იცით თუ არა

9 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც ეკოლოგიისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს

fun time

19:30 პარ. 23 ივლისი, 2021 წელი

გარემოს დაბინძურება

14
დაკოპირებულია

მათ ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეს, რომელიც ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ ნივთებს გარემოსთვის მოაქვს. 

ყავის კაფსულები

აშშ-ს ყავის ეროვნული ასოციაციის მონაცემებით, ამერიკული ოჯახების 29% სახლში კაფსულის ტიპის ესპრესოს აპარატებით სარგებლობს. შესაბამისად, ყოველწლიურად ნაგავსაყრელზე მილიარდობით გამოყენებულ ყავის კაფსულას ყრიან.

კომპანია Nespresso-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჟან -პოლ გაილარდმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან ეს ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, თუმცა კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ ეკოლოგიურად მისაღები კაფსულების შექმნაზე მუშაობა დაწყებულია.

ცოტა ხნის წინ, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ყავის კაფსულების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოყენება აიკრძალა. როგორც ჩანს, მალე მსოფლიოში ყავის კაფსულების წინააღმდეგ გაცხოველებული ბრძოლა დაიწყება.

კოსმეტიკა პლასტმასის მიკროგრანულებით

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კბილის პასტის ბევრი მწარმოებელი თავის პროდუქტს პლასტმასის მიკროგრანულებს უმატებს. ეს პლასტმასის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, რომელიც ყოველწლიურად, მილიონობით ტონას აღწევს და საბოლოოდ, ოკეანეებში ხვდება.

არაბიოდეგრადირებადი პლასტმასის მიკროგრანულები, რომლებსაც მცირე ზომის გამო, გასაფილტრი მოწყობილობები ვერ აჩერებს, ტოქსიკურ ქიმიკატებს იზიდავენ და ზღვის ეკოლოგიისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვთ. ეს მიკროსკოპული მავნებლები სხვადასხვა შხაპის გელებსა და სკრაბებშიც გვხვდება, მაგრამ იმედია, ეს მალე დასრულდება..

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კოსმეტიკური და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების წარმოებაში პლასტმასის მიკროგრანულების გამოყენება აკრძალა და მის მაგალითს ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიჰბაძა.

ერთჯერადი ხის ჩხირები

ჩინური ხის ჩხირების წარმოება აზიას ტყეების გაჩეხით ემუქრება. საერთაშორისო ბუნების დამცველი საზოგადოების Greenpeace–ის მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად 57 მილიარდი წყვილი ჩხირის დამზადებას 4 მილიონი ხე ეწირება.

ერთჯერადი სველი ხელსახოცები

ერთჯერადი სველი ხელსახოცები, როგორც პირადი ჰიგიენისა და სათავსის დასუფთავების საშუალება, სულ უფრო პოპულარული ხდება.

ხელსახოცების შეფუთვაზე ხშირად ნახავთ მითითებას, რომ მათი უნიტაზში ჩარეცხვა შეიძლება, მაგრამ საქმე ასე მარტივად არაა. სველი ხელსახოცი პლასტიკატს შეიცავს წყალში ქაღალდივით მარტივად არ იშლება. დიდი ოდენობით სველი ხელსახოცის კანალიზაციაში მოხვედრის შემდეგ, შესაძლებელია ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები გაიჭედოს და პლაჟებზე ფეკალიებთან ერთად გამოირიყოს.

პლასტიკის და პოლიეთილენის პარკები

ასეთი პარკები გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე მავნე წყაროა. ყოველწლიურად ნაგავსაყრელსა და ოკეანეებში ერთ ტრილიონ ტონაზე მეტი არადეგრადირებადი პარკი ხვდება, რომელიც წვისას ტოქსიკურ ქიმიკატებს გამოყოფს.

ბოლო დროს პლასტიკისა და პოლიეთილენის პარკების წარმოების შესამცირებლად, მთავრობები სხვადასხვა რეგულაციებს აწესებენ, რამაც უკვე თვალსაჩინო შედეგები მოიტანა.

ერთჯერადი ელემენტები

ელემენტები ეკოლოგიურად მავნე ისეთი ელემენტების კოქტეილს შეიცავენ, როგორიც არის კადმიუმი, ტყვია და ვერცხლისწყალი. ნიადაგში მოხვედრის შემდეგ ეს ნივთიერებები მძიმე მეტალებით გარემოს აბინძურებენ. დაწვის შემთხვევაში მძიმე მეტალები ჰაერში მოხვდება, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ერთჯერადი ელემენტების მავნე გავლენის შესამცირებლად უმჯობესია, დასამუხტი ელემენტებით ისარგებლოთ.

ჩაის პაკეტი

მწარმოებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ნეილონის ან პოლიეთილენის ტერეფალატის საფუძველზე შექმნილ ახალ ფორმულებს. მიიჩნევა, რომ პლასტიკატის ჩაის პაკეტებით უკეთესი ხარისხის ჩაი მზადება, მაგრამ ეს არაბიოდეგრადირები მასალაა და არსებობს საფრთხე, რომ ნიადაგში საშიშ ტოქსინებს გამოყოფს.

ჰორმონალური კონტრაცეპტივების ნარჩენები

სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივები ოკეანეში თევზის პოპულაციებზე მოქმედებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თევზის ზოგიერთმა სახეობამ ენდოკრინული დარღვევების გამო გამრავლების უნარი დაკარგა, რამაც მთლიან პოპულაციაზე გავლენა მოახდინა.

რა თქმა უნდა, კონტრაცეპტივების დავიწყებას ვერავინ მოგთხოვთ, მაგრამ წამლები კანალიზაციაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩარეცხოთ!

ერთჯერადი საპარსი

ბევრმა არ იცის, რომ იაფფასიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საპარსის დამზადება საკმაოდ ძვირი ჯდება ფოლადის გამო, რომლის წარმოება ნახშირის, პლასტმასის და წყლის დიდ ხარჯს მოითხოვს. მხოლოდ შეერთებულ შტატების ნაგავსაყრელზე ყოველწლიურად ორ მილიარდამდე ერთჯერადი საპარსი ხვდება.

ამიტომ ეკოლოგიური მოსაზრებების გამო, მეცნიერები თანამედროვე ელექტროსაპარსების ან მრავალჯერადი საპარსი მოწყობილობების გამოყენებას გვირჩევენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი