ურთიერთობა

ვაჟას პირველი სიყვარული და გენიოს ფშაველზე შეყვარებული ქალები

fun time

16:00 ოთხ. 14 ივლისი, 2021 წელი

ვაჟა ფშაველა

14
დაკოპირებულია

ვაჟა ფშაველამ ცხოვრება მძიმე შრომასა და სიღარიბეში გაატარა და პირად ცხოვრებაშიც უიღბლო აღმოჩნდა - საყვარელი ქალი სრულიად ახალგაზრდა გამოეცალა ხელიდან...

იას უთხარით ტურფასა/ მოვა და შეგჭამს ჭიაო,/ მაგრე მოხდენით ლამაზო/ თავი რომ აგიღიაო!.. - ამ ლექსით დაიტირა ვაჟამ თავისი პირველი სიყვარული და თავისი ოთხი შვილის დედა.

ვაჟა ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) სოფელ ჩარგალში 1861 წლის 26 ივლისს დაიბადა. ვაჟას მამა - პავლე რაზიკაშვილი სოფლის მღვდელი იყო. დედა - გულქან ფხიკელაშვილი კი განათლებული ქალი და ნიჭიერი მოლექსე გახლდათ. ვაჟა ფშაველას ოთხი ძმა და ერთი და ჰყავდა.

ვაჟას ბავშვობის სიყვარული

პირველი სიყვარული ვაჟას 10 წლის ასაკში სწვევია, თუმცა მისი სიყვარულის ობიექტის ვინაობა უცნობია. თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში პოეტი წერს:
„10 წლისა უკვე შეყვარებული გახლდით, მაგრამ რამდენადაც ძლიერი იყო ეს ჩემი სიყვარული, იმდენად გაუბედავი, დამალული, უსიტყვო, ისეთი, რომ ვგონებ, ვინც მიყვარდა, იმანაც არ იცოდა. მე კი, თუ მუდამ დღე არ მენახა თვალით, მოვკვდებოდი მის გამო. თუ ცოტა დროს ვიხელთებდი, უნდა გავქცეულიყავი იქ, საცა ჩემი „სატრფო“ მეგულებოდა, რომ თვალით დამენახა, დავმტკბარიყავი მისი ცქერით. ჩემი სიყვარულისა მევე მრცხვენოდა, დანაშაულად მიმაჩნდა და როგორ განუცხადებდი სატრფოს!“
ეს იყო მწერლის, ასე ვთქვათ, პირველი გაუბედავი გატაცება.

ვაჟას და კეკე ნებიერიძის შეხვედრა

თელავის სასწავლებლის შემდეგ ვაჟამ სწავლა გორის საოსტატო სემინარიაში გააგრძელა, სადაც სოფლის სკოლებისთვის პედაგოგებს ამზადებდნენ. 1885 წლიდან პრესაში ვაჟას ლექსები, წერილები და მოთხრობა „შვლის ნუკრის ნაამბობი“ გამოჩნდა, მაგრამ ცხადი იყო, ამით თავს ვერ ირჩენდა და პოეტმა სამსახურის ძიება დაიწყო.

1885 წელს ვაჟა-ფშაველა ოთარ ამილახვრის ოჯახში თავადის შვილის მასწავლებლად მიიწვიეს.
სწორედ ამ ოჯახში გაიცნო ვაჟამ ამილახვრის უკანონო შვილი და მისი ცოლის მოახლე, სათნო და მშვიდი ბუნების კეკე ნებიერიძე. დედას კეკე ადრეულ ასაკში გაუთხოვებია, მაგრამ ქალი ადრევე დაქვრივებულა და უშვილძიროდ დარჩენილი ისევ მამის ოჯახში მიბრუნებულა, სადაც ამილახვრის ცოლის მოახლედ მუშაობდა.

სანამ გრძნობას გაუმხელდა, ვაჟას უამბია კეკესთვის, რა რთულ პირობებში უხდებოდათ ქალებს მთაში ცხოვრება, თუმცა კეკე ცოლობაზე მაინც დასთანხმებულა.

ვაჟამაც ქალი ფშავში წამოიყვანა. იმ ღამეს და მეორე დღეს პავლე რაზიკაშვილის ოჯახში დიდი მხიარულება იყო. ვაჟამ და კეკემ კარგი ოჯახი შექმნეს და ცხოვრება ააწყვეს. კეკე შინაგანად ფაქიზი ადამიანი გახლდათ. რაც მთავარია, მან იცოდა თავისი ქმრის ფასი და ცდილობდა, მისთვის ყოფითი ტვირთი შეემსუბუქებინა. სათნო ბუნების რძალი ძალიან შეიყვარეს ვაჟას ძმებმა. მაზლები პატარა ტანის კეკეს ბავშვივით ხელში აიყვანდნენ და ისე ათამაშებდნენო, - იგონებდნენ ვაჟას მეზობლები. ვაჟა ბუნებით ფიცხი ადამიანი იყო. უცებ აფეთქდებოდა რაღაცაზე. კეკე გაიქცეოდა, ყელზე შემოეხვეოდა და ვაჟაც უცბად მშვიდდებოდა.

17 წელი იცხოვრეს ვაჟამ და კეკემ ერთად და ოთხი შვილი: თამარი, მარიამი, გულქანი და ლევანი შეეძინათ. ბარში გაზრდილმა პატარძალმა კარგად აითვისა ფშაველთა საქმიანობა და ზნე-ჩვეულებები. თითქოს ვაჟას ბედნიერებას არაფერი ემუქრებოდა, „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა...“

ფოტოზე: ვაჟა და კეკე, შვილებთან ერთად

კეკეს გარდაცვალება

1902 წლის ზამთარი იყო, როცა მეხუთე შვილზე ფეხმძიმე კეკეს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ამ დროს ვაჟა ყვარელში, დასთან სტუმრობდა - სანადიროდ და ოჯახის საჭიროებების გამო. კეკესთან, ბავშვების გარდა, არავინ იყო. პატარები ვერ მიმხვდარან, რომ დედა გარდაიცვალა. კეკეს გარდაცვალების შესახებ მეზობლებმა მაშინ გაიგეს, როდესაც შიშველი ბავშვები ეზოში გამოცვივდნენ.

ვაჟას უბედურების მაცნემ მაშინ მოუსწრო, როცა ტყიდან ნანადირევი გამოჰქონდა. ძალიან უმოქმედია მეუღლის გარდაცვალების ცნობას. ხის მორზე ჩამომჯდარა და ერთსა და იმავე ლექსს იმეორებდა: „ე მაში ბაწარა დავდე, / ა, ის ბაწარა რა იქნა, / მოიპარავდა სიკვდილი / მაინც ქურდია, მაინცა“.

ვაჟას დისშვილი ამ დღეს ასე იხსენებს:
„იმ ღამეს არც იმას და არც ჩვენ არ გვძინებია. დედაჩემი სამზადისში იყო. არც ადვილი იყო ამ ცივ ზამთარში მგზავრობა. ყვარელიდან ჩარგლამდე სულ უკანასკნელი 3-4 დღე უნდოდა. ვინ იცის, კიდევ რა ამინდი დადგებოდა. გათენდა. დედამ ცხენები შეკაზმა, ხურჯინები გადაჰკიდა და ელის ვაჟას გამოსვლას.
ის თავჩაღუნულია. ვერა ხედავს, გარშემო რა ხდება. ხანდახან ხელს ჩაიქნევს და ისევ ერთ ადგილს მიაჩერდება“.

ვაჟა და თამარ დიდებაშვილი- მეორე ცოლი

კეკეს გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ვაჟა მიხვდა, რომ ოჯახისა და ბავშვების მოვლას მარტო ვეღარ შეძლებდა და ახლობელთა რჩევას დაჰყვა. საცოლედ გიორგი დიდებაშვილის შვილის თამარის კანდიდატურა ბესო შანიძემ შეურჩია და მწერალი ისე დასთანხმდა, რომ ქალი თვალითაც არ ჰყავდა ნანახი. კეკესგან განსხვავებით, თამარი ზორბა ქალი აღმოჩნდა. ამან ვაჟა გაახარა - მთის პირობებს უფრო აიტანსო.
ვაჟამ და თამარმა სიცოცხლის ბოლომდე ერთად იცხოვრეს და ერთი საერთო შვილი - ვახტანგი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ თამარი გერებს მზრუნველობას არ აკლებდა, ბავშვები მის დედინაცვლობას მაინც გრძნობდნენ. ვაჟას შვილი გულქანი იხსენებდა, რომ თამარი ცივი ქალი იყო და არ სიამოვნებდა, როცა ვაჟა კეკეს იხსენებდა.

