როგორი იყო ტიფლისის აშპაშხანა?

ერთი რაკურსით

8 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი
135

იოსებ გრიშაშვილი აშპაშხანის აღწერისას აღნიშნავდა: „ყოველი რესტორნის პატრონს მუშტრების საამებლად, „სიმებიანი ორკესტრის” ნაცვლად, შეტოლებული ჩიტები ჰყავდა გალიაში“. ნახეთ დედაქალაქის ძველი უბნები დღევანდელი რაკურსით.

ჩუღურეთის ხიდი
ხიდი ჩუღურეთში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კუკიისა და მშრალი ხიდის გაგრძელებაა. ხიდის პროექტი მე-19 საუკუნიდან რამდენჯერმე შეიცვალა. 1853 წელს კი გაიხსნა ხუთმალიანი თაღოვანი ხიდი, რომლის მშენებლობას სათავეში ედგა პირველი ქართველი ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი ვახტანგ მუხრანბატონი. თანამედროვე ხიდი 1962 წელს აშენდა, რომლის ავტორები არიან: ინჟინერი გ. ქარცივაძე, არქიტექტორები: გ. მელქაძე და შ. ყავლაშვილი.
ხიდი სხვადასხვა დროს კუკიის, მიხეილის, ვორონცოვის, კარლ მარქსისა და ზაარბრიუკენის სახელებს ატარებდა. ჩუღურეთის ხიდი მოგვიანებით, 1994 წელს დაერქვა.


 


ხედი ჩუღურეთის ხიდიდან ავლაბრისკენ
არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ავლაბრის ტერიტორია ძვ. წ. ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული. XVIII საუკუნეში ავლაბარს ორი გალავანი ჰქონდა: ერთი - ავლაბრის გალავანი, რომელიც მთელ ავლაბარს ერტყა გარს, და მეორე - თბილისის, ანუ ქალაქის გალავანი - ისან-ავლაბრის მარჯვენა მხარეს მდებარე კალა-თბილისის ციხე-გალავნის გაგრძელება იყო და ფეოდალური ხანის ქალაქის რთულ თავდაცვით სისტემაში შედიოდა.



ფერისცვალების დედათა მონასტერი დარეჯანის სასახლის ეზოში
დარეჯან დედოფლის მიერ წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესიის აგების თარიღად 1789 წელია მოხსენიებული.
1824 წლის 29 ოქტომბერს მიტროპოლიტმა იონამ ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე და დააარსა ამავე სახელობის მამათა მონასტერი.
გადმოცემით ცნობილია, რომ ფერისცვალების მონასტერში ბერად აღკვეცილა წმინდა ალექსანდრე (ოქროპირიძე). 1906-1908 წლების მიმდებარე პერიოდში ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია).
1991 წლიდან აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.



ხედი მეტეხიდან - „შაითანბაზარი“, იგივე „მეიდანი“, „თათრის მოედანი“, დღეს ვახტანგ გორგასლის მოედანი
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მოედანი ტიფლისში. დღის განმავლობაში იქ 20 ათასამდე ადამიანი მიდიოდა. გარდა ვაჭრობისა, აქ შესაძლებელი იყო ახალი ამბების გაგება, რადგან გაზეთის ყიდვის საშუალება არცთუ ბევრს ჰქონდა, თანაც ცოცხალ ინფორმაციას მაშინ უფრო მეტი ფასი ჰქონდა, ვიდრე საგაზეთოს. მოედანზევე იყო აშპაშხანა, ანუ სასადილოების რიგები - სახაშეები, საქაბაბეები (აშპაშხანა - სპარსულად „აშ“ – წვნიანი, „ფაზ“ – მხარშავი, „ხანა“– სახლი) აშპაშხანა მოხსენიებული აქვს იოსებ გრიშაშვილს რამდენიმე ლექსში. პოეტი აშპაშხანის აღწერისას აღნიშნავდა: „ყოველი რესტორნის პატრონს მუშტრების საამებლად, „სიმებიანი ორკესტრის” ნაცვლად, შეტოლებული ჩიტები ჰყავდა გალიაში“.



ხედი მეტეხიდან - XIX-XXI საუკუნეები ერთი რაკურსით



თბილისის კლასიკური გიმნაზია
დაარსდა 1830 წელს ადრე არსებული (1804-იდან) „კეთილშობილთა სასწავლებლის“ ბაზაზე.
20 წლის განმავლობაში ეს გიმნაზია იყო ვაჟთა ერთადერთი საერო საშუალო სასწავლებელი საქართველოში. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, კონსტანტინე მამაცაშვილი, დავით მაჩაბელი, ივანე კერესელიძე, ილია ჭავჭავაძე, ბესარიონ ღოღობერიძე, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი, ივანე ჯავახიშვილი, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო და სხვ.
XX ს. 90-იან წლებში თბილისში სამოქალაქო ომის დროს სასწავლებლის ისტორიული შენობა დაიწვა. 1995 წ. 1-ელ სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა აღდგენილი შენობა - პირველი საშუალო სკოლა. 2011 წლიდან კი სკოლას დაუბრუნდა ისტორიული სახელი „თბილისის კლასიკური გიმნაზია“.