როგორც გავარკვიეთ, ციცინათელა სინათლეს ქიმიური ნივთიერების ლუციფერინის, მასში შემავალი ფერმენტის ლუციფერაზას და ჟანგბადის ურთიერთქმედების წყალობით გამოსცემს. ეს პროცესი ფოტოფორებად წოდებულ სპეციალურ უჯრედებში მიმდინარეობს. ამ დროს ლუციფერაზა ასანთის მაგივრობას წევს, ჟანგბადი კი - საწვავის.
უფრო გასაგებად თუ ავხსნით, ციცინათელების ორგანიზმში წარმოიქმნება გარკვეული ნივთიერება, რომელიც ჟანგბადთან კონტაქტის დროს ნათებას იწყებს.
აღსანიშნავია, რომ ციცინათელები სუნთქავენ, თუმცა ჩვენსავით ფილტვებით - არა. მათ ამისთვის სპეციალური, მილის ფორმის ტრაქეა აქვთ, რომლითაც ფოტოგენურ უჯრედებს ჟანგბადი მიეწოდება.
ზოგადად, მწერებში ნათების ორგანოებს ეპიდერმული წარმოშობის სპეციალური ჯირკვლები წარმოადგენს, რომლებიც ლუციფერიანებს გამოიმუშავებს. ნათების ორგანოების აგებულება სხვადასხვაგვარია, დაწყებული ჯირკვლოვანი უჯრედების მარტივი გროვებიდან, მეტად რთულ ფოტოფორებამდე, რომლებიც მანათობელ ბაქტერიებს შეიცავს. რთული ნათების ორგანოები პროჟექტორს წააგავს, სადაც სინათლეს ასხივებს ფოტოგენური უჯრედები და მათ მიერ გამოყოფილი მანათობელი ბაქტერიები.
ნათების უნარი მხოლოდ ციცინათელებს კი არა, მის ჭუპრებსაც აქვთ, თუმცა ნათურისგან განსხვავებით, ციცინათელას ნათება ცივია. ელექტროლამპის შემთხვევაში, ენერგიის უმეტესი ნაწილი უსარგებლო სითბოდ გარდაიქმნება და სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 5%-10%-ია, როცა ციცინათელები დახარჯული ენერგიის 87%-98%-ს სინათლედ გარდაქმნიან.
მეცნიერები ხუმრობენ, რომ ნათურის გამომგონებელს თომას ედისონს ძალიან შეშურდებოდა ციცინათელასი, რომელიც ასეთ მძლავრ შუქს გამოსცემს.
ციცინათელების ბევრ სახეობას შეუძლია საკუთარი სურვილით გაზარდოს ან შეამციროს ნათების ინტენსივობა ან სულაც, წყვეტილი შუქი „ჩართოს“. როცა ხოჭოს ნერვული სისტემა სინათლის ჩართვის სიგნალს უშვებს, ნათების ორგანოში ჟანგბადი ინტენსიურად იწყებს შესვლას. „შუქის გამორთვისთვის“ საკმარისია ჟანგბადის წყაროს გადაკეტვა.
ბიოლუმინისცენცია ციცინათელებისთვის საპირისპირო სქესთან ურთიერთობის საშუალებაც გახლავთ. ხოჭო ნათების სიხშირით მხოლოდ თავის ადგილმდებარეობაზე კი არ მიანიშნებს, არამედ პარტნიორის ამოცნობაც შეუძლია.
ტროპიკული და ჩრდილოამერიკული სახეობის მამრი ციცინათელები ზოგჯერ პარტნიორებისთვის ჯგუფურ „სერენადებს“ აწყობენ და ერთდროულად ინთებიან და ქრებიან. მდედრი ციცინათელების ჯგუფი მამრების მონდომებას უპასუხოდ არ ტოვებს და იმავე მეთოდით პასუხობს.