ნინა ყიფიანი - წარმატებული იურისტი ძლიერი ინტუიციით

ბიზნესლედი

1 ივლისი 16:00, 2015 წელი
157

იურიდიული კომპანია „ყიფიანი და პარტნიორების“ დამფუძნებელ ნინა ყიფიანისთვის იურისტობა ოჯახური ტრადიციაა, თუმცა ნინას წარმატებაში დიდი როლი არა მარტო მამამ, არამედ შეუპოვრობამ, მებრძოლმა სულმა და შრომისმოყვარეობამ ითამაშა.

- მამაჩემი, ჯიმი ყიფიანი, საკმაოდ დიდ თანამდებობაზე იყო ამ სფეროში. ეს ჩემთვის, დიდ სიამაყესთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაც გახლდათ - უნდა დამეჭირა ძალიან მაღალი თამასა, რომ მამა არ შემერცხვინა.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჩემი იურისტობისა, მიაჩნდა, რომ ეს უხერხულობას ქმნიდა. ამიტომ ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე თსუ-ში, წარჩინებით დავამთავრე და კათედრაზე დავრჩი. რაღაც მომენტში კი მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, ამიტომ მამას აღარ ვკითხე და ჩუმად ჩავაბარე იურიდიულზე, თან ჩემით მოვემზადე. მამამ ლექტორებისგან შეიტყო ეს ამბავი.

- როგორ დაიწყო იურიდიული კომპანია „ყიფიანი და პარტნიორები“? 
- დიდი ხანია, ამ სფეროში ვმუშაობ და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს საჯარო სამსახურში. ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვმუშაობდი, თუმცა რაც ადგილმდებარეობა შეიცვალა, კერძო ბიზნესში გადავედი. 2012 წელს მივხვდი, რომ შემეძლო, საკუთარი საქმე დამეწყო. ცხადია, ეს ყველაფერი მამას გარეშე ვერ გამოვიდოდა. შეიკრიბა ოჯახური საბჭო სრული შემადგენლობით, ჩავატარეთ კრება და გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა იურიდიული კომპანია მე, მამას და ჩემს დას ნათიას. ჩემი და პროფესიით იურისტი არ არის, ექიმია, თუმცა მან საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი გაიარა და ადმინისტრაციულ საკითხებში გვეხმარება. ასე დაიწყო ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ... 
მე თვითონ ბიზნესსამართლის განხრით ვმუშაობ, გვყავს კორპორაციული კლიენტები. აქტიურად ვთანამშრომლობთ მამუკა მდინარაძის საადვოკატო ბიუროსთან, რომელმაც „ადვოკატთა ალიანსი“ დააფუძნა და საზოგადოებრივად ძალიან აქტიურია. მამუკა სისხლის სამართალში არაჩვეულებრივი პროფესიონალია. საღამოობით ვიკრიბებით და გავდივართ როგორც ჩემს, ასევე მის საქმეებს.
ბიუროში მუშაობენ ძალიან გამოცდილი ადვოკატები, რომელთა საქმიანობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კომპანიის წარმატებას.
კადრების შერჩევისას ინტუიციას ვენდობი და ადამიანებში თითქმის არასდროს ვცდები.
ვგიჟდები ახალგაზრდებზე და ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი თაობა მოდის. მათ ისეთი იდეები აქვთ ხალას თავებში, რომ მე შეიძლება, ვერც მოვიფიქრო. სულ ვეუბნები, თქვით, რასაც ფიქრობთ და ნუ ფიქრობთ, რომ სისულელეს იტყვით-მეთქი. ვამაყობ ჩემი გაზრდილი კადრებით.
გარდა ამ ბიზნესისა, მე და ჩემმა დამ, ჩვენს უახლოეს მეგობარ თიკა რუხაძესთან ერთად, გავაკეთეთ კაფე „ბრასერია კოპალა“, რომელიც დასვენებისა და განტვირთვის არაჩვეულებრივი ადგილია ჩვენი ახლობლებისა და მეგობრებისთვის.


- მამას ორი გოგო ჰყავდით... ბიჭივით გზრდიდათ რომელიმეს?
- ორივეს. მე და ჩემი და ველოსიპედებზე ვისხედით, მეათე კლასში ორივეს მოტოციკლეტი გვყავდა, პირველ კურსზე უკვე საჭესთან ვიჯექი. მაშინ ძალიან იშვიათი იყო ქალი საჭესთან. რა თქმა უნდა, ეს მეამაყებოდა და ცოტას ვიპრანჭებოდი კიდეც.


- მამას რა თვისებებით ჰგავხართ?
- ბევრი რამით. უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობის გამძაფრებული აღქმითა და პრინციპულობით.
ის, ჩემგან განსხვავებით, ძალიან პატარა ასაკიდან იყო მაღალ თანამდებობაზე და ძალიან საინტერესო გზა აქვს გამოვლილი, როგორც ცხოვრებისეული, ისე სამსახურებრივი. მამა ჩემთვის ყველაზე ავტორიტეტული პიროვნებაა. დღემდე, ოთახში რომ შემოდის, ფეხზე ვდგები. ბევრჯერ გამიგონია მისი მეგობრებისგან, როგორ ამაყობს ჩემით, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია, თუმცა პირდაპირ იშვიათად მაქებს ხოლმე.


- სამუშაო მიგაქვთ ხოლმე სახლში?
- არავითარ შემთხვევაში, არც ერთი წუთით. მქონდა ეგ ეტაპი და მივხვდი, რომ სწორი არ არის. ორი ბიჭი მეზრდება და ჩემთვის მათზე მნიშვნელოვანი არაფერია. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან აქტიური კონტაქტი გვაქვს. 


- მეუღლეც თქვენი სფეროს წარმომადგენელია?
- არა, მაგრამ ნუგზარს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. 16 წლის ასაკში გავიცანი და 29 წლის ასაკში დავქორწინდით. ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია იმან, რომ ამდენ ხანს მეგობრები ვიყავით. სულ მეუბნებოდა, ნინა, შენ ყველაფერს შეძლებ, გამოგივაო. მოკლედ, მშობლების არ იყოს, მეუღლის შემთხვევაშიც ძალიან გამიმართლა.


- ტელეკომპანია „იბერვიზიაში“ მუშაობდით. ჟურნალისტური გამოცდილებაც გაქვთ?
- „იბერვიზიაზე“ მუსიკალურ გადაცემას ვაკეთებდი, რომელიც რამდენიმე წელს გადიოდა ეთერში.
იმ დროისთვის უნივერსიტეტში ვმუშაობდი, პასიური ლაბორატორიული სამუშაო არ მაკმაყოფილებდა, ამიტომ პირდაპირ მივაჭერი ტელეკომპანიაში და ვთხოვე, ეგებ რამე საქმე გამომინახოთ-მეთქი.
ჩემგან ძალიან ამბიციური და, ალბათ, თავხედურიც იყო ეს განაცხადი, მაგრამ, ფაქტია, გამოვიდა.
ღამეებს ვათენებდით, გვარდიის სარდაფებში გვქონდა სამონტაჟო, „მონიტორის“ სტუდია, ღამურები დაფრინავდნენ ჩვენს თავზე, თაგვები დარბოდნენ და ჩვენ ვმუშაობდით. იმ პერიოდმა კარგად გამომაწრთო.