რატომ ეკრძალებოდათ ქალებს სიმფონიურ ორკესტრებში დაკვრა - თითქმის XX საუკუნის ბოლომდე?
14:00 შაბ. 20 თებერვალი, 2021 წელი
იცით, რომ ვენის ფილარმონიის ორკესტრი თავის მასკულინურ ტრადიციას მე-20 საუკუნის ბოლომდე იცავდა - ორკესტრის შემადგენლობაში არცერთი ქალი შედიოდა!
მე -19 საუკუნეში ქალბატონებს, რომლებიც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, თავიანთი ნიჭის დემონსტრირება მხოლოდ ოჯახის წევრებთან შეეძლოთ. საუკუნის ბოლოს ქალებმა უკვე მოიპოვეს კონსერვატორიებში სწავლის უფლება და სიმფონიურ ორკესტრებში დამკვიდრება სცადეს, მაგრამ გაუგებრობის კედელს წააწყდნენ. მამაკაცები ამტკიცებდნენ, რომ არაერთგვაროვანი გუნდი ბევრ კატასტროფას გამოიწვევდა. რომ ამას რყევები, დისციპლინის მოშლა და სამსახურში ფლირტი მოჰყვებოდა.
აღსანიშნავია, რომ ქალი შემსრულებლების პოტენციურ ნიჭსა და პროფესიონალიზმს არავინ უარყოფდა, საქმე მხოლოდ „მამაკაცთა საძმოს“ დაცვას ეხებოდა.
წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი იყო, რომ 1870-იან წლებში ავსტრიელი მუსიკოსი ქალები იძულებულნი გახდნენ, საკუთარი ჯგუფი შეექმნათ და ასე გაჩნდა ვენის პირველი ქალთა ორკესტრი. ნიჭიერმა მევიოლინემ და პიანისტმა, მადამ ჟოზეფინ ამან-ვენლიხმა ვენის კონსერვატორიის კურსდამთავრებული გოგონები შეკრიბა.
ფოტოზე: ვენის პირველი ქალთა ორკესტრი
ამ ჯგუფის რეპერტუარი „მამაკაცურისგან“ განსხვავდებოდა. მასში ჭარბობდა მსუბუქი საცეკვაო მელოდიები, ვალსები, მარშები და პოპულარული არიები სჭარბობდა. მოგვიანებით, გამოცდილების მიღების შემდეგ, ქალბატონებმა უფრო სერიოზულ კომპოზიტორებზე გადასვლა სცადეს, მაგრამ მოცარტისა და ჰაიდნის შესრულებას საოგადოების სასტიკი კრიტიკა მოჰყვა - ხალხის აზრით, სერიოზული მუსიკა მამაკაცების საქმედ რჩებოდა.
ერთგვარი წინსვლა მხოლოდ მე -20 საუკუნის დასაწყისში მოხდა: ინგლისელმა დირიჟორმა და საზოგადო მოღვაწემ ჰენრი ვუდმა თავის ორკესტრში ექვსი მევიოლინე ქალი მიიღო. ეს მსოფლიო ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალებმა სერიოზულ მუსიკალურ ჯგუფში, მამაკაცებთან ერთად დაკვრა დაიწყეს.
ამის შემდეგ სიმფონიური ორკესტრების ფემინიზაციის პროცესი ოდნავ გააქტიურდა. 30-იან წლებში, ფილადელფიის ორკესტრმა პირველი არფისტი ქალი აიყვანა.
„პირველი მერცხლების“ მიუხედავად, „მამაკაცთა ბასტიონები“ მსოფლიოში თითქმის ასი წლის მანძილზე შენარჩუნდა და ვენის ფილარმონიის ორკესტრი მათ შორის ყველაზე ძლიერი იყო. ეს კოლექტივი დღემდე ელიტარული მუსიკოსების ნამდვილ კლუბად რჩება.
ფოტოზე: ვენის ფილარმონიის ორკესტრი. 1885 წლის შემადგენლობა. რეჟისორი ჰანს რიხტერი.
აქ თაობიდან თაობას გადაეცემოდა წესები, სადაც ეწერა, რომ ორკესტრის წევრობა მხოლოდ თეთრკანიან მამაკაცებს შეუძლიათ და ეს „მამაკაცური ტრადიცია“ 1996 წლამდე შენარჩუნდა!
ვითარება მხოლოდ ათასწლეულის ბოლოს შეიცვალა და ეს ამერიკაში დაგეგმილი გასტროლების გამო მოხდა. როგორც კი ოკეანისგაღმელმა ფემინისტებმა ქალთა უფლებების ასეთი საშინელი დარღვევის შესახებ შეიტყვეს, საპროტესტო აქციებისთვის მზადება დაიწყეს, ორკესტრის ხელმძღვანელობას პოზიციის შეცვლა მოუწია.მით უმეტეს, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ გენდერული პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავა და ორკესტრის ხელმძღვანელობას გაუგზავნა.
1997 წელს ვენის ფილარმონია იძულებული გახდა დამარცხება ეღიარებინა: წესდებიდან „მხოლოდ კაცები“ წაშალეს, მაგრამ ორკესტრში ქალების გამოჩენამდე კიდევ ათი წელი გავიდა.
ფოტოზე: ფოტოზე: ვენის ფილარმონიის ორკესტრი
„პირველი მერცხლები"ალტისტი და მევიოლინე გახდნენ, რომლებსაც თავიდან ძალიან გაუჭირდათ. მხოლოდ 2011 წელს, როდესაც ორკესტრს ჯარიმის სახით 2,29 მილიონი ევროს გადახდა მოუწია, მისი გენდერული პოლიტიკა ნამდვილად შეიცვალა. დღეს გუნდში ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობას ქალი იკავებს, რაც მსოფლიოში ნამდვილ სენსაციად იქცა.
ვენის ფილარმონიის ისტორია უნიკალური არაა. ბერლინისა და პრაღის ორკესტრებში ქალების მიმართ დაახლოებით იგივე დამოკიდებუოება ჰქონდათ. სამაგიეროდ, საფრანგეთისა და შეერთებულ შტატების მუსიკალურ სეგმენტში ნამდვილი თანასწორობა სუფევს - ორკესტრებში კაცებისა და ქალების დაახლოებით თანაბარი რაოდენობაა. ქალები სასულე და დასარტყამ ინსტრუმენტებზეც კი უკრავენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან