პიზის კოშკის სიმაღლე 100მ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშენებლობის მიმდინარეობისას საძირკველმა ვერ გაუძლო კოშკის სიმძიმეს და მშენებარე კოშკი სამხრეთისკენ გადაიხარა. ამიტომ კოშკის მშენებლობა 55 მეტრის სიმაღლეზე შეწყდა, თუმცა გადახრის პროცესი გრძელდებოდა.
1350 წელს კოშკი 1,4 მეტრით გადაიხარა, 1817 წელს გადახრის მაჩვენებელმა 3,8 მეტრი შეადგინა, 1993 წელს კი - 5,4 მეტრი.
ბუნებრივია, დახრის კოეფიციენტის მატება შენობის წაქცევის შანსებს ზრდიდა და მთელი მსოფლიოს არქიტექტორები და ინჟინრები თავს იმტვრევდნენ ამაზე ფიქრით, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში კოშკმა არათუ დახრა შეაჩერა, არამედ გასწორებაც დაიწყო.
საქმე სასწაულს კი არა, 11-წლიან, მასშტაბურ სარესტავრაციო პროექტს ეხება, რომელიც 90-იან წლებში, კოშკის გადარჩენის მიზნით დაიწყო.
14,5-ტონიანი კოშკის ჩრდილოეთი მხარის საძირკვლიდან გრუნტის ნაწილი ამოიღეს, რამაც კოშკის დახრილობა 4.5 -დან 4.1 მეტრამდე შეამცირა.
სამრეკლოს წრიული კონსტრუქცია ფოლადის ბაგირებით გამაგრდა. მთლიანად, რეკონსტრუქციის ღირებულებამ თითქმის 30 მილიონ ევროს მიაღწია, სამაგიეროდ, თუ რესტავრაციის დაწყებამდე კოშკის დახრილობა წელიწადში 1 მმ-ით იზრდებოდა, სამუშაოების დასრულებისა და ექსკურსიების განახლების შემდეგ (2001-დან 2013 წლების ინტერვალში) კოშკის დახრილობა, ზრდის ნაცვლად, 38 სმ-ით შემცირდა.
თუ პიზის კოშკმა, ბოლოს და ბოლოს, ჰორიზონტალურის ნაცვლად, ვერტიკალური მდგომარეობის მიღება გადაწყვიტა, სიცოცხლეს რამდენიმე ასწლეულით გაიხანგრძლივებს, თუმცა შესაძლოა, ის უნიკალურობა დაკარგოს, რომელიც მსოფლიო არქიტექტურის ყველა შედევრისგან გამოარჩევდა.