ამჟამად ფინეთში მოქმედებს პროგრამა „Housing First“ (სახლი უპირველეს ყოვლისა), რომლის მისიაა უსახლკარო ადამიანების მუდმივი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა.
სპეციალური ჯგუფები უსახლკაროებთან ინდივიდუალურად მუშაობენ, რათა ბინის გადაცემამდე გაარკვიონ, რა მიზეზით დარჩნენ ეს ადამიანები უბინაოდ.
ახალი სახლების მშენებლობის პარალელურად, მიმდინარეობს უსახლკაროთა თავშესაფრების რეაბილიტაცია და საცხოვრებელ ბინებად გადაკეთება, სადაც ყოფილი უსახლკაროები ახალი ცხოვრების დაწყებას შეძლებენ.
ვისაც შემოსავალი საშუალებას აძლევს, ნაწილობრივ ან სრულ საიჯარო გადასახადს იხდიან. კომუნალური გადასახადების ნაწილს კი მუნიციპალიტეტები ფარავენ.
„ჩვენ უსახლკარო ადამიანებს არ ვუყენებთ პირობას, რომ თავიანთი დამოკიდებულება დაძლიონ ან საცხოვრებელი ადგილის მისაღებად, მუდმივი სამუშაო იშოვონ. ვფიქრობთ, რომ პირიქით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მათი პრობლემების მოგვარებას გააიოლებს. რა თქმა უნდა, ამ პროექტის განხორციელებას დიდი ფული სჭირდება, მაგრამ არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელიც ადასტურებს, რომ უფრო მომგებიანია უსახლკაროების რაოდენობის შემცირება, ვიდრე მათთვის სხვა სახის სერვისების შეთავაზება. უსახლკარობასთან ბრძოლაში ჩადებული ინვესტიცია ყოველთვის გამართლებულია. რომ აღარაფერი ვთქვათ, ადამიანურ და ეთიკურ ასპექტებზე“, - ამბობს ბინების განაწილებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „Y-Foundation“-ის გენერალური მდივანი იუჰა კააკინენი.