როგორ ატყუებენ ტურისტებს მსოფლიოს პლაჟებზე
14:00 ორშ. 26 ივლისი, 2021 წელი
ზაფხულში კურორტებზე ყოფნისას საფრთხეზე ცოტა თუ ფიქრობს, სწორედ ამიტომ ადგილობრივი ყალთაბანდებისთვის ტურისტი ნამდვილი „განძია“.
ყურების გაწმენდა
ინდოეთში პლაჟებზე მყოფ ტურისტებს ხშირად სთავაზობენ ყურების გამოწმენდას. სწორედ ამის ახსნას ცდილობს პატარა კაცუნა და ყურებზე მიგითითებთ.
ყურადღებას მოადუნებთ თუ არა, იგი ყურში ოსტატურად ჩაგიყოფთ გრძელ წკირს და ყურიდან გოგირდის გროვას (რა თქმა უნდა, წინასწარ მომზადებულს) გამოიღებს.
შემდეგ ამ პროცედურის პლაჟზევე ჩატარებას გთავაზობთ. ბოლოს კი ანგარიშს წარმოგიდგენთ და 300 რუპიის გადახდას მოგთხოვთ. არ გადაუხადოთ: ჯობია, 10-20 რუპია აჩუქოთ და მსგავს სერვისზე უარი თქვათ.
პლაჟის ჯარიმები
პლაჟზე შესაძლოა, ყველაფერი ფულად ჯარიმად გექცეს. მაგალითად:
- მალიორკაზე თუკი შხაპის ქვეშ ხილს, ფეხსაცმელს, ჭურჭელს გარეცხავთ, 750 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. პლაჟზე განთავსებულ საშხაპეებში მხოლოდ სხეულის დაბანა შეიძლება;
- ესპანეთში პლაჟზე შინაური ცხოველების წაყვანა არ შეიძლება, თქვენი ეს შეცდომა ქალაქის ბიუჯეტს 1500 ევროთი შეავსებს;
- იტალიაში აკრძალულია პლაჟზე პირსახოცის, ქოლგის ანდა სკამის დატოვებით ადგილის დარეზერვება. ამისთვის 200 ევროთი დაგაჯარიმებენ;
- არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ღია საცურაო კოსტიუმები აკრძალულია. ზღვაში საცურაოდ შესვლა სპეციალური კაბებით მოგიწევთ, ამ წესის დარღვევისთვის სასჯელი ჯარიმა ანდა, სულაც, ციხეა;
- პლაჟზე სექსი აკრძალულია არა მხოლოდ არაბულ ქვეყნებში, არამედ თურქეთში, საბერძნეთში, ტაილანდში, იტალიასა და ესპანეთში;
- აკრძალვების კუთხით ყველას ვენეციამ გადაასწრო - იქ ქვიშის სასახლეების აგებაა აკრძალული და დამრღვევს 250-ევროიანი ჯარიმა ელოდება.;
- ანალოგიური აკრძალვა მოქმედებს ესპანეთისა და გერმანიის ზოგიერთ პლაჟზეც. თუმცა გერმანელების აკრძალვა ცოტა ლმობიერია: იქ მხოლოდ 20 სანტიმეტრი სიმაღლის სასახლეების აგება შეიძლება.
ფოტო მაიმუნთან
ფოტოაპარატიანი თაღლითები ბევრგან არიან. გთავაზობენ, შვილს ფოტო გადაუღოთ მტრედით ან მაიმუნით მხარზე! სანამ დედა შვილის პოზიორობას გაღიმებული შესცქერის, მას ატყობინებენ, რომ მტრედს ფეხი ან ფრთა დაუზიანდა და სამკურნალოდ სასწრაფოდ 100 დოლარია საჭირო.
არიან უფრო „ვირტუოზი“ მატყუარები - გეუბნებიან ერთი ფოტოს ფასს, შემდეგ გიღებენ ხუთს ანდა ექვსს და ითხოვენ მათი ღირებულების გადახდას.
მიკი მაუსის კოსტიუმებში გამოწყობილი ანიმატორები კი, თუ თქვენი ტელეფონით თქვენთან ერთად გადაიღებენ სელფს, იცოდეთ, რომ აპარატს არ დაგიბრუნებენ, სანამ თანხას არ გადაიხდით.
„უფასო“ მასაჟი
ლაჟვარდოვანი ნაპირი, ნაზი სიო, თეთრი ქვიშის სანაპირო და ამ დროს ქალის ხმა გესმით, რომელიც იქვე მასაჟის გაკეთებას გთავაზობთ. უარის თქმა გეუხერხულებათ და, სიმართლე რომ ითქვას, არც გსურთ.
მკაცრი რეალობა სეანსის დასრულების შემდეგ იწყება. ჯერ ერთი, ფასი ხუთჯერ უფრო მეტია, ვიდრე ქალაქის სალონებში. მეორეც, ხარისხის გარანტია არ არსებობს. პროფესიონალი მასაჟისტი იშვიათად დაიწყებს საქმიანობას პლაჟზე.
დაფიქრდით - ამ იმპროვიზებული მასაჟის შედეგების მკურნალობა სახლში დაბრუნებულს მანუალურ თერაპევტთან არ მოგიწიოთ.
წყლის მოტოციკლები
ტაილანდის კურორტებზე (და შესაძლოა, არამხოლოდ იქ) თაღლითებმა საინტერესო ხერხს მიაგნეს: დაიქირავებ სკუტერს, ისეირნებ, მაგრამ, როცა უკან აბრუნებ, მფლობელი მაშინვე ხელების გაშლას იწყებს და გიჩვენებს ნაკაწრებსა და მიჭყლეტილ ადგილებს.
მისი „ვიშვიში“ შესაძლოა, 500 დოლარი ღირდეს. ვითარება იძაბება, გარშემო ადგილობრივები ყაყანებენ, შესაძლოა, პოლიციაც მოვიდეს, რომელიც უფრო იაფად მორიგებას გთავაზობთ.
რა თქმა უნდა, დაქირავების წინ შეგიძლიათ, სკუტერს ყველა მხრიდან გადაუღოთ ფოტო, ეს თქვენი სიმშვიდის გარანტია მაინც არ არის.
ძვირფასი სუვენირები
სუვენირების გამყიდველები დიდი ხანია, პლაჟების განუყოფელ ნაწილად იქცნენ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეგვიპტეში იქაური სუვენირების გადამკიდე შარში გაეხვევით.
საქმე ის არის, რომ ეგვიპტიდან ცხოველების ფიტულების, ნიჟარებისა და მარჯნის გატანა აკრძალულია, ჯარიმა კი - საკმაოდ სოლიდური. ასევე, რთულია ნიჟარების გატანა სამხრეთის სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის კარიბის ზღვის კუნძულებიდან - ჯარიმები ზოგჯერ 500 დოლარამდე ადის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან