ვანგა ბულგარეთში დაიბადა და 85 წლის ასაკში, იქვე გარდაიცვალა. თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე მან მომავლის დანახვა 51-ე საუკუნემდე მოასწრო - სწორედ იმ დრომდე, როცა, ვანგას აზრით, სამყაროს აღსასრული დადგება.
ნათელმხილველმა, რომელსაც ბალკანელი ნოსტრადამუსი უწოდეს, იწინასწარმეტყველა, რომ 2018 წელს ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით და მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე გავლენით აშშ-ს გაასწრებს და ახალი ზესახელმწიფო გახდება, თუმცა ექსპერტებსა და სპეციალისტებს ამ მოვლენების ასეთი განვითარება საეჭვოდ მიაჩნიათ. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი სწრაფი ტემპებით ვითარდება, ამ ქვეყნის მსოფლიო ლიდერობაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია.
ბულგარელი ნათელმხილველის თქმით, 2018 წელს პლანეტა ვენერაზე ენერგიის ახალ წყაროებს აღმოაჩენენ, თუმცა დღეისთვის არსებული მონაცემებით, ვენერაზე გაფრენას არცერთი სახელმწიფო არ გეგმავს. შესაბამისად, საეჭვოა, ახალი ენერგიის წყაროების აღმოჩენა უახლოეს წლებში მოხდეს.
ამბობენ, რომ 1989 წელს ვანგამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული შეტევა იწინასწარმეტყველა:
„შიში, შიში! ამერიკელები დაეცემიან რკინის ჩიტების შეტევის შემდეგ. უდანაშაულოთა სისხლის მდინარეები დადგება და მგლები ბუჩქებში აყმუვლდებიან“.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, ევროპა, რომელსაც მანამდე ვიცნობდით, 2016 წლისთვის აღარ იარსებებს. ვანგას ახლობლების თქმით, უსინათლო წინასწარმეტყველი ევროპის ტერიტორიაზე ექსტრემისტული ძალების შეტევაზე საუბრობდა.
სავარაუდოდ, ექსტრემისტულ ძალებში ერაყისა და სირიის ისლამისტური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფება „აისისი“ იგულისხმებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვანგას ბევრი ხილვა არ ასრულებულა, მისი წინასწარმეტყველებები მსოფლიოში დღემდე დიდ აჟიოტაჟს იწვევს.