გიორგი პაპიაშვილი: „ავეჯის წარმოება ხელოვნებაა“

ბიზნესმენი

10 ნოემბერი 10:00, 2015 წელი
125

ავეჯის მწარმოებელი კომპანია „პაპილო“ ექვსი წელია, ქართულ ბაზარზეა. მან მალე მოიპოვა ქართველი მომხმარებლის ყურადღება და სიმპათია, რაც ხარისხითა და საიმედოობით მოახერხა. კომპანიას გიორგი პაპიაშვილი ხელმძღვანელობს.


გიორგი პაპიაშვილი: 
კომპანია „პაპილოს“ არსებობის ისტორია საქართველოში 6 წელს ითვლის. 2009 წელს გადავწყვიტე, დამეწყო ამ სფეროში საქმიანობა. გამოგიტყდებით, ავეჯის წარმოება მაშინ ბევრად ნაკლებად კონკურენტული იყო, ვიდრე დღეს არის. არანაირი გამოცდილება არ მქონია ამ სფეროში, მაგრამ არ შემშინებია. დაწყების დღიდანვე გადაწყდა, რომ აუცილებლად მაღალი ხარისხი უნდა შეგვენარჩუნებინა და ფასიც მისაღები ყოფილიყო მომხმარებლისთვის. 
წელიწად-ნახევარში მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი კომპანიის ნაწარმი მომხმარებელმა მიიღო, მოიწონა, საკმაოდ პოპულარული გახდა კიდეც. არანაირი სახსარი არ გვქონდა ამ ბიზნესის დასაწყებად, თუმცა მანამდე მცირე ბიზნესი მქონდა. ყოველთვის ვცდილობდი, მქონოდა საკუთარი შემოსავალი. თანაც შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ხედვა მაქვს, შემიძლია, წინასწარ კარგად გავთვალო ყველა დეტალი და გრძელვადიანი გეგმა დავდო. ასე მოუფიქრებლად არ მივიღებდი გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა. ყოველთვის ვფიქრობ, რა ქმედებას რა შედეგი მოსდევს და საკმაოდ ფრთხილი ვარ. 


- წეღან თქვით, რომ სტუდენტობის პერიოდში გქონდათ საკუთარი ბიზნესი...
- კი, საკუთარი მაღაზია მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც შემოსავლიანი იყო, მაგრამ კარგი გამოცდილება მივიღე. პროფესიით ეკონომისტი ვარ, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით და ალბათ, ესეც დამეხმარა წარმატების მიღწევაში. ჩვენ ვცდილობთ, თანამედროვეობას მაქსიმალურად ავუწყოთ ფეხი და ევროპული ტექნოლოგიები დავნერგოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ მხრივ ევროპასთან შედარებით ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს. ევროპაში საკმაოდ ხშირად დავდივარ და ვეცნობი იქაურ წარმოებას, მასალებს... ჩვენ ვაწარმოებთ მრავალფეროვან ავეჯს - საოფისეს, საძინებლებს, სამზარეულოებს (გარდა რბილი ავეჯისა), ასევე, ზედაპირებს და დავიწყეთ მასალების შემოტანაც.


- საჯარო სამსახურში არასდროს გიმუშავიათ?
- არ მიმუშავია, შემოთავაზებები მქონდა, თუმცა 90-იანების არეულობაში შემოთავაზებული 200 ლარით მე ჩემს ოჯახს ვერ უზრუნველვყოფდი. ამიტომ, ვარჩიე, საკუთარი საქმე მქონოდა. 


- ქართველ მომხმარებელს თანამედროვე ავეჯი უფრო მოსწონს, თუ ანტიკვარული?
- უფრო მეტად - სადა დიზაინით. ბოლო დროს გაჩნდა ტენდენცია ჩუქურთმების, სამზარეულო ავეჯში - ორნამენტების... კონკურენცია ძალიან დიდია, თუმცა ჩვენი ნიშაა მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი. მომხმარებლის ინტერესებს და შენიშვნებს ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი ისე დავგეგმოთ, როგორც მყიდველი ითხოვს. ავეჯის წარმოება, ფაქტობრივად, ხელოვნებაა და ძალიან შემოქმედებითი პროცესი, რომელშიც მთელი გუნდი აქტიურად ვართ ჩართული.