იცით თუ არა

რა საიდუმლოს ინახავს ყველაზე თავზარდამცემი „ყვირილი“?!

fun time

18:00 შაბ. 23 იანვარი, 2021 წელი

რა საიდუმლოს ინახავს
ედვარდ მუნკის „ყვირილი“

14
დაკოპირებულია

ამბობენ, „ყვირილმა“ ათობით ადამიანი დაწყევლაო - სურათთან კონტაქტის შემდეგ ბევრი მძიმედ დაავადდა, დეპრესიაში ჩავარდა ან უეცრად გარდაიცვალა. ნორვეგიელი მხატვრის ედუარდ მუნკის ეს შედევრი საუკუნეზე მეტი ხნისაა და შექმნის დღიდან არ მოშორებია მისტიკური საბურველი...

სიუჟეტი

ძნელია, იპოვო სხვა ნახატი, რომელიც ასეა გაჟღენთილი მარტოობით, შიშით, უიმედობით და მაინც ასე მიმზიდველი და მომნუსხველია.

ტილოზე გამოსახული ადამიანი ყვირის და ყურებზე მიდებული ხელისგულებით თავს იცავს ბუნების კივილისგან.
უკანა ფონზე ორი მშვიდი სილუეტი მხოლოდ და მხოლოდ ამძაფრებს უკიდეგანო თავზარის განცდას.
მეწამული ცის ქვეშ, ოსლოს სიახლოვეს მდებარე ეკებერგის კონცხის გზა ჩანს.


მხატვარი ნახატის შექმნის ისტორიას თავის დღიურში ასე აღწერდა:
„ორ მეგობართან ერთად ვსეირნობდი. მზე ჩადიოდა და უეცრად, ცა სისხლისფერი გახდა. მე არაქათი გამომეცალა, შევჩერდი, მოაჯირს მივეყრდენი და შევყურებდი სისხლს და ცეცხლის ალებს მოლურჯო-მოშავო ფიორდისა და ქალაქის თავზე. ჩემმა მეგობრებმა გზა გააგრძელეს, მე კი მღელვარებისგან აკანკალებული ვიდექი და ბუნების უსასრულო კივილს ვგრძნობდი“.

მხატვარი განგებ არ ცდილობს ცენტრალური ფიგურის სრულყოფას, რადგან მთელი ყურადღება ხმებისა და გმირის სულიერი მდგომარეობისკენ გადააქვს. ადამიანი ყვირილით რეაგირებს ბუნების ხმებზე და ბუნებაც ყვირილითვე ეხმიანება ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ფაქტობრივად, ტილო სამყაროს ერთიანობის იდეას ასახავს.

არსებობს ვერსია, რომ მუნკის „ყვირილი“ მხატვრის მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობის ნაყოფია. მართლაც, ეს სახე და სისხლისფერი დაისი შიშის, უსასრულო დეპრესიისა და მარტოობის სინთეზია.
„ავადმყოფობა, სიგიჟე და სიკვდილი ანგელოზები არიან, რომლებიც ჩემს აკვანს დასცქეროდნენ ჩემი გაჩენისას“, - წერდა მუნკი იმ წელს, როცა „ყვირილს“ ხატავდა.

ედვარდ მუნკი, ავტოპორტრეტი, 1895 წ.

თუმცა „ყვირილის“ შექმნისას მხატვრის მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობის ვერსია 2003 წელს ფიზიკოსმა რასელ დეშერმა და ასტროფიზიკოსმა დონალდ ოლსონმა ეჭვქვეშ დააყენეს და ნახატს სხვა ახსნა მოუძებნეს:
მეცნიერთა თქმით, ცის მეწამული ფერი სულაც არ არის გადაჭარბება და შესაძლოა, მუნკს სისხლივით ცა ნამდვილად ეხილა. და აი, რატომ:


1883 წელს ინდონეზიაში ვულკან კრაკატაუს მძლავრი ამოფრქვევა მოხდა, რის შედეგადაც ჰაერში უზარმაზარი რაოდენობის ფერფლი გაიტყორცნა. მისმა ნაწილაკებმა მზის სხივები გაფანტა, ამან კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არნახული, სისხლივით წითელი დაისი გამოიწვია. ასეთი მეწამული საღამოები თვეების მანძილზე გრძელდებოდა.

რაც შეეხება ყვირილს, რომელიც მუნკს მოესმა, სავსებით შესაძლებელია, რომ არც ეს იყო ჰალუცინაცია, რადგან ეკებერგთან ახლოს ოსლოს ფსიქიატრიული კლინიკა და ცხოველთა დიდი სასაკლაო მდებარეობდა. ამ ტერიტორიაზე გავლისას ადამიანს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისა და მომაკვდავი ცხოველების შემზარავი ხმების მოსმენა უწევდა.


კონტექსტი

მთლიანობაში, 4 „ყვირილი“ არსებობს, რომლებიც 1893-1910 წლებს შორის სხვადასხვა ტექნიკით შეიქმნა (სხვათა შორის, პასტელით შესრულებული ვერსია ანონიმმა მყიდველმა „სოტბის“ აუქციონზე 120 მილიონ დოლარად შეიძინა და ამით აუქციონზე გაყიდულ შედევრთა ღირებულების რეკორდი დაამყარა).

თავდაპირველად ნახატი 1893 წელს ბერლინის გამოფენაზე გამოიტანეს, თუმცა ვერავინ ვერაფერი გაუგო და მუნკს კრიტიკის ნიაღვარი დაატყდა თავს. გალერეაში პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო, რათა გაბრაზებულ ადამიანებს იქაურობა არ დაერბიათ. ხალხი ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა, რომ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა კაცს ასეთი საშინელი რამ შეექმნა, თუმცა სწორედ ეს ნახატი იქცა ექსპრესიონიზმის საეტაპო მოვლენად, რადგან ხელოვნებაში საშინელი მარტოობისა და სასოწარკვეთის გრძნობა შემოიტანა.


მხატვრის ბედი

მუნკი 5 წლის იყო, როცა დედა ტუბერკულოზით გარდაეცვალა. მოგვიანებით, იმავე დაავადებას შეეწირა მხატვრის უფროსი და სოფი. თავად ედვარდი დაავადებას სასწაულებრივად გადაურჩა.

კრიტიკოსების დაცინვის ობიექტად იქცა მუნკის „მომაკვდავი გოგონა“, რომელზეც სოფის უკანასკნელი წუთები იყო ასახული. ტილოს დეგენერატიული ხელოვნების ნიმუში და დაუსრულებელი ნახატი უწოდეს, თუმცა მუნკს არც უცდია იმ გარემოების აღწერა, რომელშიც მისი და კვდებოდა. მისთვის მთავარი იყო, ტილოზე სოფის დაკარგვით განცდილი ტკივილი და ემოცია გადაეტანა.

1890-იანი წლების დასაწყისში მუნკს საფრანგეთში ცხოვრება მოუწია, სადაც ვან გოგისა და გოგენის ნამუშევრები იხილა. გავლენა, რომელიც ამ მხატვრებმა მუნკის ნამუშევრებზე მოახდინეს, „ყვირილშიც“ იგრძნობა: კაშკაშა ფერები, რაც მუნკთან მანამდე არ ყოფილა, ტალღისებური ხაზები და შედარებით მკვეთრი ნახატი. მოგვიანებით, მხატვრის სტილი გაცილებით მკვეთრი, ცვალებადი თემატიკისა და განწყობის მატარებელი გახდა. თანდათან გაქრა ის განწყობაც, რომელიც მუნკის ადრეულ ნახატებში იგრძნობოდა.

უკანასკნელი 15 წელი მხატვარს თითქმის არ უმუშავია. მარჯვენა თვალში სისხლჩაქცევის გამო მხედველობის პრობლემები გაუჩნდა. კლინიკაში მკურნალობის კურსის შემდეგ მუნკი მხატვრობას აღარ დაბრუნებია.
1940 წელს, როცა ნორვეგია ფაშისტური გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, მუნკს ისევ შფოთვისა და განგაშის გრძნობა დაეუფლა, თუმცა ამჯერად, ნაცისტების მხრიდან ნახატების კონფისკაციის საშიშროების გამო. ედვარდ მუნკი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, 1944 წელს გარდაიცვალა.

ფოტოზე: ედვრდ მუნკი, 1933 წელი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი