პატარა ბერნარდინა გადამდგარი გერმანელი ოფიცრის, ბერნარდ ნისაუსა და მისი ებრაელი ცოლის ოჯახში დაიბადა. კაროლინა შვიდი თვის ორსული იყო, როცა ბერნარდ ნისაუ გარდაიცვალა და ქვრივი, ახალშობილ გოგონასთან ერთად, საცხოვრებლად მშობლებთან, მიუნხენში გადავიდა.
ქალმა იცოდა, რომ მათ სახლთან ახლოს ადოლფ ჰიტლერის რეზიდენცია მდებარეობდა, სადაც „ერის მამა“ ხშირად ადგილობრივ ბავშვებს ხვდებოდა. გამჭრიახი კაროლინა დარწმუნებული იყო, რომ, თუ ფიურერი მის ულამაზეს გოგონას გაიცნობდა და გაიგებდა, რომ ერთ დღეს დაბადებულები არიან, გოგონას მფარველობას არ მოაკლებდა...
ერთ ჩვეულებრივ დღეს რეზიდენციასთან მისულ ფიურერს საზეიმოდ გამოწყობილი ბავშვების ჯგუფი ყვავილებით შეეგება. წინა რიგში ბერნარდინა ისე იდგა, როგორც არიული სილამაზისა და ჯანმრთელობის განსახიერება და ჰიტლერი მაშინვე მოიხიბლა.
ფიურერმა გოგონა და დედამისი სახლში მიიწვია და ნამცხვრებით გაუმასპინძლდა. როცა გაიგო, რომ ის და გოგონა ერთ დღეს იყვნენ დაბადებულები, ბავშვი საჩუქრებით აავსო. მოგვიანებით კი დაცვას უბრძანა, ბერნარდინა მასთან ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად შეეშვათ.
გერმანული გაზეთები მხოლოდ პატარა ბერნიზე წერდნენ. ჰიტლერსა და გოგონას შორის გაცხოველებული მიმოწერა გაიმართა. „ერის მამამ“ რამდენჯერმე გოგონას გამო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეც კი გადადო. ჰიტლერის პირადმა ფოტოგრაფმა ფიურერისა და გოგონას ასობით ერთობლივი ფოტო გადაიღო, რომლებმაც ყველა გაზეთი მოიარა.
მალე ყოვლისშემძლე მარტინ ბორმანმა გოგონას ებრაული წარმოშობის შესახებ შეიტყო და ფიურერსაც აცნობა. ჰიტლერს უცნაური რეაქცია ჰქონდა. „სიხარული აუცილებლად ვინმემ უნდა ჩამაშხამოს“, - განაცხადა მან და კაბინეტში ჩაიკეტა.
დაუჯერებელია, მაგრამ ამ ისტორიის შედეგად, არავინ დაზარალებულა. ჰიტლერმა ბერნისთან მეგობრობა გაწყვიტა, თუმცა სწორედ ფიურერთან ძველი მეგობრობის წყალობით გადარჩნენ ცოცხლები ის და დედამისი ებრაელთა მასობრივი განადგურების დროს.
ომის დასრულების შემდეგ ბერნიმ კარგი განათლება მიიღო და არქიტექტორი გახდა, მაგრამ სრულიად ახალგაზრდა, პოლიომიელიტით გარდაიცვალა.
ბერნის დედამ ღრმა სიბერემდე იცოცხლა და სიცოცხლე მოხუცებულთა სახლში დაასრულა.