იცით თუ არა

სად გაუჩინარდა ერთი სოფლის 2000 მცხოვრები? - საიდუმლო, რომელზეც დღემდე მსჯელობენ

fun time

16:00 ხუთ. 25 მარტი, 2021 წელი

კანადური სოფლის
ანგიკუნის ლეგენდა

14
დაკოპირებულია

ყველა დანაშაული ტოვებს კვალს - ამას ნებისმიერი კრიმინალისტი გეტყვით, თუმცა, ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელი მოვლენებიც ხდება, რომელთა ახსნა არათუ კრიმინალისტებს, მეცნიერებსაც უჭირთ...

80 წელზე მეტია, მეცნიერები თავს იმტვრევენ 1930 წელს, კანადური სოფლის ანგიკუნის მოსახლეობის გაუჩინარების საიდუმლოზე.

მეთევზეების სოფელი ანგიკუნი, სადაც 2000 ესკიმოსი ცხოვრობდა, ამავე სახელწოდების ტბის სიახლოვეს მდებარეობდა. ამ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ მონადირეები და მეთევზეები, რადგან ანგიკუნის ტყეები - გარეული ცხოველით, ხოლო ტბა თევზით სავსე გახლდათ.

ანგიკუნი კანადელი მონადირის ჯო ლაბელის საყვარელი ადგილი იყო. ნადირობის შემდეგ ის სტუმართმოყვარე ესკიმოსებთან ჩერდებოდა, რათა სახლში წასვლის წინ ძალები მოეკრიბა.

1930 წლის 12 ნოემბერს საშინლად ციოდა. ნადირობის შემდეგ შეციებული მონადირე გასათბობად სოფლისკენ გაეშურა, მაგრამ ანგიკუნში საეჭვო მდუმარება დახვდა. მონადირე პირველივე შემხვედრ სახლში შევიდა. სახლში არავინ ჩანდა, თუმცა ცეცხლზე წვნიანი დუღდა და ისეთი ატმოსფერო იდგა, თითქოს ადამიანებმა სახლი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ჯომ მთელი სოფელი მოიარა. თითქმის ყველა სახლში იარაღები და პროდუქტი ხელულხლებელი ეწყო, მაგრამ ერთი ადამიანიც კი ვერსად ნახა.

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ თოვლზე სახლიდან გასული ადამიანების ნაკვალევიც არ ჩანდა. შეშინებულმა მონადირემ ესკიმოსების სოფელი სასწრაფოდ დატოვა და უახლოესი ტელეგრაფიდან კანადურ პოლიციას ადამიანების გაუჩინარების შესახებ აცნობა.

რამდენიმე საათში ანგიკუნში კანადის სამეფო პოლიციის (Royal Canadian Mounted Police) რაზმი მივიდა. მათ კიდევ ერთი მონადირე გამოკითხეს - არმან ლორანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ღამით მან და მისმა ორმა შვილმა სოფელ ცაზე უცნაური მანათობელი ობიექტი შენიშნეს, რომელიც სოფელ ანგიკუნიკენ მოძრაობდა და შეიძლება ადამიანების გაუჩინარებასაც უკავშირდებოდა.


თუმცა, პოლიციელებს ყველაზე საშინელი წინ ელოდათ: ტერიტორიის დათვალიერებისას, მათ ადგილობრივი სასაფლაო მთლიანად გაპარტახებული დახვდათ - საფლავები ამოთხრილი იყო და მიცვალებულები გამქრალები. სოფელთან ახლოს კი დახოცილი ძაღლები ეყარა.
პოლიციამ მომხდარი ვერაფრით ახსნა, რადგან ესკიმოსებს ძაღლები მარჩენლებად მიაჩნდათ და არასოდეს დახოცავდნენ. მით უმეტეს, არასოდეს ამოთხრიდნენ საკუთარ მიცვალებულებს.

საიდუმლოდ რჩება: რატომ მიატოვა 2000-მა ესკიმოსმა თავიანთი სახლები ისე, რომ საკვები და ტანსაცმელი თან არ წაიღო, მით უფრო, რომ მათ სადაც გზაში საშინელი ყინვა და თოვლი ელოდათ.

***

უფოლოგიით დაინტერესებულმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ფრენკ ედვარდსმა (Frank Edwards) ეს ამბავი 1959 წელს აღწერა თავის ერთ-ერთ წიგნში „Stranger than Science“, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ეხება.

ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ RCMP-მა უარყო, რომ ანგიკუნის გაქრობის საქმეზე ოდესმე გამოძიება ჩაუტარებიათ და ამ ყველაფერს ჟურნალისტის მიერ მოგონებული ლეგენდა უწოდა.

პოლიციის ასეთ შეფასებას იმ დროს საზოგადოებამ არ დაუჯერა, რადგან ფრენკ ედვარდსს, როგორც რეპორტიორს, მაღალი რეპუტაცია ჰქონდა. პრესაში იბეჭდებოდა სტატიები ამ ფაქტის ირგვლივ, იწერებოდა შფასებები...

მალევე ყველაფერი მიწყნარდა და 17 წელი პრესა ჩუმად იყო, თუმცა ინტერესი კვლავ რჩებოდა.

ამიტომ წლების შემდეგ ჟურნალისტები მიუბრუნდნენ ანგიკუნის გაქრობის ლეგენდას და სოფელ ანგიკუნის საქმე ხელახლა შეისწავლეს - ეს მოხდა 1976, 1977, 1988 და ბოლოს 2013 წლებში.

ჟურნალისტებისა და ისტორიკოსების საბოლოო ვერსიით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, არც მონადირე ჯო ლაბერი არსებობდა და არც არმან ლორანი. ეს იყო ფრენკ ედვარდსის ლამაზი ზღაპარი და ავტორი ვერც კი იფიქრებდა, ამხელა რეზონანსს თუ გამოიწვევდა.

თუმცა ბევრი უფოლოგი დღემდე იზიარებს იმ თეორიას, რომ 1930 წლის ნოემბერში უცხოპლანეტელების მიერ მოსახლეობის მასობრივი მოტაცების ფაქტს ჰქონდა ადგილი და ედვარდსმა მხოლოდ ფაქტები აღწერა.

წყარო: mysteriesrunsolved.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი