მანანა კოზაკოვა: „რაც უფრო დიდხანს გრძელდება ბავშვობა, მით უფრო მეტს გმატებს მერე ცხოვრებაში...“

ბავშვობის ფოტოები

8 თებერვალი 18:00, 2016 წელი
132

„ბავშვობაში მამასთან ერთად ვარ ნამყოფი გადაღებაზე,  ლერმონტოვის „მასკარადში“ პატარა ეპიზოდში ვიყავი ჩართული... მეცვა ძველებური კაბა, გადაღებისთვის გაკეთებულ თმას არ ვიშლიდი, ასე მეძინა და ვიყავი ბედნიერი...“ - საკუთარ ბავშვობას, ოცნებებსა და შეგრძნებებს მსახიობი მანანა კოზაკოვა იხსენებს.


ბავშვობაში ვოცნებობდი...
ალბათ როგორც ყველა გოგო, ზოგჯერ მინდოდა, ბალერინა  ვყოფილიყავი, მერე - მოციგურავე, მერე კი მსახიობი. ბავშვობაში სიყვარულზე არ მიფიქრია. როცა გავიზარდე, ალბათ, პროფესიასთან ერთად, პრინცს ველოდებოდი თეთრ რაშზე, როგორც ყველა გოგო. და სულ ვფიქრობდი - ნეტა, რა ასაკისაა, ნეტა, ახლა სად არის, ნეტა, ამ წიგნს თუ კითხულობს...


ჩემი ცელქობის გამო... დედაჩემისგან ვიცი, რომ ძალიან დამჯერი ბავშვი ვიყავი. არ ჰქონია პრობლემა, დიდად არ ვცელქობდი, არ ვძვრებოდი, სადაც არ იყო საჭირო. მშვიდი ბავშვი ვიყავი.


თამაშები, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა... ვერთობოდი, როგორც ყველა ბავშვი. ჩვენ ძალიან კარგი ეზო გვქონდა, სათამაშო მოედანი. ძირითადად, სპორტული აქტივობებით ვიყავით დაკავებულები. ისე მეცოდებიან ბავშვები, რომლებიც  გამოკეტილები არიან. დროს არა ჭორაობაში, არამედ თამაშში ვატარებდით - ბადმინტონი, წრეში ბურთი, დაჭერობანა... ვთამაშობდი ძალიან დიდ ასაკამდე. მახსოვს, დედაჩემმა მითხრა ერთხელ: უკვე უხერხულია, რომ დახტიხარო... ვერაფრით ვეშვებოდი ბავშვურ თამაშებს. ეს კარგია... ყველა ბავშვი ცდილობს, რომ მალე გაიზარდოს, მაგრამ სინამდვილეში, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ბავშვობა, მით უფრო მეტს გმატებს მერე ცხოვრებაში, რადგან  ბავშვობასთან კავშირში არის ყველაფერი კეთილი და უღრუბლო. მშობლების ამოცანაც ალბათ ეს უნდა იყოს, რომ შვილებს დიდხანს შეუნარჩუნონ ბავშვობა.


 


 


ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... მენატრება განწყობა, რომელიც ყველა ბავშვს აქვს. როდესაც უფროსი თაობა საბჭოთა კავშირს ნოსტალგიით იხსენებს, სინამდვილეში საბჭოთა კავშირის სისტემა კი არა, თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობა ენატრება. ჩვენც კი რომანტიკულადგვახსენდება ის, რაც 90-იანებში გამოვიარეთ, ჩვენი ახალგაზრდობის დროს. ახალგაზრდობა და ბავშვობა ისეთია, როგორი პირობებიც არ უნდა იყოს, მაინც გიხარია და გიყვარს. აზრები განსაკუთრებულად უღრუბლოა, რომანტიზმით სავსე... მერე უკვე ცხოვრება ყოფითი ხდება, ვეღარ ოცნებობ, ცაში იშვიათად იყურები. და, რა თქმა უნდა, მინდა, არ მავიწყდებოდეს, თუ რა ბედნიერებაა, როდესაც შიშველი ფეხით ბალახზე გაივლი და შეიგრძნობ...


პირველი შეხება სცენასთან... ალბათ ინსტიტუტში. თუმცა მანამდე გადაღებებზე ვარ ნამყოფი მამაჩემთან ერთად. მამაჩემი იღებდა ფილმებს და რაღაც ეპიზოდშიც ვარ ჩართული - ლერმონტოვის მიხედვით „მასკარადი“ გადაიღო. მე მეცვა ძველებური კაბა, გადაღებისთვის გაკეთებულ თმას არ ვიშლიდი, ასე მეძინა და ვიყავი ბედნიერი. პირველი შეხება ასეთი იყო...


ჩემი მესაიდუმლე იყო... ყველაზე ახლოს  დედასთან და ბებიასთან ვიყავი. მე, ფაქტობრივად, ორი დედა მყავდა. ბებიაჩემმა ძალიან ბევრი რამ ჩადო ჩემში. დედაჩემი ჩემთვის ადამიანია, რომელსაც გინდა, მიბაძო და დაემსგავსო. მამასთან ურთიერთობა უკვე მერე ჩამომიყალიბდა. საიდუმლო და საერთოდ ასეთი რაღაცები მას ნაკლებად აინტერესებდა. ძირითადად პოეზიას, პუშკინის ზღაპრებს გვიკითხავდა და ეგონა, რომ ამით ვერთობოდით, მერე უკვე - სასიყვარულო ლექსებს. მამასთან  უფრო პროფესიული ურთიერთობა მქონდა. სხვა თემები არ აინტერესებდა. იგი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და დიდი მაგალითი ჩემთვის. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდაში. რამდენიც არ უნდა უთხრა, რომ სიგარეტის მოწევა ცუდია, თუ კი თქვენ ეწევით, თქმას აზრი არ აქვს. როცა ხედავ, რომ ადამიანი პროფესიის ასეთი ერთგულია და მხოლოდ მას სწირავს თავის ნიჭს და ენერგიას, ეს აღქმა მთელი ცხოვრება მოგყვება.


ბავშვობის სიყვარული... ბავშვობაში ერთი ბიჭი მომწონდა - იგარიოკი (იცინის). რატომ? კაცმა არ იცის, მაგრამ მომწონდა. მერე უკვე 13, 14, 15 წელი - ისეთი ასაკია, რომ სულ გიყვარს. გიყვარს წიგნიდან, გმირიდან, აზრებიდან გამომდინარე, რეალური შეხება კი არ გინდა, უბრალოდ მოგწონს და ამით ხარ ბედნიერი...