რა დაავადებაა ოსტეოქონდროზი?
ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომელშიც იგულისხმება მალთაშუა დისკებში პირველადად განვითარებული დეგენერაციული პროცესი, რაც შემდგომ ხერხემლის ძვალმყესოვან აპარატში მეორადად რეაქტიული და კომპენსატორული ცვლილებების განვითარებას იწვევს. დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში ახალგაზრდობიდანვე იწყება. დაახლოებით, 20 წლის ასაკიდან ხერხემლის მალებსშუა დისკოებში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც მათ გაუწყლოებას იწვევს. შედეგად, დისკი მყიფდება და მცირე დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეიძლება დაზიანდეს.
ეს პროცესი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ ფაქტორს ამ პროცესის დაჩქარება ან შენელება შეუძლია.
განასხვავებენ კისრის, გულ-მკერდისა და წელის ოსტეოქონდროზს.
მათ შორის ყველაზე გავრცელებული წელის ოსტეოქონდროზია, რადგან ყველაზე მეტი დატვირთვა სწორედ წელის მალებზე მოდის.
გამომწვევი მიზეზები
არსებობს ოსტეოქონდროზის გამომწვევი შინაგანი (ენდოგენური) და გარეგანი (ეგზოგენური) მიზეზები.
შინაგანი მიზეზებია: მუცლადყოფნის პერიოდში ხერხემლის განვითარების პრობლემები, დისპლაზიური დაავადებები და მეტაბოლური პროცესები.
გარეგან მიზეზებს კი მიეკუთვნება: ტრავმები, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა, არასწორი ვარჯიში, ცხოვრების მჯდომარე წესი, ხშირი გაციება, სკოლიოზი.
სიმპტომები
ოსტეოქონდროზის ძირითადი სიმპტომი ტკივილია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ისე გადაცემითი (გადაცემითი ტკივილი ვითარდება მაშინ, როდესაც ძვლის სტრუქტურა ან მალთაშუა დისკი ნერვს აწვება).
გარდა ამისა, შეიძლება დაავადების მიმდინარეობისას კიდურების დაბუჟებამ, სისუსტემ და ფუნქციის მოშლამ იჩინოს თავი.
მკურნალობა
ოსტეოქონდროზის კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე, ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმ ნევროლოგს ან ვერტებროლოგს, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში უმკურნალებს ან ნეიროქირურგთან გადაამისამართებს.
დაავადების მკურნალობისას ძირითადად ინიშნება - პარაბოლური სისხლის მიმოქცევისა და არასტეროიდული, ანუ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ქონდროპროტექტორები, B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც პერიფერიული ნერვის მიელინური გარსის აღდგენას უზრუნველყოფს.
მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად, რეკომენდებულია დამხმარე საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: მანუალური თერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი.
ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის:
ოსტეოქონდროზის მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ გაცილებით მნიშვნელოვანია დაავადების პროფილაქტიკა.
ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის:
მიიღეთ რაც შეიძლება მეტი კალციუმით და მაგნიუმით მდიდარი საკვები;
ჩაიტარეთ ზურგისა და მუცლის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები, რაც ხერხემლისთვის შექმნის კუნთების ბუნებრივ კორსეტს და არ მისცემს მას დეფორმაციის საშუალებას;
იკვებეთ სწორად და ზომიერად, რათა თავიდან აიცილოთ ჭარბი წონა - ყოველი ზედმეტი კილოგრამი თქვენს ხერხემალს აწვება;
მოერიდეთ სიმძიმეების აწევას. თუ მაინც მოგიხდათ, ეცადეთ, წონა თანაბრად გადაანაწილოთ ორივე ხელზე;
იცურავეთ - ეს რეკომენდებულია, როგორც ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის, ასევე სამკურნალოდ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!