ლალი ქოჩიაშვილი - დანტისტი ევროპული განათლებით

ბიზნესლედი

7 ოქტომბერი 16:00, 2015 წელი
130

ჩვენი დღევანდელი სტუმარი პროფესიით დანტისტია, პერიოქირურგი-სტომატოლოგი. ლალი ქოჩიაშვილი, მამასთან ერთად, „დენსის“ სტომატოლოგიურ კლინიკებს ხელმძღვანელობს. ბავშვობიდან აქტიურმა ქალბატონმა ევროპაში მაღალი ხარისხის განათლება მიიღო და ევროპული სტანდარტების საქართველოში დანერგვას აქტიურად ცდილობს.

- ლალი, მშობლები ექიმები გყავთ, მათმა პროფესიულმა არჩევანმა თქვენი თუ განაპირობა?
- სიმართლე გითხრათ, თავიდან ექიმობა ნამდვილად არ მდომებია იმის გამო, რომ ჩემი მშობლები ექიმები არიან. სკოლაში სწავლის პერიოდში გამოცხადდა კონკურსი, სადაც პარაზიტოლოგიაში უნდა დაგვეწერა თემა ინგლისურ ენაზე. მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გავიმარჯვეთ. მაშინ14 წლის ვიყავი. ჩემი მეგობრები მცირეწლოვანი ასაკის გამო მშობლებმა არ გამოუშვეს ევროპაში, მაშინ საქართველოში არეულობის პერიოდი იყო... მე კი ოჯახმა ნდობა გამომიცხადა და სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში მარტო გავემგზავრე. იქ ვხვდებოდით წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელებს, რომლებიც ჰყვებოდნენ, როგორ გამოიგონა ან დააფუძნა მათმა დიდმა ბაბუამ, ბებიამ თუ სხვა ნათესავმა ესა თუ ის კომპანია, თავად კი განავითარეს. ფაქტობრივად, ევროპაში მიღებულმა განათლებამ და გამოცდილებამ გადატრიალება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში.


- მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში რამდენად ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება?
- განვითარების თვალსაზრისით, დაახლოებით, ერთნაირი მდგომარეობაა, თუმცა ფასი ბევრად უფრო იაფია თბილისში, ვიდრე, მაგალითად, ბაქოში. სწორედ ერთი კვირის წინ ვიყავი ბაქოში და გეტყვით, რომ იგივე პარადონტოლოგიური ოპერაცია ნახევარ ყბაზე, რომელიც ჩვენთან 150 ლარი ღირს, ბაქოში 600 დოლარია, თუმცა ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, ტექნოლოგიები, კვალიფიკაცია, ფაქტობრივად, ერთნაირია. 


- ევროპაში საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ცხოვრობდით და სწავლობდით... 
- საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი - წარმატებით დავამთავრე ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, „რუსთავის ქართული გიმნაზია“, დავდიოდი ცურვაზე, ჩოგბურთზე, თიხის ძერწვაზე, ვიყავი აქტიური სკაუტი, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში სკაუტური პროგრამით მოვიარე ევროპის რამდენიმე ქვეყანა - საფრანგეთი, პოლონეთი, ლატვია, შვეიცარია. დასავლეთის შესახებ ხშირად წიგნების, ფილმების, სტერეოტიპების მიხედვით მსჯელობენ, თითქოს ამერიკული და ევროპული ფასეულობები ებრძვის ქართულს. არადა იქ ბევრი ჩვენი მსგავსი ღირებულებებით ცხოვრობს. რასაკვირველია, არის უკიდურესობებიც - ჩემთვის შოკი იყო ის, რომ 14 წლის გოგონას შეიძლებოდა, ბოიფრენდი ჰყოლოდა. 


- გარდა „დენსის“ ხელმძღვანელობისა, კიდევ რამეთი ხართ დაკავებული?
- გარდა იმისა, რომ დანტისტი ვარ, პარალელურად დავაფუძნე საქართველოს პარადონტოლოგთა ასოციაციაც. პარადონტიტი (ღრძილების ანთება) განუკურნებელ დაავადებად მიიჩნევა ჩვენში, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ ახლახან შემოვიტანეთ ამერიკული დიაგნოსტიკის სისტემა Florida Probe, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს, მიიღოს სწორი დიაგნოზი. ეს სისტემა 35 ენაზე არსებობდა, ჩვენ ვთარგმნეთ და ახლა ქართული ვერსიაც დაემატა. ასევე, ვარ პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენერი - უამრავი ყოველდღიური და საინტერესო თემაა ამ კურსში. ჩემი რედაქტორობით გამოვიდა პირველი ქართული წიგნი „პირველადი სამედიცინო დახმარების’“ შესახებ.



- განათლების მისაღებად 
შვეიცარიაში იმყოფებოდით...
- ბერნში არის პაროდონტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წამყვანი კათედრა, სადაც მქონდა ბედნიერება, გამევლო პირის ღრუს პლასტიკური ქირურგიისა და პაროდონტოლოგიის კურსი. უამრავი შრომა დამჭირდა, რომ მსმენელების სიაში მოვხვედრილიყავი. მე გავხდი პირველი ქართველი ბერნის პაროდონტოლოგიის კათედრაზე. ძალიან გამიმართლა, მაღალკვალიფიციურ ლექტორებთან მოვხვდი და დღეს ვცდილობ, იქაური გამოცდილება ჩემს კლინიკაში დავნერგო - არა მარტო ტექნოლოგიებისა და კადრების, არამედ მენეჯმენტისა და ეთიკის მხრივაც.


- კლინიკა „დენსში“ მუშაობა როგორ დაიწყეთ?
- „დენსი“ 1998 წელს დაფუძნდა, რუსთავში. დღეს ქვეყნის მასშტაბით 7 კლინიკა გვაქვს - სამი რუსთავში, ორი თბილისში და ერთიც გარდაბანსა და ერთი მარნეულში. დისტანციურად კლინიკების მართვა ადვილი არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შიდა სისტემა, რომლის აწყობაზეც საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ. ევროპელებიც კი გაკვირვებულები და აღფრთოვანებულები არიან იმ დონით და შედეგებით, რაც დღეს საქართველოში გვაქვს.
კლინიკაში სტუდენტობის დროს ასისტენტად დავიწყე მუშაობა, ახლა კი პერიოქირურგი ვარ და მენეჯმენტშიც ვმონაწილეობ.
მინდა, ვთქვა, რომ გამიმართლა. ვმუშაობ არაჩვეულებრივი ექიმების გვერდით, რომელთაგან დღემდე ბევრს ვსწავლობ. 


 


ოჯახსა და სამსახურს კარგად ათავსებთ?
- ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მყავს მეუღლე და წლინახევრის შვილი - დათუნა. ჩვენ ოთხი დედმამიშვილები ვართ და ბავშვობიდან დედაჩემი ჩემთვის დიდი მაგალითია. მეც ვცდილობ, ვიყო კარგი დედა და თან პროფესიონალი. ჩემი მუშაობის საათებში დათუნას საყვარელი მარინა ბებო გადასარევ პირობებს უქმნის, მაგრამ პატარა მაინც განიცდის ხოლმე  ჩემს წასვლას. თუმცა, თუ სადმე ვმოგზაურობ, სულ თან დამყავს, თვეების იყო, როცა ეგვიპტეში გვყავდა, შემდეგ თურქეთში, ინგლისში. ვისურვებდი, უფრო მეტ დროს ვატარებდე ჩემს ოჯახთან ერთად, სამსახური იწყებოდეს დილით 7 საათზე და მთავრდებოდეს 5-ზე. თუმცა თბილისში 11 საათზე ადრე, სამწუხაროდ, პაციენტებსაც უჭირთ მოსვლა.