საკნატუნო ამბები

შენ ოღონდ ჩამოდი! - ქალაქები, სადაც სახლს და ფულს გაჩუქებენ...

fun time

18:00 ოთხ. 28 ივლისი, 2021 წელი

კუნძული ანდიკიტირა,
საბერძნეთი

14
დაკოპირებულია

ბევრისთვის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა რთულია და ისეთ საკითხებს უკავშირდება, როგორიცაა დოკუმენტების გაფორმება, უძრავი ქონების ყიდვა, უზარმაზარი ხარჯები, ცხოვრების ნულიდან დაწყება, სამუშაოს ძებნა, ენობრივი ბარიერი და ა.შ. მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც, ამა თუ იმ მიზეზით, ძალიან სჭირდებათ ახალი მუდმივი მცხოვრებლები. 

მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის მიზნით, ამ ქვეყნების მთავრობები ხელსაყრელ პირობებს უქმნიან და ფინანსურად ეხმარებიან მათთან ცხოვრების მსურველებს. ვნახოთ ამ ქვეყნების სია.

პონგა, ასტურიის პროვინცია, ესპანეთი

ამ პატარა ევროპული სოფლის მოსახლეობა მხოლოდ 800 ადამიანია, ასე რომ, თუ პონგაში ცხოვრებას გადაწყვეტთ, ოჯახის წევრივით მიგიღებენ. ესპანეთის მთავრობა პონგაში ცხოვრების მსურველ ახალგაზრდა ოჯახს 3000 დოლარს გადაუხდის და ამდენივეს დაუმატებს ყოველ ახალშობილ ბავშვზე, მაგრამ ერთი პირობით - ეკოლოგიურად სუფთა, თვალწარმტაც ასტურიის პროვინციაში მინიმუმ, ხუთი წელი უნდა იცხოვროთ. ამ გზით ესპანეთის ხელისუფლება ახალგაზრდების მიზიდვას და ეკონომიკის გაძლიერებას გეგმავს.

ხერმონი, მინესოტა, აშშ

მინესოტას შტატში მდებარე ქალაქ ხერმონში მხოლოდ 1000 ადამიანი ცხოვრობს და ახალ ბინადრებს სიხარულით ეგებებიან. ამასთან, ასაკს, მოქალაქეობას, სამუშაო ადგილს და შემოსავლის დონეს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ხერმონში ცხოვრების და სახლის აშენების სურვილი გქონდეთ და მთავრობა 5-დან 12 ათას დოლარამდე გადაგიხდით.

მიშიმა, კაგოშიმას პრეფექტურა, იაპონია

იაპონური სოფელი მიშიმა სამ პატარა კუნძულზე მდებარეობს და მხოლოდ 400-მდე მცხოვრებს ითვლის. სოფლის მოსახლეობას, ძირითადად, ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ, ამიტომ მათი რიცხვი სწრაფად მცირდება. იაპონიის ხელისუფლებამ მიშიმას გადასარჩენად გადაწყვიტა, ახალმოსახლეებისთვის ფინანსური მოტივაცია შეექმნა:

  • სოფელში დასახლების მსურველს, სამი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 760 დოლარს გადაუხდიან;
  • მიშიმაში დასახლებისთანავე გაჩუქებენ ერთჯერადად 4,500 დოლარს;
  • გაჩუქებენ ძროხას;
  • აგინაზღაურებენ სამგზავრო ხარჯებს (840 დოლარის ოდენობით).

ერთადერთი, რაც მიშიმას ულამაზეს ბუნებაში დასახლების მსურველებს აბრკოლებს ისაა, რომ დასახლებაში დასაქმება შეუძლებელია.

იტალიის კომუნები

იტალიაში ყოველი მეოთხე კომუნა მოჩვენებების ქალაქად იქცა, ამიტომ მთავრობა ახალი მოსახლეების მოსაზიდად ყველა ღონეს მიმართავს. მაგალითად:

  • პატარა, მაგრამ მდიდარ ქალაქ ლოკანაში დასახლებისთვის და შვილის გაჩენისთვის 9000 ევროს გადაგიხდიან;
  • ლოკანაში ბიზნესის დაწყების სურვილი თუ გექნებათ, დამატებით 2000 ევროს გაჩუქებენ.

ბორგომეცავალეს კომუნას კი კიდევ უფრო საინტერესო შეთავაზებები აქვს: აქ ულამაზეს მთებში აშენებული აგარაკის შეძენა მხოლოდ 1 ევროდ შეგიძლიათ! მაგრამ იმ პირობით, რომ ორი წლის განმავლობაში შეაკეთებთ.

ანტიკიტირას კუნძული, საბერძნეთი

თოვლივით ქათქათა სახლში ცხოვრება, ლაჟვარდოვან ზღვაში ცურვა და ბერძნული სამზარეულოთი ტკბობა - განა ეს ოცნება არაა? თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სიამეებთან ერთად, კუნძულზე ცხოვრებისთვის სამი წლის განმავლობაში, თვეში 500 დოლარს მიიღებთ, ალბათ ჩემოდნების ჩალაგების დროა.

კაიტენგატა, ახალი ზელანდია

თუ გსურთ, რომ სახლი გაჩუქონ, საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში, ქალაქ კაიტანგატაში უნდა გადახვიდეთ, სადაც ყველა ახალმოსახლე საჩუქრად 165 000 დოლარად ღირებულ სახლს და მიწის ნაკვეთს იღებს. აღიარეთ, თქვენთვის ვინმეს ასეთი საჩუქარი გაუკეთებია?


დაბოლოს, შეიძლება თქვათ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და მართალიც იქნებით.

როგორც უკვე შენიშნეთ, ზემოხსენებულ დასახლებულ ადგილებში გარკვეული პრობლემები არსებობს: ზოგან გასართობი არ არის, ზოგი არაკეთილმოწყობილია, სამსახური არ იშოვება და ა.შ.;

ამის გამო მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, ახალგაზრდობა საცხოვრებლად დიდ ქალაქებში გადადის და ადგილზე მხოლოდ ხანდაზმულები რჩებიან.

მაგრამ თუ თქვენი მიზანი გართობა კი არა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებაა, ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან შეიძლება, თქვენთვის შესაფერისიც შეარჩიოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები