მიხეილ ხუნდაძე:
„კორპორაცია ქართული ღვინო“ 1999 წელს, წინანდალში დაფუძნდა. რომ იტყვიან, საქმე ნულიდან დაიწყო. ცარიელი, ტრიალი მინდორი იყო. მას შემდეგ ამ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი წარმადობის საწარმო აშენდა. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ მარანს 15 000 კვადრატული მეტრი უკავია. ბოლო სამი წლის განმავლობაში 5 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა და მოხდა აბსოლუტური გადაიარაღება. გვაქვს თანამედროვედ აღჭურვილი მიმღები, საკუპაჟე, საცავი, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი ღვინის წარმოებას.
- მართალია, საქართველოს მეღვინეობას უძველესი ტრადიცია აქვს, მაგრამ 90-იანი წლებიდან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. თქვენმა კომპანიამ როგორ გადაიტანა ეს პერიოდი?
- მიუხედავად დიდი სირთულეებისა, ეს მაინც ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. სწორედ აქედან დაიწყო ქართული მეღვინეობის აღმავლობა. თავიდან რუსული ბაზარი იყო ღია და იყო დიდი მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე. იყიდებოდა როგორც მაღალი, ასევე მდარე ხარისხის პროდუქტი. თუმცა მოთხოვნა არსებობდა და ეს იყო დამაიმედებელი. მეღვინეებს გაუჩნდათ სტიმული წინსვლისთვის, განვითარებისთვის. 2006 წლის ემბარგო გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული მეღვინეობისთვის. სწორედ მას შემდეგ, ჩვენი ღვინის ხარისხი ძირეულად შეიცვალა. მწარმოებლებს მოგვიხდა ალტერნატიული ბაზრების ძიება, იქ კი მხოლოდ ძალიან კარგი ხარისხის ღვინოს იღებდნენ. ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა დარგმა, ამ გამოწვევას გავუძელით და ქართულმა ღვინომ ეტაპობრივად დაიმკვიდრა თავი ევროპის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ, ევროპული ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ქვეყნის ნაწარმით, ჩვენი პროდუქციის პოპულარობა თანდათანობით მაინც იზრდება. ასე რომ, ემბარგომ „ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით იმუშავა.
- კონკურენციას როგორ უმკლავდებით?
- ჯანსაღ კონკურენციას ბიზნესისთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს: უმჯობესდება ხარისხი, ბაზარი უფრო ხელმისაწვდომი ხდება და მომხმარებელიც კმაყოფილია. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ თამაშის წესები უხეშად ირღვევა. ვცდილობთ, ასეთი გადაცდომები ქართული ღვინის ასოციაციის მეშვეობით დავარეგულიროთ. ასოციაციაში მსხვილი მწარმოებლები ვართ გაერთიანებულები. ეს არის სტრუქტურა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქართული მეღვინეობის განვითარება-პოპულარიზაციაში და ჩვენც გვეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობაში.
- რომელ ქვეყნებში იყიდება თქვენი პროდუქცია?
- ძირითადად რუსეთში, ყაზახეთში, ბელორუსსა და უკრაინაში. ასევე - ბალტიაში, სადაც პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ბაზარია. ინტენსიური მოლაპარაკება გვაქვს პოლონელ და ჩინელ პარტნიორებთან. ვფიქრობ, 2016 წელი წარმატებული იქნება ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის. ვგულისხმობ აზიის ბაზრის გახსნას. საერთოდ, ბაზრის გეგმაზომიერ, თანმიმდევრულ დივერსიფიკაციას სასიკეთო შედეგები მოაქვს და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, სათანადო ყურადღება არ მოვაკლოთ საქმიანობის ამ მიმართულებას.
- რაც შეეხება დასავლეთ ევროპის ბაზარს?
- დასავლეთ ევროპას აქვს მეღვინეობის თვითმყოფადი, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციები. აქედან გამომდინარე, იქ უცხო ღვინოებისადმი დამოკიდებულება, გარკვეულწილად, კონსერვატულია. შესაბამისად, დასავლეთის ბაზარზე შეღწევა და თავის დამკვიდრება იოლი არ არის. ბოლო წლების ტენდენციაა, რომ ევროპის ბაზარს „მობეზრდა“ ტრადიციული ასორტიმენტი, აღიარებული ღვინოები და ახალ პროდუქციასაც „უსინჯავს“ გემოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ორი ტენდენცია ერთმანეთს ძნელად ეგუება.
- როგორ ხედავთ ქართული მეღვინეობის მომავალს?
- დარწმუნებული ვარ, ქართული მეღვინეობა, მაღალი ხარისხის, უნიკალური ღვინით აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო მეღვინეობაში.