„ოლიმპია“ - რატომ აფურთხებდნენ მანეს შედევრს?

ერთი შედევრის ისტორია

15 ივნისი 20:00, 2017 წელი

1863 წელს პარიზში ამ ტილოს გამოჩენა საზოგადოების მორალისა და გემოვნებისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო. ხალხი საგამოფენო დარბაზში მხოლოდ იმიტომ მიდიოდა, რომ ტილოსთვის შეეფურთხებინა და მხატვარი სალანძღავი სიტყვებით „შეემკო“. საინტერესოა, როგორ მოახერხა ედუარდ მანემ საზოგადოების შეშფოთება?

ედუარდ მანე მე-19 საუკუნის ერთ-ერთი პირველი ხელოვანი გახლდათ, ვინც თანამედროვე ცხოვრების ასახვა დაიწყო და საფუძველი დაუდო იმპრესიონიზმის მიმდინარეობას.

სიუჟეტი
მე-19 საუკუნეში შიშველი ნატურით ვერავის გააკვირვებდი, მაგრამ მანემ შიშველი ღვთაება ან მითიური პერსონაჟი კი არა, მეძავი განასახიერა.
ამ ტილოზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალის საძინებელი და ლოგინზე მიწოლილი შიშველი ქალი. მას მოახლე თაყვანისმცემლისგან გამოგზავნილ თაიგულს აწვდის, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევს და პირდაპირ და ცოტა ცინიკურად იყურება, თითქოს ახლად შემოსულ კლიენტს აფასებს.
ქალის თმებში ორქიდეა განაბულა. საწოლზე მოკალათებული კნუტის პოზა მეტყველებს, რომ მან, თავისი პატრონის მსგავსად, ოთახში შემოსული შენიშნა.

ნახატის სიუჟეტი ტიციანის 1538 წლის ტილოს „ურბინოს ვენერას“ მოგვაგონებს, თუმცა ტიციანთან უკანა პლანზე მზითვის მზადებით გართული ქალები და ვენერას ფეხებთან მძინარე ძაღლი ოჯახურ სიმყუდროვესა და ერთგულებაზე მიანიშნებს, ხოლო მანესთან სულ სხვა გარემოა.
ფერადკანიან მოსამსახურეს თაყვანისმცემლისგან თაიგული მოაქვს, რაც საჩუქარს, შემოწირულობას განასახიერებს.
ყელზე შებმული ხავერდის ბაფთა და ძვირფასი ქოშები მეტყველებს, რომ მანემ თავისი დროის ქალი დახატა. ამასთანავე, ნახატის სახელწოდება ქალის პროფესიაზე პირდაპირ მიუთითებდა, რადგან ოლიმპია ალექსანდრე დიუმა უმცროსის რომანის „ქალი კამელიებით“ მთავარ გმირს, კურტიზან ქალს ერქვა.

„ოლიმპიას“, სავარაუდოდ, პარიზული ბოჰემის წარმომადგენელი, მენატურე ქალი - ვიქტორინა მიორანი განასახიერებს, რომელსაც მინიატურულობის გამო, კიბორჩხალას ეძახდნენ. ეს ქალბატონი მანეს ცნობილი ნატურა გახლდათ.
მეორე ვერსიით, ტილოზე იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის საყვარელი და ცნობილი კურტიზანი ქალი მარგარიტა ბელანჟეა გამოსახული.

კონტექსტი
დღეს „ოლიმპია“ - შედევრად, ხოლო მისი სიუჟეტი ადრეული იმპრესიონიზმის ქრესტომათიად მიიჩნევა, თუმცა 1865 პარიზის სალონის მნახველები და ხელოვნების შემფასებლები სრულიად სხვა აზრზე იყვნენ.

იმდროინდელი გაზეთები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გარყვნილი ტილოს შემქმნელის შეურაცხყოფაში. „არავის და არასოდეს უნახავს „ოლიმპიაზე“ მეტად ცინიკური სურათი - კაუჩუკისგან გაკეთებული, სრულიად შიშველი მდედრი გორილა საწოლზე წევს და ხელი უხამსად მოკრუნჩხვია. ახალგაზრდა ქალებსა და ქალიშვილებს ვურჩევ, ამ სურათის ნახვისგან თავი შეიკავონ“, - წერდა იმ დროის ერთ-ერთი ცნობილი კრიტიკოსი.

