ურთიერთობა

ჰიტლერის დეგუსტატორის აღსარება - ყოველ ლუკმაზე სიკვდილის მოლოდინი!

fun time

16:00 შაბ. 12 ივნისი, 2021 წელი

ჰიტლერის დეგუსტატორი

14
დაკოპირებულია

მარგო ვიოლკი იყო ჰიტლერის ყოფილი დეგუსტატორებიდან ერთადერთი, ვინც ომს გადაურჩა და 2014 წელს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე კი გერმანულ „შპიგელს“ მისცა ძალიან საინტერესო ინტერვიუ იმის შესახებ, თუ როგორ რისკავდა სიცოცხლეს იმ ადამიანისთვის, ვინც მთელი არსებით სძულდა - მარგო თითქმის სამი წლის მანძილზე ფიურერისთვის მომზადებულ საკვებს მიირთმევდა და ყოველ წუთს სიკვდილს ელოდა.

ყველაფერი 1941 წლის ზამთარში დაიწყო, როცა ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მდივნად მომუშავე, 24 წლის გოგონა ბერლინში მდებარე მშობლების სახლის დაბომბვის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის მყუდრო ქალაქ გროს-პარტჩში, მამამთილის სახლში გაიქცა.

ვერც წარმოიდგენდა, რომ მწვანეში ჩაფლული სახლიდან 2,5 კილომეტრის მოშორებით, ჰიტლერის მთავარი შტაბ-ბინა ვოლფშანცე (მგლის ბუნაგი) მდებარეობდა, რომელშიც 1941-დან 1944 წლამდე ფიურერმა 800 დღე გაატარა.

„ქალაქის ბურგომისტრი ძველი ნაცისტი იყო“, - იხსენებს მარგო, - „მამამთილის სახლში ფეხი შევდგი თუ არა, კარის ზღურბლზე ესესელები გამოჩნდნენ და მომთხოვეს, მათ გავყოლოდი“.

ესესელებმა 24 წლის გოგონა აიძულეს, ჰიტლერის დეგუსტატორი გამხდარიყო. მარგოს მენიუზე რიგითი გერმანელი ვერც კი იოცნებებდა. მაგალითად, ზეთში მომზადებული, პიკანტური სოუსით შეზავებული სატაცური ფიურერის ერთ-ერთი საყვარელი კერძი იყო.

„მენიუში ხორცი და ხორცისგან მომზადებული კერძები არასოდეს ყოფილა. ჰიტლერი ხომ ვეგეტარიანელი გახლდათ. საჭმელი უგემრიელესი იყო, მაგრამ ვერც ერთი ჩვენგანი მისგან სიამოვნებას ვერ იღებდა“, - იხსენებს ფიურერის დეგუსტატორი.


გოგონა აცნობიერებდა, რომ კერძის ყოველი ნაჭერი შეიძლებოდა მისთვის და კიდევ 15 დეგუსტატორი გოგონასთვის, რომელთაგან ომის დასრულებას ვერც ერთი მოესწრო, უკანასკნელი გამხდარიყო.

ყოველ დილას, 8:00 საათზე, მარგოს მამამთილის სახლში ესესელები მიდიოდნენ და გოგონა კრაუზენდორფში მიჰყავდათ. შენობის ორ სართულზე განთავსებულ სამზარეულოებში უამრავი მზარეული ჰიტლერისთვის საჭმელს ამზადებდა. მსახურებს სამზარეულოდან კერძები ლანგრებით გოგონების ოთახში ჩამოჰქონდათ, სადაც დიდი ხის მაგიდა იდგა. დეგუსტაციის დასრულების შემდეგ ესესელებს კერძები სამმაგი დაცვის სისტემით გამაგრებულ ბუნკერში მიჰქონდათ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მარგოს ფიურერი პირადად არასოდეს უნახავს.

მარგო გაქცევაზე ხშირად ფიქრობდა, მაგრამ გასაქცევი არსად ჰქონდა. მშობლების სახლი მოკავშირეთა დაბომბვებს შეეწირა, მისი ქმარი კარლი ფრონტზე იბრძოდა. ერთადერთი თავშესაფარი, სადაც საკუთარი ლოგინი ჰქონდა, მამამთილის სახლი იყო.

1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერზე თავდასხმა განხორციელდა. ამ დღეს რამდენიმე ჯარისკაცმა დეგუსტატორი გოგონები ვოლფშანცეს მახლობლად მდებარე კარავში მიიწვია, სადაც კინოს ჩვენება მიმდინარეობდა.
ზუსტად 12:42 საათზე გრაფი კლაუს შტაუფენბერგის მიერ ჰიტლერის ბანქოს სათამაშო მაგიდის ქვეშ დადებული ბომბი აფეთქდა.

„აფეთქებამ სკამებიდან წამოგვყარა. ჰიტლერი მკვდარია, - იყვირა ვიღაცამ, მაგრამ, სამწუხაროდ, შემთხვევითობის წყალობით, ჰიტლერი რამდენიმე ნაკაწრით გადარჩა, - იხსენებს მარგო.

ფიურერზე თავდასხმის შემდეგ ესესელებმა ვოლფშანცეს ირგვლივ დაცვა გააძლიერეს. ყველა ავტობუსში შეიარაღებული ესესელები ადიოდნენ და მგზავრებს ჩხრეკდნენ. დეგუსტატორი გოგონები „მგლის ბუნაგთან“ ახლოს მდებარე სკოლის შენობაში დაასახლეს და საღამოობით სახლში აღარ უშვებდნენ.

„ისე გვდარაჯობდნენ, როგორც გალიაში მოთავსებულ ცხოველებს. ერთხელ, ღამით, ჩემს ოთახში ესესელი ოფიცერი შემოიპარა და გამაუპატიურა. თავს საშინლად დამცირებულად და განადგურებულად ვგრძნობდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემეძლო, - ამბობს მარგო.

როცა საბჭოთა კავშირის ჯარები ვოლფშანცეს რამდენიმე კილომეტრზე მიუახლოვდნენ, ერთ-ერთმა ლეიტენანტმა მარგო ბერლინისკენ მიმავალ მატარებელში ჩასვა და სიკვდილს გადაარჩინა. წლების შემდეგ მარგო მას ბერლინში შეხვდა და ლეიტენანტმა უამბო, რომ საბჭოთა ჯარისკაცებმა ფიურერის ყველა დეგუსტატორი გოგონა დახვრიტეს.

ბერლინში მარგო ნაცნობი ექიმის სახლში იმალებოდა. ასე გადაურჩა ესესელებს, რომლებიც დეზერტირებს ეძებდნენ...

მაგრამ ყველაზე საშინელი წინ ელოდა. მშობლების სახლში დაბრუნებული, საბჭოთა ჯარისკაცებს ჩაუვარდა ხელში, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში მხეცურად აუპატიურებდნენ.
გოგონა იმდენად დაასახიჩრეს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე უშვილოდ დარჩა!

„სასოწარკვეთილი ვიყავი და სიცოცხლე აღარ მინდოდა, მხოლოდ 1946 წელს, როცა საბჭოთა ჯარის ტყვეობიდან განთავისუფლებული ქმარი სახლში დაბრუნდა და მასზე ზრუნვა მომიწია, სიცოცხლის სურვილი ისევ გამიჩნდა“, - ამბობს ქალი.

მარგომ და კარლმა ერთად 34 წელი იცხოვრეს. ქალს წლები დასჭირდა, რომ გროს-პარტჩში გატარებული პერიოდი დაევიწყებინა და ჭამისგან სიამოვნება ისევ მიეღო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!