ტყუპი
გაორებულ, ანუ დუალურ ნიშნებში ყველაზე ხშირად ვხვდებით ადამიანებს, ვისაც ხასიათი ქარზე უფრო სწრაფად ეცვლებათ. ამ მხრივ კი ტყუპი, მართლაც რომ, ჩემპიონია. მას უამრავი გასართობი, ინტერესების მრავალსპექტრიანი სფერო და ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები აქვს. ამიტომ, როგორ ხასიათზეც იღვიძებს დილით, გამორიცხულია, იმავე განწყობაზე იხილოთ სადილობისას. ზოგჯერ შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ რამდენიმე სხვადასხვა ადამიანს ეკონტაქტებით. მერკურით მართული ეს ჰაეროვანი ნიშანი თავს არ იწუხებს ვალდებულებებით, მით უმეტეს, საჭიროდ არ მიაჩნია ახსნა-განმარტებები, რატომ და რა მიზეზით დააგვიანა მთელი საათით, როცა თხუთმეტ წუთში შეგპირდათ მოსვლას.
კირჩხიბი
მისი ორსახოვნება არა დუალურობის, არამედ სენსიტიური და ერთობ ფრთხილი ხასიათის ბრალია. კირჩხიბებს შინაგანი პანიკა იპყრობთ, როცა ვინმე მათ სულში ზედმეტად იქექება ან ცდილობს, გამოააშკარაოს მათი რეალური ზრახვები. ამიტომ კირჩხიბი მუდამ „ნიღბით“ დადის საზოგადოებაში, რათა ვინმემ მასთან ახლოს მისვლა არ გაბედოს. ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი ნიღაბს იხსნიან, საკუთარი ოჯახი და სანათესაოა. კირჩხიბები ყოველთვის იმაზე უფრო სუსტად და დაუცველად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან. მათთვის ამგვარი პოზა, თავდაცვის მიზნით, მომგებიანია. არავის უჩნდება სურვილი, ყურადღება შეაჩეროს საზოგადოების „ნაცრისფერ“ და უენო წევრზე. თუმცა, როცა საქმეს სჭირდება, კირჩხიბის საცეცები ნებისმიერ მიზანს წაეპოტინება და საწადელს მიაღწევს.
მერწყული
ამ არასტანდარტულად მოაზროვნე, მსუბუქი ფორმის „შიზოფრენიკს“ უყვარს საზოგადოების შოკში ჩაგდება, რადგან შინაგანად საოცრად ეპატაჟურია და ამას კაცთმოყვარეობისა და მეგობრულობის იმიჯით მალავს. მერწყულს არ მოსწონს ახსნა-განმარტებები, არასოდეს თვლის საჭიროდ, ვინმეს რამე აუხსნას და გააგებინოს. თუმცა, ამასთანავე, შეუძლია, იყოს ერთგული მეგობარი და თანამებრძოლი. დაუზარლად გაუწოდოს დახმარების ხელი სრულიად უცხო ადამიანებს და შეიფაროს ისინი ძნელბედობის ჟამს, ისე, რომ არც კი დაინტერესდეს, საიდან მოდიან ან როგორია მათი წარსული.