგოგთან ქალბატონ დოდოსთან გაკვეთილზე ვარ და ვმღერი, ცოტა ეჭვიანობის ფაქტორი აქვს. ალბათ, ეს მისი მხრიდან პროტესტია. უნდა, მთელი დრო მას დავუთმო (იღიმის).

  • სცენაზე რომ მხედავს, მოსწონს და ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ მითხრა კიდეც: „სანამ სცენაზე გამოხვიდოდი, ღმერთს ვთხოვე, ნეტავ ჩემმა დედიკომ კარგად იმღეროს-მეთქი“ - ეს სიტყვები ჩემთვის შეუფასებელია, არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ეს ბედნიერი წუთები შემიცვალოს.

  • ახალგაზრდა თაობას ვუსურვებდი, გაცილებით ნაკლები პრობლემებით და უფრო მეტად მშვიდ გარემოში იცხოვრონ. დარწმუნებული ვარ, ისინი თავად შექმნიან ახალ ცხოვრებას, რადგან ახალი სისხლის თაობა მოდის.