ცხოვრებაში მთავარია, მიღწეულზე არ გაჩერდე და ხშირად დათმო კომფორტის ზონა!

ბიზნესლედი

23 სექტემბერი 16:00, 2015 წელი
179

პირველი ფული 12 წლის ასაკში გამოიმუშავა, 16 წლის გოგოს უკვე საკუთარი საქმე ჰქონდა, 19 წლის ასაკში კი დიდი ბიზნესი დაიწყო, რომელიც 25 წელია, გრძელდება. დღეს ჩვენი სტუმარია სათამაშოებისა და სუვენირების მაღაზიათა ქსელ „დადუს“ დამფუძნებელი ხათუნა შუბითიძე-ლოლაშვილი.

- ქალბატონო ხათუნა, ბიზნესამდე როგორი იყო თქვენი ბექგრაუნდი?
- ძალიან ფერადი და უღრუბლო ბავშვობა მქონდა. ბავშვობიდანვე ვიყავი აქტიური, მოტივირებული და დისციპლინებული. ვცეკვავდი, დაკავებული ვიყავი სამოდელო საქმიანობითაც. მიღებდნენ „ლაღიძის წყლებისა“ და ავტომობილ lada samara 08-ის და 09-ის რეკლამაში, მაშინ როცა რეკლამა ძალიან უცხო ხილი იყო. სხვათა შორის, პირველი ფული 12 წლის ასაკში ვიშოვე (ეღიმება). ბიზნესი ჩვენი ოჯახური ტრადიცია არ ყოფილა, ექიმებისა და იურისტების ოჯახიდან ვარ, თუმცა სულ მინდოდა, საკუთარი ბიზნესი მქონოდა, ვგრძნობდი, რომ შემეძლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა, განვითარება და წინსწრაფვა! ბუნებით აქტიური ვარ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. სხვათა შორის, არასდროს ვიყურები უკან, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ და არასდროს ვნანობ საკუთარ გადაწყვეტილებებს.


- ძალიან პატარა ასაკში შექმენით ოჯახი და არც ეს გინანიათ?
- სხვათა შორის, არა. 16 წლის ასაკში გავთხოვდი, მეუღლეც ჩემი ტოლია, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ერთმანეთი 14 წლის ასაკში ბორჯომის პარკში გავიცანით, ჩემი მომავალი მეუღლე იქ მეგობრებთან ერთად იყო. შეგვიყვარდა ერთმანეთი და 16 წლის ასაკში გავყევი. მშობლები ძალიან გაგებით მოეკიდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას, რადგან ოჯახები იცნობდნენ ერთმანეთს და ორივეს გვიწონებდნენ არჩევანს. ჩემს მეუღლეს მაინცდამაინც არ უნდოდა, მოცეკვავე და მოდელი ვყოფილიყავი, არ მოსწონდა ჩემდამი ზედმეტი ყურადღება. მე კი იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა, თუმცა ბოლო გამოცდაზე მეუღლემ არ გამიშვა, ვაითუ მართლა ჩააბაროსო, იფიქრა (ეღიმება). თვითონ სპორტსმენი იყო.



- ანუ ცეკვას თავი დაანებეთ. მერე როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება?
- სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. კარგი აკადემიური განათლება მივიღე, თუმცა საერთოდ არ მხიბლავდა სოციოლოგობა. მინდოდა, საკუთარი საქმე წამომეწყო და მეუღლეც გვერდში დამიდგა. 
მაშინ ძალიან მოდური იყო საკომისიო მაღაზიები, შუაღამეზე ჩუმად ვაკეთებდი ხელნაკეთ ნივთებს, რათა ოჯახის წევრებს არ გაეგოთ და საკომისიოში ვაბარებდი. 16 წლის გოგომ ჩემი შრომით საკმაოდ კარგი თანხა გამოვიმუშავე, ამ მოგროვილი თანხით ჯიხური ვიყიდე და საკუთარი ბიზნესი დავიწყე...
19 წლის ასაკში გაერთიანებულ საამიროებში მოვხვდი და დავიწყე ის ბიზნესი, რომელსაც 25 წელია, ვუძღვები. დავიწყეთ სპორტული საქონლით, შემდეგ საჩუქრებით და ბოლოს სათამაშოებზე შევჩერდით. დიდი  ხანია, მთელ საქართველოს ვამარაგებთ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან სათამაშოებისა და საბავშვო მაღაზიათა ბევრი ქსელი გაიხსნა და მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. 2002 წელს შევქმენი მაღაზიათა ქსელი „ვაუ“, რომელმაც გაამართლა. მერე აზარტში შევედი და უძრავი ქონების ბიზნესში გადავერთე... 1 წელია, საცალო ბაზარზე დავბრუნდით ჩემი 13 წლის ქალიშვილის დოდოლის (ელენიკოს) თხოვნით, რომლის დიზაინითაც მზადდება ჩვენი საავტორო სუვენირები ჩინეთში. ჩვენს ბიზნესში ამ მიმართულებას  ის ხელმძღვანელობს, მეც მაქსიმალურად ვეხმარები. სუვენირებმა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. წარმოიდგინეთ, დოდოლი დაუშვეს მაღალი დონის სამეწარმეო ტრენინგებზე, სადაც მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს იღებენ.
დღეს ჩემს მეუღლესაც, ზაზა ლოლაშვილს, ცალკე საკუთარი ბიზნესი აქვს და ერთმანეთთან არ ვიკვეთებით. 


- თქვენ როგორ მოეკიდეთ შვილის ამ გადაწყვეტილებას?
- თავისუფლება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. ორივე შვილს ძალიან თავისუფლად ვზრდი, ჩვენ მეგობრები, პარტნიორები ვართ... თუმცა გვაქვს ოჯახური ჩარჩო, რომელშიც ყველანი ვჯდებით. არ მესმის, ბავშვებს დამტვრევის შიშით ძვირფას ნივთებს რომ უმალავენ. მე მაქსიმალურად ვაძლევდი ყველაფრის შეცნობის საშუალებას. ამიტომაც არის დღეს ჩემი ორივე ქალიშვილი ლაღი, წარმატებული და ამ ასაკშივე დამოუკიდებელი. ჩემი მეორე გოგონა 22 წლისაა, ის სამკაულების დიზაინერი და ჩვენი ერთ-ერთი ქსელის დირექტორია. ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უცხოელ პარტნიორებთან, მალე მისი ნაკეთობები ჩინეთსა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში გაიყიდება.


- თქვენმა შვილებმა ადრეულ ასაკში რომ მოინდომონ ოჯახის შექმნა, რა რეაქცია გექნებათ?
- ჩემი შვილების ყველა გადაწყვეტილებას გაგებით და პატივისცემით მოვეკიდები.


- საქმეში ჩავარდნები გქონიათ?
- მქონია, თუმცა კატასტროფული - არა. ზოგჯერ მიფიქრია, რომ დავიღალე, თუმცა არასდროს დავნებებულვარ. ძალიან შეუპოვარი და აქტიური ადამიანი ვარ, ვერ ვიტან დიდხანს კომფორტის ზონაში ყოფნას, ეს წრე მუდმივად უნდა გაარღვიო! დროს თუ ჩამორჩი, ვეღარ დაეწევი. მთელი ჩემი ცხოვრება კარდიოგრამაა, არ მინდა, ოცნება დავკარგო, ადრენალინი დავკარგო. იყო პერიოდი, როცა სერიოზულ რეპრესიებში მოვყევით, თუმცა გავუძელით და განვვითარდით... სადავო თემაა, ქალის სიძლიერე მოსაწონია თუ არა, თუმცა რაც უნდა ძლიერი ვიყო, შინაგანად მაქვს მოთხოვნილება, ვიყო სუსტი, ქალური და პრანჭია. ელენიკოც მე მგავს ამაში. საკუთარ ქალურობაზე უარი არასოდეს მითქვამს.


- მომხმარებელმა როგორ მიიღო  დადუს სათამაშოები, ხელნაკეთი სუვენირები?
ძალიან კარგად! ელენეს დიზაინით არის შექმნილი ყველაფერი აბსოლუტურად - ბიჟუტერიაც და სუვენირებიც. ძალიან მინდა, ამ საქმეში ელენიკოს ასაკის ბავშვები ჩავრთოთ. მე ბავშვებს ისე ვეკიდები, როგორც ზრდასრულ ადამიანებს.


- ინტუიციას თუ ენდობით?
- მუდმივად და არასდროს უმტყუნია.