ბავშვობაში ვოცნებობდი... მახსოვს, რომ სულ სარკესთან ვიდექი და ვცეკვავდი. ბალერინობა მინდოდა, მაგრამ, რატომღაც, მშობლებმა ბალეტზე არ შემიყვანეს. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ჩემით სულ ვცეკვავდი. მერე პედაგოგობა მინდოდა. დავსვამდი ეზოში ბავშვებს და ვამეცადინებდი. რაც შეეხება მსახიობის პროფესიას, მსახიობობა არ მინდოდა. ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა იყოს ძალიან ლამაზი, განსაკუთრებული და რადგან მე განსაკუთრებული არ ვიყავი, არ მქონდა ეს სურვილი. თუმცა ფილმმა „მანანამ“ მაინც განაპირობა ის, რომ გავხვდი მსახიობი. ეს გადაწყვეტილება ფილმის შემდეგ მივიღე. თეატრალურში ჩაბარება კი ქალბატონმა სესილია თაყაიშვილმა მირჩია, რომელიც ფილმში ჩემი ბებიის როლს თამაშობს.
ჩემი ცელქობის გამო... აბსოლუტურად არ ვიყავი ცელქი ბავშვი. ვიყავი ძალიან წყნარი და მშვიდი. ჩემს მშობლებს ჩემგან პრობლემები არასდროს ჰქონიათ. ძალიან კარგი მშობლები მყავდა და ბედნიერი ბავშვობა მქონდა.
ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... ძალიან მენატრებიან ჩემი მშობლები, რომლებიც აღარ არიან, სამწუხაროდ. მენატრება, ასევე, იმდროინდელი თბილისი - ის იყო განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი. პიონერთა სასახლეში დავდიოდი - მაშინ ასე ერქვა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს. კონცერტებზე გამოვდიოდით, გასტროლებზეც დავდიოდით. ეს იყო პიონერთა სასახლის ცეკვისა და სიმღერის არაჩვეულებრივი ანსამბლი. უკვე ჩვენს მერე წამოვიდა „მზიური“ და სხვა ანსამბლები. ასე რომ, შემოქმედებითი ცხოვრება 12 წლიდან დავიწყე.
პირველი გადაღება... 12 წლის ასაკში გადამიღეს ფილმში „მანანა“. გადაღებისას ძალიან ვღელავდი, თან სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს... არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად მომიწია მუშაობა, ნამდვილ ვარსკვლავებთან: სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჩახავა, იპოლიტე ხვიჩია, იაკობ ტრიპოლსკი. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ფილმი ძალიან პოპულარული გახდა და იმ საბავშვო სიმღერას წლების შემდეგაც მღერიან.
ნანული სარაჯიშვილი დედასთან ერთად
ნანული (მარცხნივ) დასთან ერთად
ნანული დედასთან და დასთან ერთად
კადრი ფილმიდან „მანანა“