ეს შედევრი 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას“ კოლექციის ნაწილია. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას“ მუქ ფონზე გამოსახავს და მასში სიყვარულის ორ ასპექტს – გრძნობისმიერსა და ღვთაებრივს აერთიანებს.
ერთი შეხედვით, უცნაურია ბოტიჩელის დაინტერესება წარმართული სიუჟეტითა და შიშველი ნატურით, რადგან 1480-იანი წლების დასაწყისში მხატვარმა საკუთარი თავი ქრისტიანულ ხელოვნებას უძღვნა:
1481-1482 წლებში რომის სიქსტის კაპელას რამდენიმე კედელი მოხატა, 1485 წელს ღვთისმშობელს მთელი ციკლი მიუძღვნა; ასევე, მისი მოხატულია ფლორენციის წმინდა ბარნაბას ეკლესიის საკურთხეველი...
თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნული წინააღმდეგობაა. საქმე ის გახლავთ, რომ ბოტიჩელის მსოფლმხედველობა ძალიან ახლოსა ფლორენციელ ნეოპლატონიკოსებთან - წრესთან, რომელსაც ფილოსოფოსი მარსილიო ფიჩინო ხელმძღვანელობდა.
ნეოპლატონიკოსების წარმოდგენით, მიუწვდომელი ღმერთი მიწიერი სილამაზის სახით წარმოგვიდგება, რადგან სულიერი და ფიზიკური სილამაზე ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია.
მარსილიო ფიჩინო ვენერას ჰუმანურობის ღვთაებად მიიჩნევდა: „ზეცით შობილი და ღმერთისთვის სხვებზე მეტად საყვარელი. მისი სული თავად სიყვარული და ლმობიერებაა, თვალები - ღირსება და დიდსულოვნება, ხელები - სიუხვე და დიდებულება, ფეხები - მოკრძალება და მოხდენილობა“.
სანდრო ბოტიჩელი პირველი ევროპელი ფერმწერია, რომელმაც ქალის შიშველ სხეულში ცოდვის კვალი ვერ დაინახა. „ვენერას“ სიშიშვლე პირველყოფილი ცოდვის განსახიერება არ გახლავთ (როგორც, მაგალითად, ევას გამოსახულებაში).
რომ არა მხატვრის სითამამე, ვინ იცის, შეიქმნებოდა თუ არა ჯორჯონეს „მძინარე ვენერა“ (დაახლოებით, 1500 წ.) ან ტიციანის „ურბინოს ვენერა“ (1538 წ.).
მხატვარმა უკანასკნელი ნამუშევარი „წმინდა სიმონის სასწაულები“ 1505 წელს შექმნა.
სიცოცხლის ბოლო წლები საერთოდ აღარ მუშაობდა და სიღარიბეში გაატარა.
1510 წლის 17 მაისს ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა მშობლიურ ფლორენციაში, რომლის ბედიც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე აწუხებდა. ის დაკრძალულია ონისანტის ეკლესიის სასაფლაოზე.
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ბოტიჩელის შედევრის ნახვას 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე შეძლებენ საქართველოს ეროვნულ გალერეაში (რუსთაველის გამზირი #3).