ხანძრის დროს განადგურდა პრაქტიკულად ყველა დეკორაცია, კოსტიუმები, რეკვიზიტები და ნოტების უმდიდრესი ბიბლიოთეკა.
იტალიელი მომღერლების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილი კი, უკეთესი მომავლის იმედით, საქართველოში დარჩა და თავის სარჩენად ხელოსნობას დაეუფლა.
სიცილიელმა ტენორმა სალვატორე კოკუცამ გადაწყვიტა, მამის პროფესია გაეხსენებინა და მიხაილოვის პროსპექტზე ( ამჟ. აღმაშენებლის გამზირი) ტრადიციული სიცილიური კეპკების სახელოსნო, სახელად „კოპოლა“ გახსნა.
იმ დროისთვის მიხაილოვის პროსპექტი, ძირითადად, გერმანელებით იყო დასახლებული და სენიორ კოკუცა იმედოვნებდა, რომ მის პროდუქციას მყიდველი არ მოაკლდებოდა.
მალე აღმოჩნდა, რომ კოპოლას პროდუქციამ გერმანელებზე მეტი პოპულარობა ქართველებში მოიპოვა. ამის შემდეგ მოხერხებულმა ტენორმა ქუთაისში მეორე სახელოსნო გახსნა და არც შემცდარა - მოდის მოყვარულ, გემოვნებიან იმერლებს კეპკები ძალიან მოეწონათ.
სიციალიური კეპკები მთელ დასავლეთ საქართველოში გავრცელდა, იტალიელმა ტენორმა კი, საქართველოს სახით, მეორე სამშობლო იპოვა.
სხვათა შორის, ველი ქუთაისელები ამ კეპკებს დღემდე კოკუცას ქუდებს ეძახიან, თუმცა წარმოდგენა არა აქვთ, ვინ იყო კოკუცა და რა კავშირშია ეს ქუდები შორეულ სიცილიასთან.