თამუნა შარაშენიძე: ,,დროის სწორად მართვა ჩემი წარმატების საიდუმლოა“

ბიზნესლედი

20 ნოემბერი 15:00, 2016 წელი
126

სილამაზის საერთაშორისო Pivot point აკადემია მესამე წელია, საქართველოშია. საერთაშორისო სტანდარტების პროფესიონალური სწავლება თმის, მანიკიურის თუ ვიზაჟის მიმართულებით უკვე ქართველი მოსახლეობისთვისაც არის ხელმისაწვდომი. იქვე ფუნქციონირებს სილამაზის ბრენდ-სალონიც, სადაც პროფესიონალი სტილისტები, ვიზაჟისტები, მანიკურისა თუ პედიკურის სპეციალისტები სტუმრებს მომსახურების მაღალ დონესა და ხარისხს სთავაზობენ. Funtime-ს Pivot point-ის შესახებ აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი თამუნა შარაშენიძე ესაუბრება.

Pivot point აკადემიამდე
პროფესიით ექიმი ვარ, მედიცინის დოქტორი. სამედიცინო ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და მაშინვე ასპირანტურაში გავაგრძელე სწავლა იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის გრიფით. სადისერტაციო თემაზე მუშაობაში ძალიან დამეხმარნენ პროფესორები თამარ სანიკიძე და თინიკო ჩიქოვანი. დღმდე ძალიან მადლიერი ვარ მათი. ასპირანტურის პარალელურად სასწრაფო დახმარების ექიმად დავიწყე მუშაობა, რადგან პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო და პაციენტებთან მქონოდა ურთიერთობა. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად სამედიცინო ჟურნალ „ოჯახის მკურნალზეც“ დავიწყეთ მუშაობა, რომელიც დღესაც გამოიცემა. დისერტაციის დაცვის შემდეგ ჩემი სამედიცინო კარიერა კიდევ 2 წელი გაგრძელდა, ამჯერად, როგორც ანესთეზიოლოგის. დღემდე ვეთაყვანები პროფესიას, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მაშინდელმა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ მიმახვედრა, რომ რაღაც სხვა საქმე უნდა მეცადა.
სწორედ, ამ დროს მივიღე კომპანია ,,ავერსისგან“ შემოთავაზება, შემექმნა ავერსის სამედიცინო ჟურნალი და ვყოფილიყავი მისი რედაქტორი. ჟურნალს დღესაც წარმატებით გამოცემენ და ვამბობ, რომ ის ჩემი პირველი შვილია.


 „ავერსის“ რედაქტორობის პერიოდში გავთხოვდი და ორი შვილი გავაჩინე. ლიზი 11 წლის გახლავთ, ნინია 9-ის. საერთოდ, ერთი ადგილის ტკეპნა არასოდეს მომწონდა, ყოველთვის სიახლეები მიზიდავდა, საკუთარი თავის სხვა სფეროში თუ სხვა ადგილას გამოცდა. ჩემი ოჯახიც ძალიან უწყობდა ხელს ჩემს კარიერულ წინსვლასა და განვითარებას. სწორედ, ეს გახლდათ მიზეზი, რომ მივიღე შემოთავაზება გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდიდან, სადაც განვახორციელე პროექტი ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. იმავე პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული ასევე ევროკავშირის პროექტშიც, რომელიც ახალგაზრდების სამედიცინო განათლებას, გადამდები დაავადებების შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად. მაშინ ეს ყველაფერი ჩვენი პირველი ლედის - სანდრა რულოვსის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ, ილია დარჩიამ ჩამოვაყალიბეთ კომპანია ,,მედია-გრუპი“ - საპროდიუსერო, სარეკლამო კომპანია. ჩვენი პირველი პროექტი იყო სატელევიზიო სამედიცინო გადაცემა „ჩვენ“, რომელიც 3 წლის განმავლობაში საპატრიარქოს არხზე გადიოდა. მოგვიანებით კი ტელეკომპანია „ენკი-ბენკიდან“ მივიღეთ შემოთავაზება, სადაც ვამზადებდით სატელევიზო პროექტს მშობლებისთვის ბავშვების შესახებ -  „მშობელთა სკოლას“ , რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უახლოეს მომავალში მის აღდგენასაც ვგეგმავთ.


როცა სატელევიზიო გადაცემებს ვაკეთებდი, ვარცხნილობისა თუ მაკიაჟისთვის  სილამაზის უამრავ სალონთან მიწევდა ურთიერთობა. მაშინ ვიფიქრე, გამომეცა ჟურნალი, რომელიც სილამაზის სფეროში მიმდინარე პროცესებს ასახავდა. ასე შეიქმნა კომპანია „მედია გრუპის“ კიდევ ახალი პროექტი -  ჟურნალი „სალონი“, რომელიც 5 წლის განმავლობაში გამოდიოდა და სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი ახლანდელი ბიზნეს-პარტნიორი - მაია ჩხენკელი. ჩვენი თანამშრომლობა ფოტოსტუდია „დანილით“ დაიწყო, რომელიც მაშინ ჟურნალისთვის ფოტოგადაღებებსა უზრუნველყოფდა. ამის პარალელურად მეუღლესთან ერთად დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა საქართველოს მომავლისთვის“, რომელიც ახალგაზრდების საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას ისახავს მიზნად. ამ პროექტების განსახორციელებლად მე და ჩემს მეუღლეს ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ ყოფნა.


როგორ შეიქმნა საქართველოში Pivot point აკადემია
საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების აკადემიის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო საქართველოს სალონების ფედერაციის აქტივობა. საქართველოს სილამაზის სალონების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტიც გახლავართ, რომელიც მეუღლესთან, ილია დარჩიასთან ერთად ჩამოვაყალიბე. ფედერაციას დღემდე ძალიან ბევრი აქტივობა აქვს განხორციელებული: სტილისტებს, ვიზაჟისტებს, მანიკურისა თუ პედიკურის სპეციალისტებს უამრავი უფასო ტრენინგი ჩაუტარდათ, მოეწყო შევხედრები და ჩემპიონატები. ბოლო ჩემპიონატზე, 3-4 წლის წინ, საერთაშორისო დონის მწვრთნელები და ჟიურის წევრები ჩამოვიყვანეთ. სწორედ, მათ მოგვცეს რეკომენდაცია, საქართველოში სასწავლო დაწესებულება ჩამოგვეყალიბებინა და ქართველ ხელოსნებს მისცემოდათ შანსი, კარგი განათლება აქვე, საქართველოში მიეღოთ.


დავუკავშირდით საერთაშორისო პარტნიორებს. საბედნიეროდ, ბევრი კონტაქტი მქონდა, მათ შორის სილამაზის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ -  სალვატორე ფოდერასთან. ეს ადამიანი ნიუ იორკში გავიცანი. Pivot point აკადემიასთან დაკავშირებით რჩევა კი ვაჟა მხითარიანისგან მივიღე, რომელიც წარმოშობით საქართველოდან არის, მაგრამ ამჟამად რუსეთში ძალიან წარმატებით მოღვაწეობს და ძალიან პოპულარულია სილამაზის სფეროში. Pivot point აკადემია ყველა განვითარებულ ქვეყანაშია გახსნილი და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც საბაზისო სწავლების ყველაზე ძლიერი სკოლა. სათავო ოფისი ამერიკაში, ჩიკაგოში მდებარეობს. საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველო მცირე ბაზრად აღიქმებოდა. შესაბამისად ფრანჩაიზის გაკეთება შორეულ პერსპექტივად გვესახებოდა. რუსეთიდან, ამერიკიდან თუ ევროპის ქვეყნებიდან ჩავრიეთ მეგობრები და საბოლოოდ მოგვცეს უფლება, რომ აკდემია საქართველოშიც გაგვეხსნა. პარტნიორობა კი მაია ჩხენკელს შევთავაზე და მანაც სიამოვნებით მიიღო ეს წინადადება.



პირველი ნაბიჯები
ყველაზე რთული პროცესი პედაგოგების მოძიება და შემდეგ მათი გადამზადება აღმოჩნდა. შევკრიბეთ საქართველოში პროგრესულად მოაზროვნე სტილისტები, ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო მწვრთნელები და შევუდექით საქმეს. შედეგად მივიღეთ კარგად გამართული მეთოდოლოგია, პედაგოგიკის სისტემა, ინტერაქტიული სწავლება, რომლითაც აკადემია გამოირჩევა. სტუდენტური ნაკრები იმ დეტალებს, საგნებსა და მატერიას მოიცავს, რაც მათი შესაბამისი განათლებისთვის აუცილებელი გახლავთ.



ბიზნესლედის ცხოვრება
მთელი ცხოვრება ერთდოულად უამრავი საქმის კეთება მიწევდა. ხან ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი ჩვენს ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარებაა, ხან კი ჩემს ნატურას ვაბრალებ, რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია. კიდევ ბევრ სფეროსა თუ საქმიანობაში შემეძლო ძალების მოსინჯვა, უბრალოდ, 24 საათი არ მყოფნის საამისოდ. ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვახერხებ ამდენი რამ ერთდროულად ვაკეთო. ჩემი პასუხი ასეთია - დროის სწორად გადანაწილება არის მთავარი ფაქტორი, რომელიც მეხმარება ყველა პროცესი წარმატებით ვმართო.ყველაზე მეტად მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც ვერასდროს ვერაფერს ასწრებენ, არაპუნქტუალურები და უპასუხისმგებლოები არიან.


მიუხედავად ამდენი საქმისა და საზრუნავისა, ჩემთვის ოჯახი და შვილები უმთავრესია ცხოვრებაში. ვცდილობ, ვიყო სამაგალითო დედა და მეუღლე. ჩემი შვილების სწორი აღზრდა, შესაბამისი განათლებისა და ცოდნის მიცემა და რაც მთავარია, განათლებულ, განვითარებულ და შეგნებულ ადამიანებად ჩამოყალიბება არის ჩემი ცხოვრების პრიორიტეტი.
თუ ამ ყველაფერს შევძლებ, მე უბედნიერესი ადამიანი და დედა ვიქნები!