„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დახმარებით დიმიტრი ცინცაძის ფონდის ბენეფიციარები საზღვარგარეთ სამედიცინო კონსულტაციების მიღებას შეძლებენ
10:15 სამ. 25 მაისი, 2021 წელი
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. თანამშრომლობის ფარგლებში ჯიპიაი ფონდის ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს კომპანიის ახალი სერვისით- საერთაშორისო კონსილიუმი - ისარგებლონ. საერთაშორისო კონსილიუმი ეს არის სერვისი, რომელიც პაციენტებს მსოფლიოს წამყვან კლინიკებში დიაგნოზზე დამატებითი ინფორმაციის, ე.წ. მეორე აზრის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
„ჯიპიაის“ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფონდის ბენეფიციარები, შეძლებენ აირჩიონ წამყვანი ონკოლოგიური კლინიკები მსოფლიოს მასშტაბით და გადაგზავნონ თავიანთი სამედიცინო ისტორია. მონაცემების გადაგზავნის შემდეგ, მათ დიაგნოზს ონკოლოგიის წამყვანი სპეციალისტები კონსილიუმზე განიხილავენ. 10 სამუშაო დღეში კი დაზუსტებულ დიაგნოზს და სამედიცინო რჩევებს მიიღებენ, თუ რა არის უმჯობესი კონკრეტული დიაგნოზის მკურნალობისას.
თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი: ეს თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის „კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფონდის ბენეფიციარებს დავეხმარებით სამედიცინო ისტორია წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებს გაუგზავნონ და მათ გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებული მკურნალობის გეგმა მიიღონ. დროული, ზუსტი დიაგნოსტიკით და საკმარისი ფინანსური რესურსებით დღეს ამ დაავადების დამარცხება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში კერძო სადაზღვევო სისტემის ჩართვა. ჩვენი პროდუქტი 200 000 ლარამდე კომპენსაციასთან ერთად ახლა უკვე დიაგნოზის საზღვარგარეთ დაზუსტების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც კიბოს დამარცხებას კიდევ უფრო რეალურს ხდის. ამიტომ გვინდა ჩვენი შეთავაზების შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და გამოიყენოს დაზღვევა - როგორც ფინანსური თავდაცვის მექანიზმი.
„ბავშვთა ონკოლოგიაში, ისევე როგორც ზოგადად მედიცინაში უმნიშვნელოვანესია სწორი დიაგნოზი, რაც განაპირობებს სწორ მკურნალობას და პაციენტის გამოჯანმრთელებას, ამავდროულად ფონდის 7 წლიანი ისტორიის სტატისტიკით, სწორედ დიაგნოზის საზღვარგარეთ გადამოწმების ხარჯებს მიაქვს ფონდის მიერ მოზიდული თანხების დიდი ნაწილი, კომპანიის მხრიდან ჩვენი ფონდის ჩართვა „საერთაშორისო კონსილიუმში“ მნიშვნელოვნად წაადგება ფონდის ბიუჯეტს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი ბენეფიციარების გამოჯანმრთელებას“, - ამბობს ფონდის წევრი და ოპერატორი, დიტო ცინცაძე.
საერთაშორისო კონსილიუმის სერვისს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავტორიტეტულ საერთაშორისო კომპანია SWISS RE- სთან თანამშრომლობით ნერგავს. პროექტის პარტნიორები საერთაშორისო კომპანია „მედიგაიდი“ და კლინიკა „კურაციო“ არიან. „მედიგაიდი“ საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1990 წელს აშშ-ში დაარსდა და 152-ზე მეტ ქვეყანაში აძლევს საშუალებას ადამიანებს სამედიცინო დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადაამოწმონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან