ნინო ანანიაშვილი: „ეს ერთადერთი პროფესიაა, სადაც ვერც დედა და ვერც მამა ვერ გიშველის...“

ერთი სამუშაო დღე

5 ოქტომბერი 18:00, 2017 წელი

ერთი სამუშაო დღე ამჯერად ოპერისა და ბალეტის თეატრში გავატარეთ. 14-15 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ადანის ,,ჟიზელს" წარმოადგენს. მანამდე კი ჩვენ რეპეტიციებს დავესწარით. ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ დავწერ, რომ კარში გაძლიერებული დაცვა დაგვხვდა. მოცეკვავეებამდე საბალეტო დასის პრესსამსახურის მენეჯერი, თამარ მოდებაძე შეგვიძღვა.


 თამარი სარეპეტიციოსთან გვხვდება და სასიამოვნო სიახლეს გვამცნობს: „ჩვენი დასის წამყვანი სოლისტები, ნუცა ჩეკურაშვილი და ფილიპ ფედულოვი 30 სექტემბერს ტოკიოში მიემგზავრებიან, სადაც  პრესტიჟულ დასთან ერთად „მძინარე მზეთუნახავში“ მიიღებენ მონაწილეობას, - გვიმხელს თამარი და დარბაზებისკენ მიგვითითებს, სადაც მალე მოცეკვავეები მოიყრიან თავს.



რეპეტიციისთვის მზადებას 11 საათიდან სხვადასხვა ვარჯიშებით იწყებენ. მიხაილ ფოკინის ბალეტები - ,,ფასკუნჯი", ,,შოპენიანა", ,,ვარდის ზმანება" - დასი სამი წარმოდგენისთვის ემზადება. ასე რომ, ოპერისა და ბალეტის თეატრში, საბალეტო სპექტაკლებზე ცარიელი დარბაზის ნახვა გაგიჭირდებათ.


 


 




ვანცა რეხვიაშვილი 18 წელია საბალეტო დასის წევრია. იგორ სტრავინსკის „ფასკუნჯისთვის“ რეპეტიციაზე სხვა მოცეკვავეებთან ერთად შედის. მანამდე კი საკუთარ თავზეც გვიყვება. საყვარელ საქმიანობასთან ერთად, 9 წლის შვილს, მარინა-მია მაჭავარიანს ზრდის. ამბობს, რომ ბალეტი მისთვის ყველაფერია. „ბალეტი უდიდეს კულტურას გვაზიარებს. ადამიანს შინაგანად, ემოციურად ავითარებს. ეს სულ სხვა სფეროა, ეს სულ სხვა ცხოვრებაა“, - ამბობს გვანცა.


 


 



ბალერინა თათა ჯაშს მაყურებელი სატელევიზიო შოუდანაც - „შენ შეგიძლია ცეკვიდან“ იცნობს. 8 წლის იყო, როცა ცეკვა დაიწყო და ამბობს, რომ ბალეტით პირველი წუთიდანვე „მოიწამლა“. „ბალეტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე მას პროფესიას ვერ დავარქმევ. ცეკვა ის არის, რითიც ყველაფერს გამოვხატავ“, - გვიყვება თათა და რეპეტიციის დეტალებს გვიხსნის. „რეპეტიციამდე პირველი ეტაპი გახურების პროცესია. ამ დროს კუნთებს ვავარჯიშებთ“, - თათა „ფასკუნჯისთვის“ ემზადება.


 


 




თეა კოპალეიშვილი 9 წლიდან ცეკვავს. 19 წელია, რაც ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წევრია. „ჩემთვის ბალეტი მთელ ცხოვრებას ნიშნავს. 38 წლის ვარ და ცხოვრების ყველზე დიდი ნაწილი თეატრში მაქვს გატარებული. მგონია, რომ, რაც დავიბადე, ეს იყო ჩემი საქმე და უნდა გამეგრძელებინა“, - ამბობს 3 ბიჭის, ლუკას, დაჩისა და გეგა ინწკირველების დედა და იმასაც დასძენს, რომ უფროსი ბიჭები ფეხბურთელი მამის, ალექსანდრე ინწკირველის კვალს მიჰყვებიან.


 


 




ბალერინა შორენა ხაინდრავა დასის ყველაზე მაღალი წევრია. 1,77 სმ სიმაღლის მოცეკვავე 18 წელია, საყვარელ საქმეს ემსახურება.
„დედა, ბებია და ბაბუა ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები იყვნენ. ეს პროფესია ჩემთვის უცხო არ იყო და მეც მათ კვალს გავყევი. ჩემი დროის 90%-ს ამ საქმეს ვუთმობ. შრომისმოყვარე თუ არ ხარ, საბალეტო სფეროში ვერ გაჩერდები. ბავშვობაში რამდენიმე კონკურსში გავიმარჯვე და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვევაც მქონდა, თუმცა საქართველოში დარჩენა ვარჩიე“, - გვიყვება შორენა და იმასაც გვიმხელს, რომ ზედმეტად მაღალი ბალერინისთვის პარტნიორის მოძიება რთული საქმეა, თუმცა ეს მას დისკომფორტს სულაც არ უქმნის და სოლო პარტიებშია დაკავებული.



შორენა ხაინდრავა ორი შვილის, 14 წლის კესანესა და 7 წლის გიორგის დედაა. მეუღლე პროფესიით ექიმი ჰყავს, ბეჟან ხელაშვილი. ამბობს, რომ ბეჟანი მისი დიდი გულშემატკივარია. „ჩემს ქმარს ძალიან რთული პროფესია აქვს - თავ-კისრის ქირურგია. დილიდან საღამომდე მე თეატრში ვარ, ის კლინიკაშია, თუმცა საღამოობით ერთად ვართ და ვცდილობთ, შვილებს ყურადღება არ მოვაკლოთ. როგორც ბალერინის, ისე ექიმის სამუშაო ხშირად ნერვიულობასთანაა დაკავშირებული და სრულ მობილიზაციას ითხოვს. რთული სპექტაკლის წინა დღეს მე ფეხებს ვასვენებ, რომ სპექტაკლზე არ ამიკანკალდეს, ბეჟანი კი ოპერაციისთვის მზადებისას ხელებს ასვენებს, რომ ხელი არ აუკანკალდეს“, - შორენა ხაინდრავა ოჯახის შესახებაც გვიყვება.


 


 


საქართველოს სახელმწიფო ბალეტში დისციპლინა უმაღლეს დონეზეა. დაგვიანებით მოსული მოცეკვავეები დარბაზში შესვლამდე სიტუაციას აკვირდებიან. საბალეტო დასის გამგის თანაშემწე და ბალეტის ინსპექტორი მაია ალფაიძე დარბაზში მოცეკვავეების სიით შემოდის და ნინო ანანიაშვილის თანაშემწესთან, ეკა შავლიაშვილთან ამოწმებს, ვინმე თუ აცდენს რეპეტიციას.


„ვინ რომელ ხაზში ან ვინ ვის ნაცვლად შემიძლია დავაყენო, ასეთ საკითხებზე მე ვზრუნავ. დასში რამდენიმე იაპონელიც გვყავს. ზოგიერთი მათგანი კი, უბრალოდ, სტაჟირებას გადის“. - გვეუბნება ქალბატონი მაია.


 


 




 19 წლის თათული თალაკვაძე „ფასკუნჯისთვის“ ემზადება. 11 წლიდან ცეკვავს. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წევრი ერთი წლის წინათ გახდა. „ცეკვა რომ დავიწყე, ისე შემიყვარდა და მომეწონა, მივხვდი, რომ მის გარეშე ვეღარ ვიცხოვრებდი. საკმაოდ მკაცრი რეჟიმის გავლა მომიწია, თუმცა ნამდვილად ღირდა“,  - გვიყვება თათული და დარბაზში ბრუნდება.


 


 



 ანზორ მანჯგალაძე დასში 5 წლის წინათ აღმოჩნდა. მაშინ 19 წლის იყო. ქართული ცეკვების შემსრულებელმა საბალეტო სცენაზე გვიან გადაინაცვლა, თუმცა მიიჩნევს, რომ უკვე დიდი მიღწევაა ის, რომ დღეს „ფასკუნჯისთვის“ ემზადება.


 


ამასობაში შუადღეც მოგვიახლოვსარეპეტიციო დარბაზში, 2 საათზე საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილი გამოჩნდა. სანამ ნინო რეპეტიციისთვის მოემზადება, კოსტიუმების სანახავად ჩავდივართ.




ლილი ჯარიაშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრში 1997 წლიდან მუშაობს. ყოველი სპექტაკლის მოახლოებასთან ერთად ქალბატონ ლალის დიდი სამზადისი აქვს. აი, ახლაც კოსტიუმებს წმენდს და ისე გვესაუბრება: „გარდა იმისა, რომ ეს ჩემთვის სამუშაოა, აქ ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდი სიყვარულით ვარ. ახლა „შოპენიანასა“ და „ფასკუნჯისთვის“ ვემზადებით“.


 


 




ნინო ანანიაშვილი დარბაზში შედის. „ვარდის ზმანება“ მინიატურაა, რომელსაც ორი სოლისტი ასრულებს. ეს არის ახალგაზრდა გოგოს მოგონება, მოჩვენება პირველი სიყვარულის“, - აანონსებს ნინო წარმოდგენას და დასის სოლისტთან, იაპონელ მოცეკვავე იონენ ტაკანოსთან ერთად რეპეტიციას იწყებს.



 


დასში სიახლეა. „ახალი ბიჭი მოცეკვავეები გვყავს. ერთი - ბრაზილიიდან, მეორე კი საბერძნეთიდან ჩამოვიდა. „გედების ტბა“ უკვე შეასრულეს. ამავე სპექტაკლით იტალიაში გავემგზავრებით. იანვარში კი მაყურებელს განახლებული სპექტაკლის „რომეოსა და ჯულიეტას“ პრემიერას შევთავაზებთ. სეზონის დახურვას ისევ ბალეტის ფესტივალით ვფიქრობთ“, - ნინო ანანიაშვილი სიახლეებსა და თეატრის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.


გადაღებების დასასრულ, შეკითხვაზე: რა არის მთავარი, იყო ბალეტის მოცეკვავე? პრიმა ბალერინამ შემდეგნაირად გვიპასუხა: „ნიჭსა და მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ხელოვნებაში შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის გარეშე არაფერი გამოგვივა. ალბათ, ერთადერთი პროფესიაა, სადაც ვერც დედა და ვერც მამა ვერ გიშველის. მაყურებლის წინაშე შენ გამოდიხარ და აპლოდისმენტებს ან იმსახურებ, ან - ვერა“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში

როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.
ამბები

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა.
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა

15 აპრილს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.
საკნატუნო ამბები

ეფექტური ნიღბები, რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს

მართალია, ბუნებრივად ჯანსაღ და ლამაზ თმას არაფერი სჯობს, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თუკი მზად ხართ, იმოქმედოთ!
საკნატუნო ამბები

დაქორწინებული კაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და... უკეთესი სექსი აქვთ

დაქორწინების თემა კაცების უმეტესობისთვის ისეთივე მტკივნეულია, როგორც კბილის ამოღება ანესთეზიის გარეშე. თანაც სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ ქორწინებას საკმარისად ბევრი უპირატესობა აქვს.
დღის ჰოროსკოპი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?