1997 წლის 19 ნოემბერს კენი და ბობი მაკოგებს შვიდი ტყუპისცალი შეეძინათ: კენი, ლესლი, ნატალი, ბრენდონი, ალექსისი, ნათანი და ჯონი. მათ ჰყავთ ერთი წლით უფროსი და მიქაელა, რომელიც უკვე გათხოვილია და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
კენი მაკოგი რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა გეგმურ ექოსკოპიაზე მივიდა. შოკირებულმა ექიმებმა ცოლ-ქმარს გამოუცხადეს, რომ ქალს შვიდი ემბრიონი ჰყავდა. მორწმუნე ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ღვთის ჩანაფიქრისთვის ხელი არ შეეშალა და შვიდივე შვილი დაეტოვებინა.
ადვილი წარმოსადგენია, როგორ პრობლემებთან უწევდათ ტყუპების მშობლებს გამკლავება, თუმცა კენიმ და ბობიმ ყველაფერს თავი გაართვეს. მეგობრებისა და ნათესავების გარდა, ოჯახს საქველმოქმედო ორგანიზაციებიც ეხმარებოდნენ.
მრავალშვილიანმა მშობლებმა სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღეს სახლი შვიდი საძინებლით. სახელმწიფომ ბავშვები სრულწლოვანებამდე უფასო კვების პროდუქტებითა და დასვენებით უზრუნველყო.
პატარებს რამდენიმე უნივერსიტეტმა სკოლის დამთავრების შემდეგ უფასო სწავლა შესთავაზა.
წელს ტყუპები 18 წლისები გახდნენ.
ბრენდონი სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წასვლას აპირებს, ალექსი პედაგოგობას გეგმავს, ნატალი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იქნება, კენი-უმცროსი სამშენებლო ფაკულტეტზე ისწავლის, ხოლო ნათანი და ჯონი პროგრამისტები გახდებიან. მომხიბვლელი კელსი აიოვას შტატის გუნდში მღერის და მომღერლის კარიერაზე ოცნებობს. ტყუპები ერთმანეთისთვის მხოლოდ დედმამიშვილები კი არა, საუკეთესო მეგობრებიც არიან.
შვილების უზრუნველსაყოფად მშობლებს ძალა და ენერგია არ დაუზოგავთ. კენი-უფროსი მეტალოპლასტმასის წარმოების კომპანიაში მუშაობს. ბობიმ კი მთელი ცხოვრება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების პედაგოგად იმუშავა.
„ყოველთვის მემახსოვრება დღე, როცა პირველად გავიგე, რომ შვიდი პატარა მეყოლებოდა. თავიდან ბევრი ეჭვი და ნერვიულობა იყო, მაგრამ ჩვენ ღმერთის იმედი გვქონდა. დიახ, ძალიან ბევრ განსაცდელს გავუძელით, მაგრამ სიხარულიც ბევრი გვქონდა და დღეს ჩვენი შვილებით ვამაყობთ“, - ამბობს რვა შვილის დედა.