ქართველი მარიამის და იაპონელი კოსუკეს სიყვარულის ამბავი
16:00 ორშ. 11 იანვარი, 2021 წელი
უცხოელი რომ შემიყვარდეს, სამშობლოდან შორს ცხოვრებას შევძლებ? - ასეთი შეკითხვა ალბათ, თქვენც დაგისვამთ საკუთარი თავისთვის, მით უფრო, თუ ხშირად მოგზაურობთ და უცხოელი მეგობრები გყავთ. მსგავს კითხვაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეს საკუთარი ცხოვრებით გამოსცადეს და ახლა ამბის ჩვენთვის მოსაყოლადაც მზად არიან.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წლების წინ სოციალურ ქსელში კიოტოელ მარიამ ინაბას გადავაწყდი. მოკლედ შეჭრილი ქერა თმა და დიდი ცისფერი თვალები იმდენად საყურადღებო არ იქნებოდა, რომ არა მის გვერიდით მდგომი განსხვავებული რასის ბიჭი, არაქართული აღნაგობით. ანთებული თვალებით ვხვდები, რომ ვიღაცას იმაზე მეტად გაუმართლა, ვიდრე, უბრალოდ, იაპონიაში ცხოვრებაა... ბევრი ფიქრის გარეშე ვწერ, რომ ქართულ-იაპონურ სიყვარულის ისტორიას ჩემი მკითხველი სიამოვნებით წაიკითხავდა. გამოვიცანი.
მესენჯერს ვხსნით და ინტერვიუც იწყება:
-კოსუკე როგორ გაიცანით?
- იაპონიაში, დაახლოებით 7 წლის წინ სასწავლებლად წამოვედი. კოსუკეც იმ პერიოდში გავიცანი. მეგობრებთან ერთად წვეულებაზე ვიყავი. ჩემი ყურადღება ბართან მდგომმა ბიჭმა მიიპყრო, რომელიც ვისკის წრუპავდა და სულ ჩემკენ იყურებოდა. ვიფიქრე, მოწყენილია, მივალ გამოველაპარაკები-მეთქი. მივედი და მას მერე ერთად ვართ. როგორც თვითონ ამბობს, დანახვისთანავე მეხი დაეცა, მიხვდა, რომ მე, მე ვიყავი. ორივესთვის ერთი ნახვით შეყვარება იყო. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მე ჩემი მეგობრის მეგობარი მეგონა და სინამდვილეში წვეულებაზე მოსვლის წინ გარეთ გაუცვნიათ ერთმანეთი. ალბათ, ბედი იყო მაინცდამაინც იქ და მაინცდამაინც ჩემს მეგობართან ერთად რომ შემოვიდა.
- რამ მოგხიბლათ მასში?
- მესიმპატიურა. სხვა დროს ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ. აი, რომ დაინახავ და გულში ჩაგივარდება, ეს შემთხვევა იყო. ახლა უფრო შემიძლია ვთქვა, რა მომწონს მასში - მასაც ჩემსავით უყვარს მოგზაურობა, საერთო ინტერესები გვაქვს, რაც უფრო საინტერესოსა და მარტივს ხდის ურთიერთობას.
- რამდენად განსხვავებულია ქართველი ბიჭებისგან? როგორ ზრდიან იაპონიაში მამაკაცებს, რა ღირებულებები აქვთ?
- ჩემი აზრით, ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა. ან ხარ ყურადღებიანი, ან არა. ან აფასებ შენს პარტნიორს, ან არა და ასე შემდეგ. კულტურული სხვაობა ხშირად იგრძნობოდა - გზას არასდროს მითმობდა და ღია კარში პირდაპირ შერბოდა, რამდენჯერმე ცოტაც და ცხვირში მომხვდებოდა კარი. საბედნიეროდ, ტიპური იაპონელი არაა, უნივერსიტეტი საზღვარგარეთ აქვს დამთავრებული და ბევრს მოგზაურობდა. შესაბამისად, ხასიათიც და აზროვნებაც ასე ვთქვათ, თანამედროვე აქვს.
ზოგადად, იაპონელი მამაკაცები ქალებს პატივს დიდად არ სცემენ. რაღაცების გამო ხშირად გვიკამათია. ახლა უკვე მიეჩვია, რომ მე არ ვარ იაპონელი და რასაც ვფიქრობ, ყველაფერს პირდაპირ ვამბობ, ჩემს აზრსაც თავისუფლად და უშიშრად გამოვხატავ.
სამსახურშიც და კაცებთან ურთიერთობაშიც ქალი დაბალი ღობეა და რასაც ეტყვიან ყველაფრის შესრულებას ელოდებიან მათგან. როგორ წარმოგიდგენიათ ქართველი ქალისთვის ასეთ ჩარჩოებში მოქცევა?! დაუმორჩილებელი და ძლიერები ვართ, ამიტომ ვითხოვთ პატივისცემას და როცა პატივს გვცემენ, უფრო მეტს გავუკეთებთ სამაგიეროდ და უფრო გულწრფელად გვეყვარება.
- ყველაზე მეტად რა გაოცებდათ ურთიერთობის დასაწყისში?
- როდესაც მეგობრებთან ერთად სადმე მიდიოდა საჭმელად, ან ბარში დასალევად, მე სახლში მტოვებდა. ვიჯექი და ველოდებოდი. რამდენჯერ მომიმზადებია ვახშამი, დავლოდებივარ და უცებ მირეკავს, ბიჭებთან ერთად მივდივარო. ავუხსენი, რომ ჩემ ირგვლივ ყველა ოჯახთან, მეუღლესთან ან შეყვარებულთან ერთად მიდის გასართობად, საჭმელად და დროის გასატარებლად (ჩემი ოჯახი დღემდე ასეა). მას მერე მეც სულ თან მივყავარ.
ზოგადად აქაური წყვილები ერთმანეთს რამდენიმე თვეში ერთხელ ნახულობენ, კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე მოიკითხავენ ერთმანეთს. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და არის. მიზეზი გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ, რომლის მიზანიც დღემდე არ მესმის.
- დაქორწინებამდე რამდენ ხანს იცნობდით ერთმანეთს და რამდენად რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა?
- დაქორწინებამდე 1 წელი და 4 თვე ვიცნობდით ერთმანეთს. 11 აპრილს გახდება 7 წელი, რაც ერთმანეთს შევხვდით. ქორწილიც ისე უცებ გადაწყდა, დაფიქრების დრო და საშუალებაც კი არ გვქონდა. აგვისტოში კიოტოში საშინელი სიცხე იცის, მე კიდევ ვუთხარი საქართველოში წავიდეთ იქ გრილა-მეთქი. თბილისის აეროპორტში როგორც კი ჩამოვედით, მაშინვე საშინელი უჰაერობა და სიცხე დაგვხვდა (დღემდე ყველას ეუბნება, მარიმ მომატყუა და საქართველოში ისე წამიყვანაო). ჩამოვედით თბილისში და მამაჩემმა პირდაპირ თავისი მეგობრის დაბადების დღეზე გაგვაქანა. კოსუკე „გაჭყიპეს“ ღვინით, როგორც ხდება ხოლმე. ერთხელაც მოდის და მეუბნება, აქ ვიქორწინოთო.
სულ 10 დღით ვართ ჩამოსულები, ამ ათ დღეში მთელი ქორწილია დასაგეგმი, თავისი კაბით, ტორტით და ასე შემდეგ. იმდენად ვიყავი ჩართული მზადებაში, რომ არც შიშს ვგრძნობდი, არც რაიმე სხვას. ასე უცებ დავქორწინდით, შესაბამისად არავის ჰქონდა დრო, რომ რაიმე აზრი შემოეშველებინა. სპონტანური ქორწილი წარმატებული იყო. რაც შეეხება იმას, ეს იყო „ის“ თუ არა, დროდადრო უფრო ხვდები, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ახლა, როცა უკვე 7 წელია ერთად ვართ, შემიძლია ვთქვა, რომ არ შევცდი.
ახლა ბევრად უფრო კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ერთი შეხედვაც კი საკმარისია, უკვე ვიცით რომელს რა გვინდა. რა გვეწყინება, რა გაგვიხარდება. ბევრი რამ იყო, რისი გადალახვაც დაგვჭირდა. კულტურული სხვაობის გამო. მაგ: ის, რომ მარტო ქალის საქმე არაა სახლის მოვლა, სუპერმარკეტში საყიდლებზე წასვლა და ა.შ. ახლა ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. სარეცხს ერთად ვფენთ, ჭურჭელს ერთად ვრეცხავთ. როცა მე ვახშამს ვაკეთებ და დაღლილი ვარ ხოლმე, მარტოც რეცხავს და მიალაგებს, ხოლმე.
კოსუკეს ქართული ენის მიმართ ინტერესი გაუჩნდა და ახლა ქართულს ვასწავლი.
- როგორია ქართველი გოგონას იაპონური ცხოვრება?
- მარტში ორი წელი გახდება, რაც კიოტოს პრეფექტურის, საზღვარგარეთის ბიზნესცენტრში კოორდინატორად ვმუშაობ. ცენტრიც ორი წლის წინ გაიხსნა. მევალება უცხოელ ბაიერებთან კონტაქტი. საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებზე კიოტოს პრეფექტურის სახელით, ადგილობრივი კომპანიების კურირება და ზედამხედველობა. ასევე კიოტოში ჩამოსული უცხოელი ბიზნესმენების, ბაიერების ან კომპანიების ხელმძღვანელების ასისტანტობა, ადგილობრივ კომპანიებში ვიზიტები, კიოტოს პრეფექტურის მერთან შეხვედრები.
- იაპონიაზეც მოგვიყევით...
- ეს ის ქვეყანაა, რომელიც ერთი ნახვით შეგაყვარებს თავს, კმაყოფილს გაგიშვებს უკან, მაგრამ არასდროს მიგიღებს თავისიანად და ყოველთვის უცხოდ გაგრძნობინებს თავს... თუმცა მე იმდენად გამიმართლა, სასწაული გარემო მაქვს. საუკეთესო ხალხი მახვევია გარს. ერთი სიტყვით, თუ მათ კულტურას მიიღებ, აგრძნობინებ, რომ პატივს სცემ მათ ქვეყანას, ენას, კულტურას, ტრადიციებს, აუცილებლად მიგიღებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავი კარგად იგრძნო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან