ურთიერთობა

რატომ არ უყვარდათ სამშობლოში ბარბარა ბრილსკა? - პოლონელი მსახიობის ბედის ირონია

fun time

18:00 ორშ. 10 მაისი, 2021 წელი

ბარბარა ბრილსკა

14
დაკოპირებულია

დახვეწილი გარეგნობა და მტკიცე ხასიათი, წარმოუდგენელი დიდება სსრკ-ში და სამშობლოს მხრიდან უგულებელყოფა - ასეთი იყო ეს მილიონების რჩეულის, ტრაგიკული ბედის მსახიობი ქალის, ბარბარა ბრილსკას ხვედრი.

ბარბარა ბრილსკა ომის შვილია. ის პოლონეთში, ქალაქ ლოძის მახლობლად, პატარა ქალაქ სკოტნიკში დაიბადა. ბარბარა მშვიდი და მორცხვი გოგონა იყო, რომელიც არასოდეს არაფერს ითხოვდა. სწორედ ხასიათის ამ თვისებამ განსაზღვრა მომავალში მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია.

გოგონას ხატვა ძალიან უყვარდა, ამიტომ მშობლებმა ის სამხატვრო სკოლაში შეიყვანეს. სწორედ აქ 15 წლის გოგონა თეატრალური ჯგუფის ხელმძღვანელებმა შენიშნეს და ფილმში „ბედნიერი კალოშები“ ეპიზოდური როლი მისცეს. დამწყები მსახიობმა პროფესიული განათლება ლოძის თეატრალურ სკოლაში და ვარშავის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის სკოლაში მიიღო.

ამომავალი ვარსკვლავი

60-იან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა, ბარბარა ორ ფილმში გადაიღეს: „მათი დღე“ და ეჟი კავალეროვიჩის საკულტო ისტორიული ფილმი „ფარაონი“.

ეს უკანასკნელი ოსკარზე წარადგინეს, ხოლო ახალგაზრდა მსახიობს კრიტიკოსებმა თვალისმომჭრელად ლამაზი უწოდეს. 1969 წელს, როდესაც ბარბარას მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი „პან ვოლოდიევსკი“ გამოვიდა, ახალგაზრდა მსახიობის სახელი პოლონეთის ფარგლებს გასცდა და სოციალისტური ბანაკის ყველა ქვეყანაში გაიგეს.

ამის შემდეგ ბარბარა ბრილსკას გადაღებებზე მიწვევა უცხოელმა რეჟისორებმაც დაიწყეს. მან ითამაშა საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარულ, ინდიელებზე გადაღებულ ფილმებში: „შევარდენის კვალი“ და „თეთრი მგლები“. რეჟისორები ფსონს მსახიობის გარეგნობაზე დებდნენ - ბარბარას წარმოუდგენელი მომხიბვლელობა და სექსუალურობა მაყურებელს პიერველივე დანახვაზე აჯადოებდა.

მალე მსახიობი მიიწვიეს საბჭოთა კინოეპოპეაში „გათავისუფლება“. სამამულო ომის თემაზე რეჟისორ იური ოზეროვის გადაღებული ფილმი მილიონობით მაყურებელმა ნახა, თუმცა ფილმის „პოლონური ეპიზოდები“, რომელშიც ბრილსკა თამაშობდა, მთავარი სიუჟეტისა და პერსონაჟების ფონზე დაიკარგა.

უფრო წარმატებული იყო მარი ურბახის როლი ალექსანდრე ზარხის ფილმში „ქალაქები და წლები“, სადაც რევოლუციური პერიოდისა და ომის ფონზე სასიყვარულო ურთიერთობა ვითარდება.

სიყვარული საბჭოთა კავშირში

70-იანი წლების დასაწყისში ბარბარამ რომან ზალუსკის „სიყვარულის ანატომიაში“ მთავარი როლი შეასრულა. იმ დროისთვის მეტისმეტად გულახდილ სასიყვარულო სცენებს ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა და ფილმი რეიტინგების სათავეში მოექცა.

ფილმის შემდეგ ბარბარას პოპულარობა ყველგან, მათ შორის საბჭოთა კავშირშიც გაიზარდა. მისი პლაკატების და ფოტოების შოვნა თითქმის შეუძლებელი გახდა..

სწორედ პოპულარობის ამ ტალღაზე, ელდარ რიაზანოვმა ბრილსკა „ბედი ირონიის“ სასინჯ გადაღებებზე მიიწვია. მაღალი კონკურენციისა და პოლონური აქცენტის მიუხედავად, რეჟისორმა არჩევანი ბარბარაზე შეაჩერა. შეუძლებელი იყო ვერ შეგემჩნია, რომ მსახიობს და მის გმირს საერთო თვისებები: კეთილშობილება, თავშეკავება, დაფარული ნებისყოფა და წარმოუდგენელი ქალურობა აერთიანებდათ. თითქოს მსახიობი საკუთარ თავს თამაშობდა.

