ანტი-მიულერის დონე და ორსულობის შანსები

ექიმის კონსულტაცია

17 ივნისი 12:00, 2016 წელი
984

ქალთა უნაყოფობის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასაკის მატება, რომელიც პირდაპირ კავშირშია საკვერცხის ოვარიულ რეზერვთან. ოვარიული რეზერვის შესაფასებლად კი ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება ანტი-მიულერის ჰორმონის მაჩვენებლის განსაზღვრა.

რა არის ანტიმიულერის ჰორმონი, რა კავშირი აქვს მას ოვარიულ რეზერვთან და შესაძლებელია თუ არა მისი მეშვეობით ხელოვნური განაყოფიერების შედეგების განსაზღვრა?! „რუბრიკას“ კლინიკა „ინ ვიტროს“ ექიმი-გინეკოლოგი თეონა ანთია ესაუბრება:


 


რა არის უნაყოფობა?


უნაყოფობა (უშვილობა), სამედიცინო ლიტერატურის განმარტებით, შესაბამისი სამედიცინო ჩარევის გარეშე შვილის ყოლის უუნარობაა. უშვილოდ შეიძლება ჩაითვალოს ქალი, რომელიც რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდება.
იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებობს რაიმე წინმსწრები მდგომარეობები (მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება და ა.შ.)  ქალი ერთი წელი არ უნდა ელოდოს და ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.
ქალთა უნაყოფობის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასაკის მატება. დაახლოებით 25 წლის ასაკიდან ქალის ორგანიზმში იწყება ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რომელიც  40-45 წლის ასაკისთვის კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ანუ ეს ის პერიოდია, როცა სრულფასოვანი კვერცხუჯრედის (მარაგი) თითქმის „ილევა“ და ახლოვდება კლიმაქსი.  ყოველივე აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ შვილოსნობის ფუნქციაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ასაკი წარმოადგენს.


 


რა არის ანტიმიულერის ჰორმონი და რა კავშირი აქვს მას ფოლიკულების რაოდენობასთან?


როგორც მოგახსენეთ, ორსულობისთვის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი პირობა სპერმატოზოიდის მეშვეობით კვერცხუჯრედის განაყოფიერება და მისი საშვილოსნოს ღრუში მიმაგრებაა. მოგეხსენებათ, კვერცხუჯრედის გადმოსვლა, ანუ ოვულაცია  ფოლიკულიდან ხდება და შვილოსნობის უნარსაც სწორედ საკვერცხეში არსებული ფოლიკულების რაოდენობა (საკვერცხის ოვარიული რეზერვი) განაპირობებს.
ანტი-მიულერის ჰორმონი ერთ-ერთი კრიტერიუმია ქალის შვილოსნობის უნარის დასადგენად და განიხილება, როგორც საკვერცხეში დარჩენილი ფოლიკულების რაოდენობის  ოვარიული რეზერვის მარკერი.
ანტი-მიულერის ჰორმონს  ფოლიკულთა გრანულოზის უჯრედები გამოიმუშავებენ და მისი წარმოება იწყება ე.წ. პირველად ფოლიკულებში, რომლებიც ამ ეტაპზე მიკროსკოპული ზომისაა და ექოსკოპიაზე არ ჩანს. ანტი-მიულერის ჰორმონს ყველაზე მეტი რაოდენობით გამოიმუშავებენ პრეანტრალური (პირველადი) და მცირეანტრალური (


 


როგორ ხდება ანტი-მიულერის ჰორმონის შეფასება?


ანტი-მიულერის ჰორმონის შეფასება ხდება სისხლის ანალიზით. ანალიზის ჩატარება კი შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, რადგან ანტი-მიულერის დონე შედარებით მუდმივია და ციკლის დღეზე დამოკიდებული არ არის.


 


განსაზღვრავს თუ არა ანტი-მიულერის დონე კვერცხუჯრედის ხარისხს?


ანტი-მიულერის დონე არ განსაზღვრავს კვერცხუჯრედების ხარისხს, მაგრამ განსაზღვავს კვერცხუჯრედების რაოდენობას.


 


ანტი-მიულერის დონე და ორსულობის შანსები


როგორც მოგახსენეთ, ანტი-მიულერის ჰორმონის დონე ასაკთან ერთად კლებულობს და პარალელურად ორსულობის შანსებიც მცირდება.
შედეგების ინტერპრეტაცია ასეთია:
შვილოსნობის ოპტიმალური უნარი - 5,6 – 9,5 ng/ml;
შვილოსნობის დამაკმაყოფილებელი უნარი - 3,08 – 5,6 ng/ml;
შვილოსნობის დაბალი უნარი - 0,43 – 3,08 ng/ml;
შვილოსნობის ძალზედ დაბალი უნარი/უშვილობა - 0,0 – 0,43 ng/ml.
იმ შემთხვევაში, როცა სისხლში ანტი-მიულერის დონე მომატებულია (9,5 ng/ml-ზე მეტი), შეიძლება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომზე ან ზოგიერთი სახის საკვერცხის კიბოზე მივიტანოთ ეჭვი.


 


ანტი-მიულერის ჰორმონის როლი ხელონურ განაყოფიერებაში
ანტი-მიულერის ჰორმონი ერთ-ერთი ძალიან კარგი კრიტერიუმია საკვერცხის რეზერვის შესაფასებლად. ამ ანალიზის შედეგით პრაქტიკულად დგინდება, რამდენად ძლიერი სტიმულაცია უნდა იქნეს გამოყენებული, არის თუ არა ჰიპერსტიმულაციის საფრთხე, ღირს თუ არა ხელოვნური განაყოფიერების იაფფასიანი მეთოდების გამოყენება ან ღირს თუ არა ხელოვნურ განაყოფიერების გაკეთება საერთოდ.იმ შემთხვევაში თუ ანტი-მიულერის დონე მაღალია, ინვიტრო პროგრამის ციკლში მწიფდება მეტი ფოლიკული და დაორსულების შანსი გაცილებით მაღალია. ხოლო ოვარიული რეზერვის დაბალი მაჩვენებლის პირობებში, შესაძლოა, საკვერცხეებმა საერთოდ არ უპასუხოს სტიმულაციას, ვერ მოხერხდეს კვერცხუჯრედის მიღება და შესაბამისად, ვერ მოხდება ვერც დაორსულება. მართალია ფოლიკულის რაოდენობა კვერცხუჯრედების ხარიხზე არ აისახება, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით გამომუშავება იძლევა იმედს, რომ მიღებული ემბრიონებიდან ერთი ან რამდენიმე მაინც კარგი ხარისხის აღმოჩნდება და ორსულობა შედგება.