მარინსკის გამზირი, ამჟამად მემედ აბაშიძის ქუჩა
1888 წელს საქართველოში ჩამოსული მეფე ალექსანდრე მესამე ბათუმს ეწვია. ხელმწიფეს ახლდა მეუღლე მარია და მომავალი იმპერატორი ნიკოლოზი. სწორედ მათ პატივსაცემად გაჩნდა ბათუმში „მარინსკი პროსპექტი“ (შემდეგ სტალინის და დღეს მემედ აბაშიძის ქუჩა).
ალექსანდრე ნეველის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, ამჟამად სასტუმრო „ინტურისტი“
ალექსანდრე ნეველის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში იყო. ცნობილია, რომ 1888 წლის 25 სექტემბერს ტაძრის დაარსების ცერემონიალში რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ და სამეფო ოჯახის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ტაძარი მოქმედებდა მე-19 საუკუნის ბოლოდან 1936 წლამდე. ის, სამწუხაროდ, „ინტურისტის“ მშენებლობას შეეწირა.
დანგრეული ტაძრის ფუნდამენტი საფუძვლად დაედო ახალ შენობას – სასტუმრო „ინტურისტს“, რომელიც 1939 წელს აიგო აკადემიკოს შჩუსევის პროექტით. შენობა 2-ჯერ გადაკეთდა - 1979-1980 და 2005-2006 წლებში. დღეს ის ერთ-ერთი მაღალი კლასის სასტუმროა ბათუმში.
ძველი ფოსტის შენობა, მშენებლობა ერას მოედანზე
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული, იტალიური რენესანსისა და ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი ძველი ფოსტის შენობა (თავდაპირველად – ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა) თვალსაჩინო ურბანული და მხატვრულ-ისტორიული ღირებულებით გამოირჩეოდა. 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად ექსპერტებმა ნაგებობას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.
ბათუმის ნავსადგური
ბათუმის ნავსადგურის გავლით სატრანზიტო ნაოსნობის ისტორია საწყისს ღრმა წარსულიდან იღებს.
1884 წლის ბოლოსთვის შეიქმნა ნავსადგურის შემდგომი განვითარების პროექტი.
საწყის ფაზაზე განვითარების მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა ნავთობი. 1883 წელს ნავთობპროდუქტების პირველი ექსპორტის მოცულობამ 3 000 000 ფუნტი შეადგინა. ნავთობის გადაზიდვით დაკავებული 18 საზოგადოებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა როტშილდების, მანთაშევებისა და ნობელების გაერთიანებები.
ქალთა გიმნაზია, ამჟამად ბათუმის #2 საჯარო სკოლა
1904 წელი აღინიშნება (როგორც საარქივო მასალები ადასტურებს) ბათუმის ქალთა გიმნაზიის შენობის დაფუძნების თარიღად. ის პირველი იყო არა მარტო ბათუმში, არამედ მთელ აჭარაში. საბჭოთა პერიოდში „ბათუმის ვ. ი. ლენინის სახელობის #1 ქართული საშუალო სკოლა“ ეწოდებოდა.
მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი და ნური გელის ტბა
ეს იყო ბათუმის პირველი სამოქალაქო ბაღი, რომლის მშენებლობა 1881 წელს დაიწყო.
იდეა ეკუთვნის ბათუმის ოლქის მაშინდელ სამხედრო გუბერნატორს, გენერალ-მაიორ ა.ი. სმეკალოვს. ადგილად „ნური გელის“ ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო შეირჩა. სირთულის მიუხედავად, სამუშაოები ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა. ქალაქი რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამისა და მისი ოჯახის წევრების ჩამოსვლის მოლოდინში იყო. მოკლე დროში მოხერხდა აღნიშნული ტერიტორიის ველური მცენარეებისგან გაწმენდა, ხეივნების გაშენება, ჯებირების გაკეთება, მარადმწვანე მცენარეების დარგვა. ტბის ირგვლივ დაიდგა მოსასვენებელი სკამები... 1888 წლის 25 სექტემბერს რუსეთის იმპერატორი მართლაც ეწვია ბათუმს. ბაღის სილამაზით მოხიბლულმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სიმბოლურად ხეებიც დარგო: იმპერატორმა ალექსანდრე III-მ დიდყვავილა მაგნოლია, იმპერატრიცა მარიამ – ჩვეულებრივი კედარი, უფლისწულმა ნიკოლოზ II-მ კი - ჩინური კინენგამია. სწორედ იმპერატორის პატივსაცემად ეწოდა ქალაქის ბაღს „ალექსანდრეს ბაღი“.
1935 წელს პარკს პიონერთა პარკი დაარქვეს. ამჟამად, აქ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკია.
ვაჟთა გიმნაზია, ამჟამად შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი
1897 წლის ივლისში ბათუმის ვაჟთა გიმნაზიამ ფუნქციონირება დაიწყო. გიმნაზიის შენობის გეგმა სამხედრო ინჟინერმა სედელნიკოვმა შეადგინა.
ვაჟთა გიმნაზიის შენობაში 1935 წელს გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი 4 ფაკულტეტით: ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ისტორიისა და საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის. 1936 წელს დაემატა ფიზკულტურის, ხოლო 1938 წელს - რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებიც.
1938 წელს ინსტიტუტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. 1990 წლიდან შენობაში უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია
1897 წელს, ბათუმში მცხოვრებ ევროპელ კათოლიკეთა თხოვნითა და მათი საკონსულოების შუამდგომლობით, მეცენატი ძმები ზუბალაშვილების მიერ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა. მთავარი შესასვლელის ზემო ნაწილის მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულ ნიშებში წმინდა ნინოსა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქანდაკებები დგას. ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა - აქ სხვადასხვა დროს განთავსებული იყო არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია. მოგვიანებით შენობა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა.
1989 წელს ტაძარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
დღეს ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარია.