რატომ გვაღიზიანებს კაწვრის, ფხაჭვნის და ჭრაჭუნის ხმები?
17:04 პარ. 23 ივლისი, 2021 წელი
ბევრი ადამიანისთვის დაფაზე ფრჩხილების ჩამოკაწვრის, თეფშზე ჩანგლის წკარუნის თუ ჟანგიანი კარის ჭრაჭუნის ხმა იმდენად გამაღიზიანებელია, რომ ამის მოსმენაზე თმა ყალყზე უდგება. მაინც, რატომ რეაგირებს ჩვენი სხეული თითქოს სრულიად უწყინარ ხმებზე ასე განსაკუთრებულად?
ევოლუციის საჩუქარი
ბერლინის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყველა გამაღიზიანებელი ხმა, რომელიც ადამიანს „კედლებზე ასვლას“ აიძულებს, 2000-დან 4000 ჰერცამდე დიაპაზონშია.
ეს ადამიანის ყურისთვის ყველაზე მგრძნობიარე დიაპაზონია. ვარაუდობენ, რომ ჩვენი ფსიქოაკუსტიკის ეს თვისება ევოლუციას უკავშირდება.
როგორც ირკვევა, გამაღიზიანებელი ჟღერადობა ტვინის იმ ნაწილს ააქტიურებს, რომელიც შიშის გრძნობას აყალიბებს. მას ცნობიერება არ აკონტროლებს, შესაბამისად, ავტონომიურად მოქმედებს.
ევოლუციური განვითარების პერიოდში, როდესაც ადამიანი მაიმუნისგან ცოტათი განსხვავდებოდა, წინა ტვინი შესაძლებლობას აძლევდა, რომ საფრთხეზე სწრაფი რეაგირება მოეხდინა - დარტყმა აერიდებინა, ბრძოლისთვის მომზადებულიყო ან გაქცეულიყო მანამ, სანამ ცნობიერება ჩაირთვებოდა.
ამგვარად, დაფაზე ფრჩხილების ჩამოკაწვრა ადამიანის ტვინში უძველეს, მიძინებულ რეფლექსს აღვიძებს.
რა რეფლექსია და რას უკავშირდება უსიამოვნო ხმა?
როგორც ტენესის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, განგაში, ბავშვის ტირილი, შეშინებული ადამიანის ყვირილი და ტირილი და შიმპანზეს გამაფრთხილებელი სიგნალები ერთი და იმავე ხმის დიაპაზონშია - 2000-დან 4000 ჰერცამდე.
შენიშნეს, რომ ასეთი სიგნალები კანის ელექტრულ გამტარობას ცვლის და კუნთებს ქვეცნობიერად ძაბავს - ტვინს სხეული მყისიერად მზადყოფნაში მოჰყავს. ამ შემთხვევაში, რეფლექსი, შიშზე მეტად, მრისხანებას უკავშირდება, რომელიც გადამჭრელი ქმედებისკენ უბიძგებს.
კანის დაბურძგვლა ემოციური აღგზნების პირველი ნიშანი და ტვინის სიგნალია მოახლოებული საფრთხის შესახებ.
უძველეს ადამიანებს ზემოთ ხსენებული დიაპაზონის ხმა მაშინ ესმოდათ, როდესაც გაქცევა შეუძლებელი იყო. მას დაჭრილი ნათესავის დახმარება, ბავშვების დაცვა ან მტაცებელ ცხოველთან შებრძოლება ევალებოდა.
როგორც მოხალისეებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, უსიამოვნო ჟღერადობის კონტროლი შესაძლებელია, თუ კონცენტრაციას მოახდენთ და ყურადღებას არ მიაქცევთ.
ყველაფრის მიუხედავად, უმჯობესია უსიამოვნო ხმებით ახლობლების გაღიზიანებას მოერიდოთ, რადგან ეს ცხოველურ ბუნებას აღვიძებს, რომელიც თითოეული ჩვენგანის შიგნით იმალება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან