ლადო ბურდული: „თუ რამის გაკეთება გინდა, კარგად უნდა გააკეთო“

ბავშვობის ფოტოები

1 თებერვალი 18:00, 2016 წელი
111

„მუსიკა ბავშვობიდან ჩემი ცხოვრება იყო... სულ სცენა, სულ მუსიკა იყო, სულ ვუკრავდი... ძალიან დამეხმარნენ დედა და მამა, რომ ჩემი არჩევანი გამეკეთებინა“... - საკუთარი მუსიკალური და შემოქმედებითი წარსულის შესახებ მუსიკოსი ლადო ბურდული გვიამბობს.

ბავშვობაში ვოცნებობდი... როგორც ვიცი, კონტაქტური ბავშვი არ ვიყავი. სულ ვფიქრობდი, ფანჯარაზე ვიჯექი, ცას ვუყურებდი და ვოცნებობდი. ბავშვობაში მინდოდა, გმირი გამოვსულიყავი, პროფესია მქონოდა - გმირი, მაგრამ, როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ გმირი უკვე ვიყავი, რადგან ამ ქვეყანაში დავრჩი და რაღაც უფრო მეტი იყო საჭირო. მთელი ცხოვრება ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. ამ ქვეყანაში დარჩენა ფიზიკურად წარმოუდგენლად მიმაჩნდა და მინდოდა, წავსულიყავი. მერე შევირთე ჩემი პირველი მეუღლე, შვილი გაგვიჩნდა, მერე აღმოჩნდა, რომ ვერსადაც ვეღარ მივდივარ და დავრჩი საქართველოში. დავიწყე ფიქრი იმაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი პროფესია. დაახლოებით, ათ ფილმში ვარ გადაღებული, საბჭოთა კინემატოგრაფის ისეთ არტისტებთან მაქვს ნათამაშები, როგორებიც არიან როლანდ ბიკოვი, ლეონიდ კურავლიოვი. ცხონებული გოდერძი ჩოხელის ფილმში ორჯერ ვითამაშე, ცხონებული ალეკო ნინუას ფილმშიც - „მე მოვედი“, რომელიც დღემდე საკულტო ფილმად მიიჩნევა. დღემდე ხალხს ამ ფილმით ვახსოვარ... ასევე, „არსენას ლექსში“ - ქალბატონ ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში. პრინციპში, ყველა რეჟისორი, ვინც ვახსენე, გარდაცვლილია, უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები...


მუსიკა ბავშვობიდან... ჩემი ცხოვრება იყო. ეს იყო ჩემი ბავშვობა... სულ სცენა, სულ მუსიკა, სულ ვუკრავდი, ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან ბევრ რაღაცაში ვმონაწილეობდი - ფოლკლორული ჯგუფები, ფორტეპიანო, კონტრაბასი, ნიჭიერთა ათწლედი, ოპერა სიმღერა. ეს იყო ჩემი ცხოვრების სტილი. ჩემი მშობლები ძალიან არტისტულები არიან და მუსიკა ბავშვობიდან სულ მესმოდა. დედა და მამა ძალიან დამეხმარნენ არჩევანის გაკეთებაში. საწყის ეტაპზე მუსიკა ჩემთვის წვალება და ტანჯვა იყო, არ მიყვარდა 3 და 4 საათი ვარჯიში ფორტეპიანოზე და კონტრაბასზე. იყო დრო, როდესაც დღეში 12 საათს ვუკრავდი - გამოცდების წინა პერიოდში. ნიჭიერთა ათწლედში ისეთი პროგრამა იყო, რომ სხვანაირად არ გამოდიოდა, უნდა გემეცადინა.
მუსიკის იქით რა ხდებოდა, არც მაინტერესებდა. თანამედროვე მუსიკაში უფრო ვხედავდი იმას, რაც მე ვარ, და იმას, რაც მინდა, ვიყო. თუ რამის გაკეთება გინდა, კარგად უნდა გააკეთო. შევქმენი ჯგუფი „რეცეპტი“, რომელმაც დიდი რევოლუცია მოაწყო, თანამედროვე ქართული მუსიკა გააცოცხლა და ბევრი თაობა გაზარდა. „რეცეპტის“ მუსიკა ძალიან ენერგიულია, ჯანმრთელი, კეთილშობილური და მებრძოლი სული აქვს!
საერთოდ, ვაკეთებ იმას, რაც, ჩემი აზრით, დღეს მსოფლიოსთვის აქტუალურია. ეს არის სწორი გზა, რათა საქართველო იყოს უფრო მეტად ცივილიზებული, პროგრესული და უფრო მეტად გახსნილი.
„ფაბრიკაც“ ამას ემსახურებოდა, რითიც მეორე არხზე უზარმაზარი რევოლუცია მოვახდინეთ. იქ გაკეთდა გადაცემა „ოქროს ბიბილო“ - ახალი მუსიკა მივიტანეთ, ახალი ენერგია, ახალი იდეები, რასაც მოჰყა ჰიტპარადები. ეს იყო ჩემი 5-წლიანი ბრძოლის შემდეგ. იმხელა შედეგები მიიღეს, რომ მამუკა ღლონტმა, რომელიც ტოტო-ლოტოში გამოდიოდა და „პა-სეანსის“ იუმორისტული გადაცემები ჰქონდა, მთლიანად მუსიკაზე მოახდინა ორიენტირება და მუსიკალური არხი გახსნა. უზარმაზარი ენერგიის, შრომისა და ბრძოლის შედეგად მივაღწიე იმას, რომ ამ ადამიანების ტვინები შემეცვალა.


ბავშვობის სიყვარული... აღარც მახსოვს. ერთადერთი ვიცი, რომ სულ მომწონდა ქერა, ცისფერთვალება გოგონები, ტუჩის ზემოთ ხალი რომ ჰქონდათ. და უფრო მეტად ამიტომ მინდოდა დასავლეთში წასვლა, რადგან საქართველოში ეგეთები ნაკლებადაა.


ბავშვობიდან მოვიპარავდი...  ამდენ სნობთან, „გასვეცკებულ გოიმთან“, ამბიციურ, უცოდინარ ხალხთან ბრძოლაში სილაღე დამაკლდა. როდესაც საზოგადოება ისე გეომება, როგორც პირად მტერს, იღლები.