ურთიერთობა

11 წლის დედოფალი და მისი უბედური სიყვარული - რატომ შერაცხეს წმინდანად პოლონეთის მონარქი?

fun time

16:00 კვი. 28 თებერვალი, 2021 წელი

დედოფალი იადვიგა

14
დაკოპირებულია

გაერთიანებული ევროპის მფარველი წმინდა იადვიგა — პოლონეთის მონარქი 1383–1399 წლებში, რომელიც რომის კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდა დედოფალ იადვიგად შერაცხა. როდესაც პოლონეთის დედოფალი გახდა, იადვიგა მხოლოდ 11 წლის იყო.. 

 

უნგრეთისა და პოლონეთის მეფეს ლუდოვიკ ანჟუელს და მის მეუღლეს ელიზაბეტ ბოსნიელს ჩვიდმეტი წლის განმავლობაში შვილი არ ჰყავდათ. მემკვიდრის გარეშე დარჩენა სამეფო დინასტიასა და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ ლუის უფლება ჰქონდა, პაპისათვის განქორწინების ნებართვა ეთხოვა, მაგრამ მეფეს ცოლი უყვარდა და ლოდინი ამჯობინა.

17 წლის შემდეგ დედოფალმა ერთმანეთის მიყოლებით, სამი გოგონა: ეკატერინე, მარია და იადვიგა გააჩინა. ლუდოვიკოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ უნგრეთისა და პოლონეთის მართვა მხოლოდ მეფეს შეეძლო და არა დედოფალს.

***

მეფე ლუდოვიკო მომავალს იმედიანად შეჰყურებდა. მან გადაწყვიტა, სამივე ასულისთვის იგივე განათლება მიეცა, რასაც მეფისწულს მისცემდა: ცეკვები, სამეფო მანერები, ლათინური, ფრანგული, პოლონური, უნგრული, რელიგიური და ანტიკური ლიტერატურა.

სანამ გოგონები სწავლობდნენ, მეფე მათი მომავლისთვის იბრძოდა. ის რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა უნგრელებთან და პოლონელებთან, რათა მემკვიდრეობის ქალისთვის გადაცემის შესაძლებლობა მოეპოვებინა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქალიშვილებიდან ყველაზე უმცროსს, იადვიგას არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ორი ქვეყანა და ორი უფროსი და - იადვიგა უბრალოდ, ზედმეტი იყო.

***

ვითარება უფროსი დის, ეკატერინეს მოულოდნელი გარდაიცვალების შემდეგ შეიცვალა. იადვიგას გამეფების შანსი გაჩნდა, მაგრამ ახლა ეკატერინეს გამეფების მომხრე პოლონელები გაჯიუტდნენ.

მეფემ ახალი მოლაპარაკებები დაიწყო და 1382 წელს ახალ შეთანხმებას მიაღწია. იმ დროს იადვიგას უფროსი და, 11 წლის მარია უკვე დანიშნული იყო ბრანდენბურგის 14 წლის გრაფ სიგიზმუნდზე და ახალი შეთანხმების თანახმად, მათი ქორწილისა და მარიამის გამეფების შემდეგ, სიგიზმუნდის საგრაფო პოლონეთის ნაწილი გახდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. შეთანხმებიდან მალევე ლუდოვიკო გარდაიცვალა, პოლონელებმა კი ახალი დადგენილება მიიღეს, რომლის თანახმად, მეფედ აღიარებდნენ ლუის იმ ქალიშვილს, რომელიც პოლონეთში იცხოვრებდა.

მარია გამოირიცხა.. ის მამის გარდაცვალებისთანავე უნგრეთში გამეფდა. რა თქმა უნდა, გოგონას ასაკიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დედამისი მართავდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მარიას საცხოვრებლად პოლონეთში წასვლა შეეძლო.

პოლონეთში იადვიგას გაშვებაც საშიში იყო - ყველა პოლონელს არ სურდა ტახტზე უცხოელის ნახვა. ასეთები ცდილობდნენ თავიანთი კანდიდატი, ლიტველი პრინცი ვილჰელმი გაემეფებინათ. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში ცხრა წლის მეფის ასული სამოქალაქო ომის ცენტრში აღმოჩნდებოდა.
პიასტის კლანის ლიტველი პრინცი პრობლემის მოგვარებას იადვიგაზე დაქორწინებაში ხედავდა. ის და მისი მომხრეები გოგონას გატაცებასაც კი გეგმავდნენ.

***

საბოლოოდ, იადვიგას მომხრეებმა გაიმარჯვეს და თერთმეტი წლის პრინცესა კრაკოვში გაემგზავრა, რათა გამეფებულიყო. მის კვალდაკვალ კრაკოვში ვილჰელმიც ჩავიდა. უფლისწული დაქორწინებას ჩქარობდა, რადგან გამეფებული იადვიგა პოლონელი თავადაზნაურობისთვის მომგებიანი საქონელი იყო და შეიძლებოდა იძულებით მიეთხოვებინათ ყველასთვის, ვინც უკეთეს ფასს შესთავაზებდა.

ამ დროს აღმოსავლეთ ევროპაში ახალგაზრდა, მეომარი მეფე იაგაილო პოზიციებს იმტკიცებდა. მან კავშირი დადო ჯერ გერმანელებთან, შემდეგ ურდოსთან, შემდეგ რუს მთავრებთან. დიმიტრი დონელის ქალიშვილის ცოლად მოყვანაც კი სცადა, რათა რუსებთან კავშირი გაემტკიცებინა, მაგრამ დონელმა სანაცვლოდ ლიტველების მართლმადიდებლად მონათვლა და ლიტვის მთავრის მიერ მოსკოვის მთავრის ხელისუფლების აღიარება მოითხოვა. იაგაილოს არავის აღიარება არ სურდა. ნიშნობა დაირღვა და უფლისწულმა სხვა პატარძლის ძებნა დაიწყო.

სანამ კრაკოვში ჩასული ვილჰელმი ქორწილის მოლოდინში იყო, ლიტველი ფარულად პოლონელებს გაურიგდა და რაღაც მიზეზით ქალაქიდან გასული ავსტრიელი უკან აღარ შემოუშვეს.
იადვიგას და ვილჰელმის ნიშნობა ჩაიშალა...

***

იაგაილო კი დედოფალ იადვიგასთან შედარებით, ძალიან მოხუცი იყო და მანერები არ უვარგოდა. რაც შეეხება გარეგნობას, იადვიგას გამუდმებით ეჩვენებოდა, რომ იაგაილო ტანსაცმლის ქვეშ კუდს მალავდა. მისი დავალებით, უფლისწული აბანოში საგულდაგულოდ შეამოწმეს და კუდის კვალი ვერ აღმოაჩინეს. გარდა ამისა, იადვიგა დაარწმუნეს, რომ იაგაილო ქორწინებამდე კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოექცეოდა.

პრინცი იაგაილო

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პატარა დედოფალს იაგაილოს შესახებ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. მაგალითად, ის, რომ ძალაუფლების გამო საკუთარი ბიძა მოკლა და მამიდა მდინარეში დაახრჩო, რომ ბევრჯერ დაარღვია შეთანხმება რუსეთის მთავრებთან, რომ სასტიკი ბუნება აქვს, უყვარს ლოთობა და სისხლიანი ნადირობა და ბოლოს ისიც, რომ იადვიგასთვის ნაცნობ არც ერთ ენაზე არ ლაპარაკობს.

ქორწილი 1386 წლის 15 თებერვალს შედგა. პატარძალი, თავისი დროის ერთ-ერთი ულამაზესი გოგონა, ეკლესიაში მუქი ტანსაცმლით და ყოველგვარი სამკაულის გარეშე მივიდა. პრინცმა ცოლი და პოლონეთი მიიღო, თუმცა მეფის ტიტული იადვიგას დარჩა.

ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა. თავადი გამუდმებით ლოთობდა და დედოფალს დაუფარავად ღალატობდა. ერთ დღეს იადვიგა კრაკოვის მოსანახულებლად გაემგზავრა, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა (სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იადვიგამ თავისი სამკაულები გაყიდა და კრაკოვის უნივერსიტეტს, რომელსაც ფინანსურად გაუჭირდა, ფული გაუგზავნა). იაგაილოს მაშინვე მოახსენეს, თითქოს მისი ნორჩი ცოლი საყვარელს სტუმრობდა. სახლში დაბრუნებულ დედოფალს ქმარმა სკანდალი მოუწყო და ბრალდებები წაუყენა, მან კი სიმართლის დასადგენად სასამართლო განხილვა მოითხოვა და ცოლის მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა, რადგან ქმარმა შეურაცხყოფა მიაყენა.

დედოფალი იადვიგა, პოლონეთის მონარქი 1383–1399 წლებში

იაგაილო მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა - მას კანონიერი მემკვიდრე სჭირდებოდა, ცოლი კი საძინებელში აღარ უშვებდა. უფლისწულმა სცადა, ცოლი დაერწმუნებინა, რომ ნანობს - ლოთობას და ნადირობას თავი დაანება და მარხვა დაიწყო. ამ ტაქტიკამ გაჭრა და იაგაილომ პატიებას მიაღწია. ის ცოლის საწოლში დაბრუნდა. დედოფალი დაორსულდა, მაგრამ ახალშობილმა გოგონამ მხოლოდ ერთი თვე იცოცხლა. იადვიგა მძიმე დეპრესიაში ჩავარდა.

ამ დროს უკვე ოცდაექვსი წლის ქალი ხალხის თვალწინ დნებოდა. სიკვდილის წინ მან მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და მალევე გარდაიცვალა.

ქვეყანა მწუხარებას მიეცა. იადვიგას სახელი ლეგენდად იქცა. უბრალო პოლონელები და ლიტველები მას წმინდანად მიიჩნევდნენ და სჯეროდათ, რომ დედოფალი ლოცვის დროს ქრისტეს ესაუბრებოდა. მაგრამ ვატიკანი არ ჩქარობდა...

მხოლოდ 1997 წელს პოლონელი პაპი, იოანე პავლე II ჩავიდა კრაკოვში, მეფის საფლავის ქვას მოეფერა და თქვა „რამდენ ხანს ელოდე, იადვიგა ..." ვატიკანმა იადვიგა წმინდანად გამოაცხადა.

წმ. იადვიგა - დედოფლებისა და გაერთიანებული ევროპის მფარველი წმინდანი

რაც შეეხება ამ ისტორიის სხვა გმირებს, უილიამმა ცოლად ანჟუს დინასტიის პრინცესა ჯოვანა მოიყვანა. მათ ქორწინებაში არც თანხმობა და არც შვილები არსებობდა.

იაგაილომ კიდევ სამჯერ იქორწინა. მეორე ცოლს, ანა სელსკაიას შეეძინა გოგონა, რომელსაც მამამისმა იადვიგა დაარქვა. თითქოს ამით პატიება სთხოვა მას, ვისაც წლების მანძილზე ტანჯავდა და ღალატობდა.

ფოტოზე: უნგრეთში დადგმული ქანდაკება - დედოფალი იადვიგა და პრინცი იაგაილო


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!