სალონის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, სურათთან ორი შეიარაღებული მცველი დაეყენებინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯარისკაცებს რამდენჯერმე იარაღის მომარჯვებაც მოუხდათ, რადგან ტილოს ნაკუწებად ქცევის მსურველი ძალიან ბევრი იყო.
მანეს სურათი ასობით ადამიანს იზიდავდა, მაგრამ ისინი მხოლოდ იმისთვის მიდიოდნენ, რომ ტილოსთვის შეეფურთხებინათ. საბოლოოდ, სურათი სალონის ყველაზე შორეულ დარბაზში, ძალიან მაღლა დაკიდეს, თითქმის ჭერთან, რათა ვერავის დაენახა.
ამ ფაქტის შემდეგ ფრანგი კრიტიკოსი ჟიულ კლარეტი აღფრთოვანებული წერდა: „მანეს ფუნჯით შეთითხნილ უსირცხვილო დიაცს, ბოლოს და ბოლოს, ისეთი ადგილი მიუჩინეს, სადაც მანამდე ყველაზე უსახური ნაჯღაბნიც არ ყოფილა გამოფენილი“.

მაინც, რამ აღაშფოთა საზოგადოება, ეს ხომ ტილოზე გამოსახული პირველი შიშველი ქალი არ ყოფილა?
რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მანემდე შიშველი ნატურა ყოველთვის არამიწიერი გახლდათ: მას გამოსახავდნენ ღვთაების, მითების გმირებისა და სხვა ზეციური ქალების სახით.
მანემ კი შიშველი ჰეტერა შექმნა (ძველ საბერძნეთში: განათლებული, გაუთხოვარი ქალი, რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა).

ქალის თმებში ჩაბნეული ორქიდეა Aphrodisiacs-ია, ყელზე მოხვეული ხავერდის ბაფთა კი ისე გამოიყურება, როგორც საჩუქრისთვის შებმული ლენტა.
გახდილი ფეხსაცმელი უბიწოების დაკარგვას განასახიერებს, ხოლო კატა ალქაჯებისა და ავის მომასწავებელი განწყობის გადმოსაცემად, კლასიკური ატრიბუტია.
ფერადკანიანი მოსამსახურე გვახსენებს, რომ მე-10 საუკუნეში პარიზის ძვირად ღირებულ მეძავებს სახლში აფრიკელი მსახურები ჰყავდათ, რომელთა გარეგნობა აღმოსავლეთის ჰარამხანების ეგზოტიკურ სიამეებთან ასოცირდება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, უდიდესი მხატვრის საჯაროდ დაცვა მხატვრის მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა გაბედა. მათ შორის იყვნენ მწერალი ემილ ზოლა და პოეტი შარლ ბოდლერი. მხატვარმა ედგარ დეგამ კი მხოლოდ ეს თქვა: „ცნობადობა, რომელიც მანემ თავისი „ოლიმპიათი“ მოიხვეჭა და სიმამაცე, რომელიც გამოავლინა, მხოლოდ გარიბალდის ცნობადობასა და სიმამაცეს შეიძლება შევადაროთ“.

„ისევ და ისევ აუცილებლად მიმაჩნია, თქვენთან და თქვენზე ვილაპარაკო და დაგანახოთ, სინამდვილეში რას წარმოადგენთ. ის, რასაც ითხოვთ, სიბრიყვეა. თქვენ დაგცინიან, უსამართლოდ გექცევიან და ა.შ. რაც გაღიზიანებთ. ფიქრობთ, პირველი ადამიანი ხართ, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა? საკუთარი თავი შატობრიანზე ან ვაგნერზე უფრო ნიჭიერად მიგაჩნიათ? მათაც მასხრად იგდებდნენ, თუმცა ამისგან არ დახოცილან. გადაჭარბებული სიამაყით რომ არ აღივსოთ, გეტყვით, რომ ორივე ეს ადამიანი თავისი ნაყოფიერი ეპოქის მისაბაძი მაგალითი გახლდათ, თქვენ კი ჩვენი დროის მდორე და დეგრადირებული ხელოვნების უპირველესი წარმომადგენელი ბრძანდებით. იმედია, ჩემი უცერემონიობა არ გაგაბრაზებთ, რადგან მოგეხსენებათ ჩემი თქვენდამი მეგობრული დამოკიდებულება“, - წერდა ბოდლერი მანეს.

მხატვრის ბედი
მე-19 საუკუნის დასაწყისში ფრანგულ მხატვრობაში რადიკალური ძვრები არ შეიმჩნევა. მხატვრები ყოველგვარი ინდივიდუალიზმისა და ნოვაციების გარეშე, მდორედ მიჰყვებიან უკვე დამკვიდრებულ ტრადიციებს. მათ შემოქმედებაში აკადემიური სტანდარტით დადგენილი ფერების მკაცრი გამა სჭარბობს, სანამ მყუდროებას მანე არ დაარღვევს... 

1867 წელს მანე საკუთარ გამოფენას აწყობს და მომენტალურად პარიზელი ავანგარდისტების გმირი ხდება. მის გარშემო თავს იყრიან ისეთი ახალგაზრდა მხატვრები, როგორებიც იყვნენ პისარო, სეზანი, კლოდ მონე, რენუარი და დეგა.
ჩვეულებრივ, ისინი ბატილიონის ქუჩაზე მდებარე გარბუას კაფეში იკრიბებოდნენ, ამიტომ პირობითად, ბატილიონის სკოლა უწოდეს.
ამ ადამიანებს ხელოვნების კანონებისადმი დაუმორჩილებლობის სურვილი აერთიანებდათ და ცდილობდნენ, ახალი, ცოცხალი ფორმები ეპოვათ. სურდათ, მაქსიმალურად მიახლოებოდნენ, როგორ აღიქვამს ადამიანი ამა თუ იმ საგანს.

ედუარდ მანემ, რომელიც სხვა ფრანგ მხატვრებზე ადრე გაიტაცა იაპონურმა ხელოვნებამ, უარი თქვა ფერთა ნიუანსების დამუშავებაზე. ის მუდამ გაურბოდა ფერთა ერთმანეთში აღრევას. მის ნამუშევრებში შეინიშნება გარდამავალ ფერთა სიხალვათე, შავის სიჭარბე და ალაგ-ალაგ ჭრელი ფერი.
იაპონური გრავიურების მსგავსად, მანესთან ხაზებისა და კონტურის დომინირება ჭარბობს, მაგრამ მხატვრის თანამედროვეებში ასეთი სურათი დაუსრულებლისა და ცუდად შექმნილის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ამიტომ მანეს უნიჭო მღებავს ეძახდნენ და სალონებშიც იშვიათად იწვევდნენ.
მხატვარი იძულებული იყო თავისი ტილოებისთვის ცალკე სათავსები აეშენებინა და გამოფენები საკუთარ სახელოსნოში მოეწყო.

1870-იან წლებში, ბოლოს და ბოლოს, წარმატება მოვიდა, როცა ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე, ცნობილმა ოილ დიურან-პუელმა მანეს 30-მდე ნახატი შეიძინა.

1874 წელს მანემ უარი თქვა იმპრესიონისტების პირველ გამოფენაში მონაწილეობაზე. რთული სათქმელია, რამ მიაღებინა ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა,  ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი პოლ სეზანი იყო, რომელმაც გამოფენაზე თავისი „თანამედროვე ოლიმპია“ გამოიტანა. ნახატი, ნაწილობრივ, მანეს იმეორებდა, თუმცა სიუჟეტი ოდნავ შეცვლილი გახლდათ და მასში კლიენტი ფიგურირებდა. მანემ სეზანის სურათი თავისი „ოლიმპიას“ პასკვილად აღიქვა და ძალიან განაწყენდა.

მომავალში ოლიმპიას ცხოვრების საკუთარ ვერსიებს ქმნიდნენ პოლ გოგენი, ედგარ დეგა, ანრი ფანტენ-ლატურა, პაბლო პიკასო, გარჰარდ რიხტერი, და მრავალი სხვა.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მანეს შედევრს აღიარება მხატვრის სიკვდილის შემდეგ ეწვია.
„ოლიმპიამ“ პირველი გამოფენის შემდეგ თითქმის  მეოთხედი საუკუნე  სახელოსნოებში გაატარა და დღის სინათლე მხოლოდ 1889 წელს, საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იხილა, სადაც მდიდარმა ამერიკელმა მისი ნებისმიერ ფასად შეძენა ისურვა.
მხატვარმა კლოდ მონემ გადაწყვიტა, რაც არ უნდა დასჯდომოდა, ტილო ემიგრაციისგან გადაერჩინა და ამ მიზნით კამპანია წამოიწყო. შედეგად 20 000 ფრანკი შეაგროვა და ედუარდ მანეს ქვრივისგან ტილო გამოისყიდა, რათა საფრანგეთისთვის საჩუქრად გადაეცა.

დღეს ეს ტილო გამოფენილია პარიზში, ორსეის მუზეუმში (Musée d'Orsay).

წყარო
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.