რატომ ურჩევნია ჩრდილში დგომა „ედრეს გრუპის“ დამფუძნებელს?

ბიზნესმენი

4 აგვისტო 14:00, 2015 წელი
98

ერთდროულად მოდურიც, მოხდენილიც და ხელმისაწვდომიც - Orsay, Celio, Promod, Gerry Weber, Etam. ადამიანმა, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია, გადაწყვიტა, ქართულ ბაზარზე ვითარება შეეცვალა.


კომპანია Adress group  დღეს ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ცნობილ, ტანსაცმლის რამდენიმე ბრენდსა და მაღაზიას ითვლის, მათ შორისაა: Orsay, Celio, Promod, Gerry Weber და Etam. 


„ედრეს გრუპი 2007 წელს კახურად დინჯმა და გაწონასწორებულმა ახალგაზრდა ბიზნესმენმა დავით სონღულაშვილმა დააფუძნა.
და მალევე დაიწყო ომი... მსოფლიო კრიზისი...
სამოსისთვის აღარავის ეცალა. თუმცა, როგორც ბატონი დავითი ამბობს, ეს ერთგვარი კარგი ალიყური დამატებითი გამოცდილება და სტიმული იყო იმისთვის, რომ ბიზნესში საკუთარი თავი დაემკვიდრებინა და გაემყარებინა.


- ბატონო დავით, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დღეს წარმატებულია, ამბობს, რომ ბავშვობიდან იცოდა, რა უნდოდა. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?
- სხვათა შორის, არა. ჩემი კარიერა ცოტა სხვა მიმართულებით განვითარდა.
მესამე კურსზე ვიყავი, როცა ტელეკომპანია „მზეში“ გაყიდვების მენეჯერად დავიწყე მუშაობა. მერე იყო საჯარო სამსახური, ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ ვმუშაობდი, ადმინისტრაციის უფროსად... შემდეგ –საქართველოს ბანკში. მოკლედ, ყველაფერი მოვიარე და იმხელა გამოცდილება დამიგროვდა, რომ  ჩავთვალე, დრო დადგა, საკუთარი საქმე მქონოდა. 
ბუნებით კოლექტივისტი არ ვარ, უფრო ინდივიდუალისტი ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდური მუშაობა არ შემიძლია. უბრალოდ, ბავშვობიდან მარტო მერჩივნა საქმის კეთება. 



- პროფესია საკუთარი სურვილით აირჩიეთ?

- რა თქმა უნდა. ავირჩიე მარკეტინგის სპეციალობა... შემდეგ საფრანგეთში გავიარე მაგისტრატურა. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა მშობლების ძალიან დიდი დამსახურებაა  – თუნდაც ის, რომ შრომის ფასი პატარა ასაკიდან კარგად ვიცი.
მამასა და პაპას დიდი ვენახი ჰქონდათ კახეთში და ვეხმარებოდი, ფიზიკურად ვმუშაობდი. სწავლითაც კარგად ვსწავლობდი, თუმცა წყნარი და ჩუმი არ ვყოფილვარ. ყოველთვის აქტიური ვიყავი.


- ძალიან პატარა წახვედით პარიზში. მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ?
- პირიქით, უფრო დაინტერესებულები იყვნენ ჩემი წასვლით. საკმაოდ თავისუფლად მზრდიდნენ და ჩემი არჩევანიც არასდროს მინანია. საფრანგეთში 2006 წელს ჩავედი. გრენობლის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ალპებში. ისეთი ჭრელი მულტიეთნიკური გარემო დამხვდა, ძალიან გახსნილი უნდა ყოფილიყავი, ეს განსხვავებები რომ მიგეღო. სხვაგვარად იქ ვერ გაძლებ. ხომ ამბობენ, რომ ფრანგები მომჭირნეები და სნობები არიანო, მაგრამ არ არის ასე. პირადად მე ვგიჟდები ფრანგულ იუმორზე!


- რომ არა ბიზნესი, ისევ საჯარო სექტორში იქნებოდით?
- არა მგონია. ჩემი საქმე ბიზნესია. ამას წინათ კახი კავსაძე იყო ერთ-ერთ იუმორისტულ შოუში. სიმღერა დაიწყო და წამყვანი აჰყვა. კახიმ უთხრა, ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც ეხერხებაო (იცინის). ეგრე ვარ მეც.
საკუთარი საქმე საკმაოდ პატარა ასაკისამ დავიწყე. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის კი არ ყოფილა, რომ ხელმძღვანელობას ვერ ვეგუებოდი და კონფლიქტი მქონდა. უბრალოდ, ცხოვრებაში უფრო მეტი მინდოდა.
საკმაოდ ბევრი ეტაპის გავლა მოგვიწია. ადრე ძირითადი სეგმენტი ბაზრობას ეჭირა, ახლაც უჭირავს – თუმცა ნაკლებად.
ტანსაცმლის რითეილინგი ძალიან აქტიური და ცოცხალი სფეროა, წამითაც არ უნდა მოდუნდე. თავიდან ძალიან რთული იყო ბრენდებთან მოლაპარაკება, ყველას ურჩევნია, გამოცდილ პარტნიორებთან იმუშაოს. 4 თვე ყოველდღე თავს ვაბეზრებდი, ბოლოს, როგორც იქნა, დამთანხმდნენ – ალბათ, იფიქრეს, ჯანდაბას შენი თავიო (იცინის).
სხვათა შორის, მათთვის ქართული ბაზარი საკმაოდ საინტერესო იყო. სამოსი, ფეხსაცმელი ქალბატონებისთვის, მამაკაცებისთვის, ბავშვებისთვის – ყველაფერი გვაქვს. ხალხს მიეცა საშუალება, ახალი კოლექცია თბილისში, ფაქტობრივად, იმავე ფასში ეყიდა.


- ანუ საქმის დაწყებისთანავე სერიოზული კრიზისები გაიარეთ.
- საკმაოდ. იყო 2008 წლის ომი, მერე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი...
საკმაოდ პატარები ვიყავით და ამ ამბებმა ჭკუა კარგად გვასწავლა – გვასწავლა, რომ სადღაც უნდა შეჩერდე, სადღაც უნდა გააგრძელო, რაღაცას უნდა შეელიო. 2009 წელი, ფაქტობრივად, საშინელება იყო. რაღაცები დავხურეთ... რაც მთავარია, პანიკაში არ უნდა ჩავარდე და ცივი გონებით მიიღო გადაწყვეტილებები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შიშისა და ემოციის მომენტი საერთოდ არ მქონია. 


- სულ ჩრდილში ხართ – არც მედიასივრცეში აქტიურობთ, არც პოლიტიკურად ებმით ვინმეს...
- არა, ნამდვილად. წყნარი, დინჯი კახელი ვარ, მძიმე ნაბიჯებით მივიწევ წინ. ჩრდილში დგომა მირჩევნია, ასე უფრო კარგად გავაკეთებ ჩემს საქმეს.