ზოგი მკვლევარი იმასაც წერს, რომ ვაჟასა და თამარს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. კეკესგან განსხვავებით, თამარს არ ესმოდა, როგორ შეიძლება ადამიანს ხვნა-თესვის დროს წერის ჟინმა მოუაროს და მუშაობა მიატოვოს. ვერ ხვდებოდა, რომ ვაჟა სხვა სამყაროს ეკუთვნოდა და მიწიერი პრობლემები ნაკლებად უნდა მოეხვია მისთვის თავზე. „ოჯახზე რომ არ ფიქრობდა და სულ ქვეყანაზე ფიქრობდა, რა მისცა ვაჟას ქვეყანამ?! მშიერ-ტიტვლები დაგვტოვა და მიწაშიც მშიერი და ტიტველი წავიდა“, - ეს თამარ დიდებაშვილის სიტყვებია, რომლებიც გულქან რაზიკაშვილის მოგონებებმა შემოინახა.

წერალი მურად მთვარელიძე კი დარწმუნებულია, რომ თამარმა უცებ აუღო ალღო ვაჟას ხასიათსა და მის ოჯახს. კარგი დედობა გაუწია ვაჟას შვილებს მის ობლებს მზრუნველად ექცა, ხოლო გენიოს მეუღლეს - სულის მოზიარედ:
- მიმაჩნია, რომ თამარი ვაჟას ერთგულ მეგობრად იქცა ჭირსა თუ ლხინში.
თამარს თბილისი არასოდეს ენახა და ვაჟა სულ ჰპირდებოდა, რომ თბილისში ჩაიყვანდა. საბოლოოდ, მან პირობა შეასრულა - თამარი თბილისში თავის დაკრძალვაზე ჩაიყვანა.

პოეტის ჯანმრთელობა მძიმე ფიზიკურმა შრომამ თანდათან შეარყია. 1915 წელს ვაჟა ტუბერკულოზით დაავადდა სამკურნალოდ თბილისში ჩამოიყვანეს. საავადმყოფოს პალატაში გამოკეტილ, მომაკვდავ პოეტს მთის წყალი და ტყეები ენატრებოდა, ამიტომ ლოგინი იატაკზე დაუგეს და ზედ მინდვრის ყვავილები მიმოუფინეს.
1915 წლის 27 ივლისს, საღამოს 7 საათზე გარდაიცვალა.

ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ გარდაცვალების შემდეგ, თამარ დიდებაშვილი დიდუბის პანთეონში, ვაჟას ნასაფლავარში დაეკრძალათ, ხოლო გენიოსმა პოეტმა მთაწმინდის პანთეონში დაიდო ბინა.
ვაჟა სხვა სამყაროში იყო. ის ყველაფერზე და, მათ შორის, კონკრეტული ადამიანების სიყვარულზე მაღლაც იდგა...

ფოტოზე: თამარ დიდებაშვილი

ვაჟაზე უიმედოდ შეყვარებული ნინო ფურცელაძე

ამბობენ, რომ როცა ვაჟას ცხედარი ქაშვეთის ეკლესიაში დაასვენეს, პანაშვიდზე თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი ხმამაღალი ტირილით შესულა. ეს ქალი ვაჟაზე უიმედოდ შეყვარებული ულამაზესი ნინო ფურცელაძე ყოფილა. თავის დროზე, ვაჟას მის სიყვარულზე უარი უთქვამს, - თქვენ მთაში ვერ გაძლებთ და მე ბარადო. ნინოს საკუთარი თავისთვის პირობა მიუცია, რომ ვაჟას გარდა არავის გაჰყვებოდა ცოლად და პირობა შეუსრულებია.
ვაჟას სიკვდილის შემდეგ ნინოს დიდხანს აღარ უცოცხლია. იმასაც ამბობენ, რომ გარდაცვლილს დებმა საფლავში ვაჟას სურათი ჩააყოლეს...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!