ბრონქული ასთმა - რა კატეგორიის ადამიანები არიან რისკის ქვეშ და შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების თავიდან აცილება?!

ექიმის კონსულტაცია

25 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

ბრონქული ასთმა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ავადობის მიხედვით, ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს მთელ მსოფლიოში.
რა კატეგორიის ადამიანები მიეკუთვნებიან ბრონქული ასთმის რისკ-ჯგუფს, მკურნალობის რა საშუალებები არსებობს და შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების თავიდან აცილება?!

რა არის ბრონქული ასთმა?
ბრონქული ასთმა – სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ბრონქების შეცვლილი რეაქტიულობით.
გამოყოფენ ბრონქული ასთმის ორ ტიპს: ალერგიულსა და არაალერგიულს.
გარდა ამისა, არსებობს დაავადების შერეული ფორმა, რომლისთვისაც ორივე ტიპის ასთმის ნიშნებია დამახასიათებელი.
გამოყოფენ, ასევე, დაავადების კლინიკურ-პათოგენეტიკურ ვარიანტებს:
ატოპურს; ინფექციურ-ალერგიულს; დისჰორმონულს; ნერვულ-ფსიქიკურს; ადრენერგული დისბალანსის; ბრონქების რეაქტიულობის პირველადად ცვლადს (მათ შორისაა ე.წ. ასპირინისმიერი და ფიზიკური დატვირთვის ასთმა) და ქოლინერგულს.
ბრონქული ასთმა შესაძლოა, განვითარდეს როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.
უმეტეს შემთხვევაში ავადდებიან ახალგაზრდები (25 წლამდე), თუმცა შემთხვევები ხშირია უფროსი ასაკის ადამიანებშიც.


 


ბრონქული ასთმის გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები
ბრონქული ასთმის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს შემდეგი რისკ-ფაქტორები:
გენეტიკური წინასწარგანწყობა - (როგორც ბრონქული ასთმისადმი, ისე სხვადასხვა ალერგიული დაავადებებისადმი (თუ დედას ან მამას ბრონქული ასთმა აქვს, იმის ალბათობა, რომ დაავადება შვილსაც დაემართოს, დაახლოებით 20%-ია, ხოლო თუ ორივე მშობელია ავად, დაავადების განვითარების რისკი დაახლოებით 2-ჯერ იმატებს);
როგორც სახლში, ასევე სახლის გარეთ არსებული ალერგენები - სახლში არსებულ ალერგენებს მიეკუთვნება: ოთახის მტვერი, ბალიშის ბუმბული, ლეიბის მატყლი, შენობის ობის სოკოები, ბეწვიანი შინაური ცხოველები, ტარაკნები და ა.შ.; სახლის გარეთ არსებული ალერგენებია: მცენარეთა მტვერი, გარემოს ნესტის სოკოები და ა.შ.);
მედიკამენტური ალერგენები - ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა: ასპირინი, ბეტა-ბლოკერები, სულფანილამიდები, გოგირდის შემცველი პრეპარატები და სხვ.;
ზოგიერთი საკვები პროდუქტი - თაფლი, ციტრუსი, თხილი, ნიგოზი, შოკოლადი, მარწყვი, საღებავისა და კონსერვანტის შემცველი პროდუქტები და ა.შ.;
ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევები;
სასუნთქი გზების ინფექციები - გრიპი, პარაგრიპის ვირუსები და სხვა;
თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია;
თამბაქოს წევა - მათ შორის პასიური მწეველობაც;
ფიზიკური დატვირთვა;
ძლიერი ემოცია - სტრესი და ა.შ.


 


კლინიკური ნიშნები და შეტევების თავისებურება
მიმდინარეობის მიხედვით, გამოყოფენ დაავადების სიმძიმის ოთხ ხარისხს:
პირველი ხარისხი -  დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები გამოხატულია კვირაში 2-ჯერ ან უფრო ნაკლები სიხშირით (მხოლოდ გამწვავების ფონზე). შეტევების ინტენსივობა ხანმოკლეა, ღამის შეტევები კი თვეში 2-ჯერ ვითარდება;
მეორე ხარისხი - კლინიკური ნიშნები კვირაში 2-ჯერ არის გამოხატული. შეტევები მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე, ღამის შეტევები კი თვეში 2-ჯერ და უფრო ხშირადაც ვითარდება;
მესამე ხარისხი - კლინიკური ნიშნები რეგულარულად არის გამოხატული და საჭირო ხდება სამკურნალო პრეპარატების ყოველდღიურად მიღება. შეტევების ხანგრძლივობა რამდენიმე დღეა, ღამის შეტევები კი კვირაში 2-ჯერ და მეტად ვითარდება;
მეოთხე საფეხური - დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები მუდმივად აღინიშნება. შეტევები ხშირია, ღამის შეტევები კი თითქმის ყოველდღე ვითარდება.

ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელი ძირითადი კლინიკური ნიშნებია:
ხველა, ხიხინი, ქოშინი, გულ-მკერდის შებოჭილობა და სულხუთვა. ეს სიმპტომები, უპირატესად ღამით, ან ადრე დილით იჩენს თავს.
რაც შეეხება, ბრონქული ასთმის შეტევას, ის მოიცავს სამ ძირითად სიმპტომს: ქოშინს, ხველას და მსტვენავ სუნთქვას.
შეტევის დასაწყისში ავადმყოფს აწუხებს მოხრჩობის შეგრძნება, ამოსუნთქვის გახანგრძლივება და ხშირი სუნთქვა. ასევე, აღინიშნება პულსის გახშირება და არტერიული წნევის მომატება. ზოგიერთ შემთხვევაში, შეტევის წამყვან სიმპტომად ხველა ან ხმის ჩახლეჩა გვევლინება.
შეტევა, როგორც წესი, მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებითა და წებოვანი, გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით სრულდება.
იმ შემთხვევაში, თუ ბრონქული ასთმის შეტევა გახანგრძლივდა (ერთი ან მეტი დღის განმავლობაში), მდგომარეობა „ასთმურ სტატუსად“ განიხილება. ასთმური სტატუსი ბრონქული ასთმის უმძიმესი სტადიაა, რა დროსაც უმეტესად სუნთქვის მძიმე უკმარისობა ვითარდება და თუ პაციენტს დროულად არ გაეწია დახმარება, შესაძლოა, შეტევა ლეტალურად დასრულდეს.


 


ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა
ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა ადვილი არ არის, რადგან არცთუ იშვიათად მსგავს სიმპტომებს სხვა დაავადებებიც იწვევს, მათ შორის - ფილტვების ემფიზემა, გულის უკმარისობის ადრეული სტადია, სახმო იოგების პრობლემები, ბრონქიტი, ფილტვების ანთება და სხვა. აქედან გამომდინარე, ექიმმა პირველ რიგში უნდა მოახდინოს ანამნეზის საფუძვლიანი შესწავლა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფილტვების გარეგანი ფუნქციის პარამეტრთა ცვლილებების შესწავლა (სპირომეტრია), ნახველის გამოკვლევა, შრატში საერთო Ig E ანტისხეულების განსაზღვრა და რენტგენოგრამის ჩატარება (თანმხლები დაავადებების გამოსარიცხად).


 


მკურნალობა
ბრონქული ასთმის მკურნალობის დროს დაწყებამდე, პირველ რიგში, ბრონქული ასთმის ხელშემწყობი ფაქტორები უნდა გამოვლინდეს, ხოლო შემდეგ ექიმი-სპეციალისტის მიერ  შემუშავდეს სტრატეგია, რომლის მიზანი ასთმის სიმპტომების შემცირება, ანთებითი პროცესის შესუსტება და სასუნთქი გზების გადაგვარების პროცესის შეჩერებაა.
ბრონქული ასთმის მკურნალობა, ძირითადად, მედიკამენტოზურია, ხოლო სამკურნალო მედიკამენტები ორ ჯგუფად იყოფა, ესენია: დაავადებების მაკონტროლებელი პრეპარატები და შეტევის მოსახსნელი მკურნალობა.
მედიკამენტების მიწოდება ხდება როგორც ინჰალაციურად, ისე ორალურად, კანქვეშ, ინტრავენურად და სხვა. თუმცა, აღნიშნული გზებიდან უპირატესობა საინჰალაციო მედიკამენტებს ენიჭება, რადგანაც ამ გზით მიწოდებული სამკურნალო საშუალება უფრო სწრაფად იწყებს მოქმედებას, ხოლო ორგანიზმზე მედიკამენტის სისტემური ზეგავლენა მინიმუმამდე მცირდება.


გარდა ამისა, აუცილებელია:
ავადმყოფის იზოლაცია ალერგენის წყაროსგან;
მძიმე ფიზიკური დატვირთვისა და ემოციური სტრესისგან თავის არიდება;
მავნე ჩვევებზე უარის თქმა (ალკოჰოლი, თამბაქო და ა.შ.);
გამაჯანსაღებელი აქტივობები.


 




პირველადი დახმარება ასთმური შეტევის დროს

ასთმური შეტევის დროს მნიშვნელოვანია სწორი პირველადი დახმარების ჩატარება, რაც გულისხმობს:
პაციენტისგან იმ რისკ-ფაქტორის მოცილებას, რომელმაც შეტევის განვითარება გამოიწვია;
პაციენტის მოთავსებას მისთვის სასურველ პოზაში;
სწრაფი მოქმედების პრეპარატის მიწოდებას (რაც უკვე წინასწარაა გამოწერილი ექიმის მიერ და ასაკის მიხედვით ახსნილია პრეპარატის მიღების გზა, ფორმა და დოზირება).
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, უმჯობესია სასწრაფო დახმარების გამოძახება მას შემდეგ, რაც პაციენტი შეისუნთქავს ან შეასუნთქებენ სწრაფი მოქმედების პრეპარატების პირველ დოზას.


 


პრევენცია
ბრონქული ასთმის პრევენცია გულისხმობს დაავადების მიმართ გენეტიკურად განწყობილი ადამიანების ინფორმირებას იმის თაობაზე, რომ მათ თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომის გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?