თუმცა „ბედი ირონიის“ გადასაღებ მოედანზე ურთიერთობები იძაბებოდა. ამაყი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ბრილსკა ხისტ განცხადებებს აკეთებდა და ყველა მის რთულ ხასიათზე საუბრობდა. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ „სიყვარულის ანატომიის“ შემდეგ მსახიობმა აშკარა სასიყვარულო სცენებში გადაღებაზე კატეგორიული უარი თქვა და პარტნიორის კოცნასაც კი დიდი გაჭირვებით ახერხებდა. გარდა ამისა, მისი პოპულარობის შურდათ... მაგალითად, ვალენტინა ტალიზინა, რომელიც ნადიას ახმოვანებდა, საჯაროდ ამბობდა, რომ ბრილსკას „ისღა დარჩენია, რომ იყუროს და იაროს“. ალა პუგაჩოვა, რომელიც ფილმში მღერის, ბრილსკას დღემდე სარკასტულად მოიხსენიებს.

ყველა სირთულის მიუხედავად, „ბედის ირონია“ ბარბარა ბრილსკას სავიზიტო ბარათი გახდა. პრემიერიდან ორი წლის განმავლობაში, რომელიც 1975 წლის 31 დეკემბერს შედგა, ფილმი 280 მილიონმა ადამიანმა ნახა. ბრილსკამ სსრკ სახელმწიფო პრემია მიიღო კინემატოგრაფიის დარგში. თითქოს მსახიობს სრული ბედნიერებისთვის აღარაფერი აკლდა, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ იყო...

სამშობლოს ეჭვიანობა

პოლონეთში ფილმს წარმატება არ მოჰყოლია. დღეს მხოლოდ ძველი თაობის პოლონელებს ახსოვთ ფილმი, წარწერით „გილოცავთ ახალ წელს". სამშობლოში ბრილსკას „ყინულის ფიფქია“ შეარქვეს და მისი გადაღება შეწყვიტეს. მიზეზი, ეჭვიანობის გარდა, პოლიტიკაც გახდა - საბჭოთა რეჟიმით უკმაყოფილო პოლონელებმა მიიჩნიეს, რომ მსახიობებმა თავის ქვეყანას უღალატა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბრილსკამ პირდაპირ განაცხადა:

„თქვენმა სახელმწიფო პრემიამ სამშობლოში ჩემი კარიერა დაასრულა. იმის გამო, რომ პოლონეთში როლებს აღარ მაძლევდნენ, იძულებული გავხდი, ძირითადად საზღვარგარეთ: გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში და რუსეთში მემუშავა“.

„ბედის ირონიის“ შემდეგ შესრულებულ როლებს წარმატება არ მოჰყოლია და მსახიობი ნელ-ნელა ყველას დაავიწყდა.

ტრაგედია და იმედი

კარიერაში სირთულეებს პირადი ცხოვრების პრობლემებიც დაემატა. მსახიობის პირველი ქმარი, პროფესიით ფიზიკოსი, მისგან კარიერაზე უარის თქმას მოითხოვდა, მეორეს, მსახიობს, - ქალები უყვარდა, ბარბარას ცხოვრებაში მესამე მამაკაცი ბულგარელი არისტოკრატების ოჯახის შვილი იყო და მას ოჯახმა აუკრძალა ღარიბ პოლონელ გოგოზე დაქორწინება. ბოლო, მეოთხე ქმარი ლუდვიგ კოსმალი, ექიმი გინეკოლოგი გახლდათ. მისგან მსახიობს ორი შვილი შეეძინა. უფროსი გოგონა, რომელსაც დედის სახელი ბარბარა (ბასია) დაარქვეს, მსახიობმა 32 წლის ასაკში გააჩინა.

ბასია კოსმალი მოდელი გახდა და ვარსკვლავურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა 1993 წელს 20 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ბარბარა ტრაგედიამ სულიერად გატეხა. სუიციდური აზრებისგან ის მხოლოდ ვაჟმა, ლუდვიგმა იხსნა, თუმცა ბარბარასთვის სამსახიობო კარიერა მეორეხარისხოვანი გახდა.

2000-იან წლებში მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა ფილმებში: „დაუნჰაუსი“, „კაზუს ბელი“, „უცნაური შობა“, „ადმირალი“. შემდეგ იყო „ბედის ირონიის“ გაგრძელება, რამაც 2008 წელს რუსეთის და დსთ-ის ქვეყნების კინოგაქირავებაში ყველაზე დიდი მოგება მოიპოვა. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „გაგრძელებას“ ორიგინალთან საერთო არაფერი ჰქონდა - რიაზანოვისეული სულიერებისა და სითბოს კვალიც კი არ დარჩენა. ბრილსკა ჟურნალისტებთან საუბარში არ მალავდა, რომ როლს ფულის გამო დათანხმდა. მსახიობი ღიად საუბრობდა, როგორ უჭირს მწირი პენსიით ცხოვრება.

ალბათ ლამაზი და ნიჭიერი მსახიობის ბედის ირონია ისაა, რომ ქვეყანა, სადაც ვარსკვლავი გახდა, დღეს აღარ არსებობს, ხოლო როცა არსებობდა, მის სამშობლოს მტრად მიაჩნდა.

ასეა თუ ისე, ბარბარა ბრილსკას სახელი კინოს ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. მილიონობით მაყურებლისთვის ის 70-იანების თაობის სიმბოლოდ რჩება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!