მარინა კახიანი ბავშვობის წლებში

ბავშვობის ფოტოები

21 დეკემბერი 18:00, 2015 წელი
138

ჩვენი ბავშვობის დროინდელი მოგონებები ჯადოსნურია, თითქოს მაშინ უფრო ლამაზად ხდებოდა ყველაფერი, - გვიყვება მსახიობი მარინა კახიანი...


ბავშვობაში ვოცნებობდი...
ძალიან ბევრს... და საბედნიეროდ, დღესაც პატარა გოგონასავით შემიძლია, დიდხანს ვიხეტიალო ქუჩებში და ვიოცნებო, რა თქმა უნდა, დღეს უფრო მოკრძალებულად. ჩემი ოცნება ჩემს პროფესიას უკავშირდებოდა ყოველთვის და ახლაც ასეა. ამა თუ იმ როლზე ვოცნებობ. ვრეჟისორობ მე თვითონ - სცენაზე ამის საშუალება ნაკლებად არის. ჩემს ოცნებებში მე თვითონ ვდგამ სპექტაკლებს ან ვიღებ ფილმებს.


ხელოვნებას ვეზიარე... ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიმიყვანეს. მანამდე სახლში სულ ვცეკვავდი... პარტნიორები იყვნენ ხან მამაჩემი, ხან ჩემი ძმები. „ამიყვანეთ“, - ვეუბნებოდი, - „ასე დამიჭირეთ“. ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. დედაჩემს კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული, ძალიან კარგი მომღერალი იყო, მაგრამ ოჯახის გამო დაანება თავი თავის პროფესიას. მამაჩემი დირიჟორი და კომპოზიტორი იყო. პირველად ბალეტზე რომ წამიყვანეს, ეს იყო „კონკია“ - თუ არ ვცდები, „ბროლის ქოში“ ერქვა სპექტაკლს, იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან, რაც იმ ამაღლებულ სივრცეში ხდებოდა, რომ მთელი ღამე სიცხე მქონდა. ძალიან ემოციურად აღვიქვი ეს ყველაფერი. ალბათ, მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი ხელოვნებისთვის მიმეძღვნა.


ჩემი პედაგოგები იყვნენ... ფანტასტიკური პედაგოგები შემხვდნენ... დავამთავრე ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ძალიან გამიღიმა ბედმა და ბოლოს რამდენიმე წელი თვით ვახტანგ ჭაბუკიანის მოწაფე ვიყავი. აღარ მერიდება ამდენი წლის მერე და ვიტყვი, რომ ძალიან კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ თვით ბატონი ვახტანგი და სხვა პედაგოგები. მაგრამ, სასწავლებელი რომ დავამთავრე, მოულოდნელად თეატრალურში ჩაბარება გადავწყვიტე. ჩემი მშობლები ცოტა გაოგნებულები დარჩნენ. ბალერინას ძალიან სერიოზული შრომა უწევს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მეზარებოდა, ნამდვილად არა - მსიამოვნებდა და მომწონდა. მაგრამ უცბად გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება. მერე სულ მეკითხებოდნენ - „რატომ?“ ვამბობდი, რომ ბალერინა პეპელას ჰგავს, მისი დღეები დათვლილია. მაგრამ ეს, ალბათ, ჩემი სიჯიუტის გამო მოხდა, გადავწყვიტე საკუთარი მომავალი თვითონ დამეგეგმა. ახლა, ალბათ, უკვე პენსიაზე ვიქნებოდი, როგორც ბალერინა. როგორც მსახიობი კი, ჯერჯერობით, არ ვითვლები ასაკოვან მსახიობად (იცინის).


რუსთაველის თეატრი... ეს თეატრი ყოველთვის მიყვარდა. სანამ მსახიობი გავხდებოდი, ნანახი მქონდა „ანტიგონე“, „კავკასიური ცარცის წრე“ და მერე თავად აღმოვჩნდი  „კავკასიური ცარცის წრის“ მონაწილე. ერთხელ სკოლის ასაკში ოჯახის ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც ბიძაჩემი ოთარ შამათავა და მისი მეგობრები იყვნენ, წავიკითხე ლექსი. ლექსებს ბავშვობიდან ვკითხულობდი. სტუმრებმა გამოთქვეს გაკვირვება - რატომ არ აბარებს თეატრალურში, ჩააბაროსო?! ეს, რა თქმა უნდა, არ იყო გადამწყვეტი, თუმცა ხანდახან ასეც ხდება ცხოვრებაში - პატარა ნიშანი გიბიძგებს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისკენ.


ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... ძალიან ბევრი რამ მენატრება... პირველ რიგში, ადამიანები, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით არ არიან. დედა 2 წლის წინათ გარდამეცვალა. მანამდე მამა, ბებია და ბაბუა. უცნაური რამ ხდება - თითქოს ახლახან იყო და თან თითქოს ეს ჯადოსნური შორეული სამყაროა. საბჭოთა კავშირის ბავშვობა მქონდა. ახლა უკვე ცოტა იუმორით ვუყურებთ მაშინდელ საბჭოთა ბავშვების ყოფას, მაგრამ მაშინ ჩვენ ამას ვერ აღვიქვამდით. ძალიან კარგ და დიდ ოჯახში ვიზრდებოდი, ხშირად მოდიოდნენ სტუმრები, ბებიას და, ძმები, მათი შვილები, შვილიშვილები, ბიძაჩემი თავისი შვილებით. ბებიაჩემი მეგრელი ქალბატონი იყო, ფანტასტიკური კულინარი... ძალიან მინდა, გადავხტე 30 წლით უკან და მეტიც - ჩემს ბავშვობაში... მე ამ უბანში ვცხოვრობდი და მენატრება ის ადამიანები, ვინც მაშინ რუსთაველზე დადიოდნენ, უფრო მოკრძალებულები იყვნენ. დღევანდელი გადასახედიდან თითქოს ისინი უფრო საინტერესოდ მეჩვენებიან. შეიძლება ეს ასე არ არის, მაგრამ... ისევ იქამდე მივდივართ, რომ ჩვენი ბავშვობისდროინდელი მოგონებები ჯადოსნურია, თითქოს მაშინ უფრო ლამაზად ხდებოდა ყველაფერი.


საყვარელი ადგილი ბავშვობაში... 5 წლის ასაკიდან ვისვენებდი ოქროყანაში - იქ იყო სამთავრობო აგარაკები. ყოველ წელს დავყავდი მშობლებს. იქ თითქოს პატარა სამოთხე იყო - ძალიან კარგად მოვლილი, ლამაზი. ბევრი მეგობარი მყავდა და ზაფხული რომ მოდიოდა, ერთი სული გვქონდა ბავშვებს, იქ წავსულიყავით. ის ყველაფერი ლამაზი და მშვენიერი იყო: ჩვენი თამაშებიც, ჩვენი მეგობრობაც.


„შატალოს“ გახსენებაზე... ქორეოგრაფიულის პირდაპირ აღმაშენებელზე მაშინ გორკის კლუბი იყო, კინოთეატრით და ბაღით. როდესაც გაკვეთილებიდან გამოვიპარებოდით, უფრო ხშირად კინოში მივდიოდით ან ბაღში ვსეირნობდით. ბოტანიკურ ბაღშიც ვიყავით რამდენჯერმე, გვირაბს გავდიოდით და იმ სილამაზეში აღმოვჩნდებოდით...


ჩემი საყვარელი ზღაპარი იყო... ახლა რომ ვფიქრობ, საკმაოდ ბოროტი ზღაპრებიც არსებობს. მაგრამ ამას მაშინ, ალბათ, ვერ ვხდებოდი. ის ნაწილები მომწონდა, სადაც ყველაფერი მშვენიერი იყო და კეთილად მთავრდებოდა. ძალიან მიყვარდა „კონკია“. სხვათა შორის, ახლა ბატონი რობიკო საჩუქარს უკეთებს ბავშვებს და დგამს „კონკიას“. მე, რა თქმა უნდა, კონკიას ვეღარ ვითამაშებ... ახლა დედინაცვალს ვთამაშობ (იცინის).


ბავშვობის სიყვარული... სიყვარული რამდენად იყო, არ ვიცი, მაგრამ სულ პირველად საპირისპირო სქესის აღქმა იყო პირველ კლასში 1-ელ სექტემბერს, როდესაც ერთი ყმაწვილი მომეწონა. დღესაც მახსოვს ის შეგრძნება: შესვენებაზე რომ გამოვედი, კედელთან ვიდექი თვალებდახრილი, ოღონდ ვაკონტროლებდი, მიყურებს თუ არა ის ყმაწვილი მე. მერე ისევ ოქროყანაში ისევ პატარა ვიყავი - 11 თუ 12 წლის, როდესაც ერთი ყმაწვილი მომწონდა. მასაც მოვწონდი. ჩვენი სიყვარული შემოიფარგლებოდა იმით, რომ კინოში ხელჩაკიდებულები ვისხედით. ეს უკვე ბევრ რაღაცას ნიშნავდა...


პატარა მარინა კახიანი კოჯორში 



მარინა კახიანი დასასვენებლად ბორჯომში



კადრი სპექტაკლიდან „დონ კიხოტი“