საკნატუნო ამბები

სიხარბის გამო საფლავში წაღებული საიდუმლო, რომელსაც მილიონობით ადამიანი უნდა გადაერჩინა

fun time

14:00 შაბ. 12 ივნისი, 2021 წელი

starlite

14
დაკოპირებულია

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში იორკშირის საგრაფოს ყოფილმა პარიკმახერმა, 60 წლის მორის უორდმა თერმოგამძლე პლასტიკატი გამოიგონა, რომელსაც შეეძლო, 10 000 ცელსიუსის ტემპერატურისა და ისეთი დარტყმისთვის გაეძლო, რომელიც 75-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრეს. გამომგონებელმა პლასტიკატს „STARLITE“ უწოდა და გადაწყვიტა იმ კომპანიისთვის მიეყიდა, რომელიც მისგან კაცობრიობისთვის რაღაც ძალიან ღირებულს შექმნიდა, თუმცა...

ყველაფერი კი 1990 წელს დაიწყო, როცა BBC-ის სამეცნიერო-ტექნიკური გადაცემა Tomorrow's World-ში მორის უორდმა სუპერსაიზოლაციო მასალა წარადგინა. გამომგონებლის თქმით, მასალის შექმნისკენ 1985 წელს მანჩესტერში მომხდარმა ავიაკატასტროფამ უბიძგა, როცა ბორტზე მყოფი 55 ადამიანი 40 წამში ტოქსიკური გამონაბოლქვისგან გაიგუდა.

მორისი ჰყვებოდა, რომ ამის შემდეგ ექსტრუდერი შეიძინა (პოლიმერული ნედლეულის გადამამუშავებელი მანქანა) და ყოველდღიურად, თერმოგამძლე პლასტიკატის 20 შემადგენლობის შერევას შეუდგა, რათა ცეცხლგამძლე მასალა მიეღო. ბოლოს და ბოლოს, უორდმა მიზანს მიაღწია და შვილიშვილის, კიმბერლის თხოვნით, უნიკალურ პლასტიკატს Starlite უწოდა.

თვალთმაქცობა რომ არ დაებრალებინათ, ტელეგადაცემა BBC Tomorrow's Worl-ში სტუმრად მისულმა უორდმა საიდუმლო შემადგენლობის მასალა ჩვეულებრივი ქათმის კვერცხზე წაუსვა. ამის შემდეგ, კვერცხი მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვია. დაახლოებით, 2400 გრადუსი ტემპერატურის ზემოქმედების შემდეგ, გადაცემის წამყვანმა კვერცხი მაყურებლის თვალწინ გატეხა. მისი შიგთავსი სრულიად უცვლელი გახლდათ, რადგან საიდუმლო შემადგენლობის პლასტიკატმა სითბური ზემოქმედებისგან მისი სრული იზოლაცია მოახდინა!
აშკარა გახდა, რომ მოყვარული ქიმიკოსის გამოგონება წარმოების მრავალ დარგში გადატრიალებას მოახდენდა.

გადაცემის შემდეგ, გამომგონებლის სახლში სტუმრების ვიზიტები გახშირდა. სტუმრებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამეცნიერო მრჩეველი, ქიმიკოსი რონალდ მეისონი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი კეიტ ლუისი.

კეიტ ლუისმა მოახერხა, უორდი დაერწმუნებინა, რომ საიდუმლო მასალის რამდენიმე ტესტი ჩაეტარებინა.
ერთ-ერთი ტესტი ლაზერით ხანგრძლივ დასხივებას ითვალისწინებდა. ტესტის დაწყებამდე, ლაზერის სხივის 100 მეგაჯოული ცეცხლგამძლე აგურებისკენ მიმართეს. აგურებზე უზარმაზარი ნახვრეტები დარჩა, მაგრამ Starlite-ით დაფარულ ობიექტს დაზიანების უმცირესი კვალიც კი არ ეტყობოდა.

კიდევ რამდენიმე ტესტი უაიტ-სენდსის ამერიკულ სარაკეტო პოლიგონზე და კუნძულ ფოლნესზე არსებულ ატომურ პოლიგონზე ჩატარდა. საიდუმლო შემადგენლობის მასალამ ბირთვული აფეთქების ტემპერატურას გაუძლო და უვნებელი დარჩა!

Starlite-ს შემადგენლობაზე დასმულ კითხვებზე მორის უორდი პასუხობდა, რომ პლასტიკატი 21 პოლიმერსა და კერამიკის მცირე ოდენობას შეიცავდა, თუმცა ყოველ ჯერზე შემადგენლობით ოდნავ განსხვავებულ მასალას წარადგენდა, რათა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მკვლევარებს მისი ზუსტი შემადგენლობა ვერ დაედგინათ.
ბუნებით ეჭვიანმა უორდმა იფიქრა, რომ კომპანიებს მისი გამოგონების უფასოდ მითვისება სურდათ და საიდუმლო ფორმულის გამხელაზე კატეგორიული უარი თქვა.

მალე პლასტიკატის შეძენით NASA და Boeing დაინტერესდნენ, რადგან სიმსუბუქისა და გამძლეობის წყალობით, „STARLITE“-ს შეეძლო, კოსმოსური ხომალდების მშენებლობასა და ავიაწარმოებაში რევოლუცია მოეხდინა.

ყველასთვის ცხადი იყო, რომ უორდის გამოგონება ავიაკატასტროფის შემთხვევაში მგზავრებს თერმული დაზიანებისა და დარტყმის ძალისგან დაიცავდა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა, მაგრამ ეჭვიანი გამომგონებელი მოლაპარაკების პირობებს განუწყვეტლივ ცვლიდა: თავიდან მილიონს ითხოვდა, მეორე დღეს კი - ათჯერ მეტ თანხას. საბოლოოდ, უორდთან საერთო წარმოებაზე მოლაპარაკება ვერცერთმა კომპანიამ ვერ მოახერხა.

მორის უორდი 2011 წელს ისე გარდაიცვალა, რომ თავისი ზეგამძლე მასალის საიდუმლო არავისთვის გაუმხელია. მას შეეძლო, ავია თუ ავტოკატასტროფების დროს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა, თუმცა ეჭვიანობისა თუ გაუმაძღრობის გამო, ამის გაკეთება არ ისურვა.

მორის უორდის გარდაცვალების შემდეგ, მეცნიერები თავს იმტვრევენ „STARLITE“-ის საიდუმლო ფორმულის გაშიფვრაზე, მაგრამ მხოლოდ ის დაადგინეს, რომ მისი შემადგენლობის 90% ორგანული ნივთიერებაა, დანარჩენი 10% კი - კერამიკა და ბორის მჟავას მარილები, თუმცა ეს საიდუმლოს ამოხსნისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ესეც მორის უორდის აღმოჩენის პრეზენტაცია გადაცემაში BBC Tomorrow's World, 1990 წელს:

წყარო: strangeattractor.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები