შქმერული რესტორან „შატროს“ მზარეულ დავით გიორგბერიძის რეცეპტით.
კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
წიწილა - 2 კგ.
ნიორი - 300 გრ;
ზეთი - 30 გრ;
მარილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
კარგად გასუფთავებული და გარეცხილი წიწილა შეწვით ორივე მხრიდან, ისე, რომ წითლად შეიბრაწოს.
როგორც კი წიწილა შეიწვება, გადმოიღეთ ტაფიდან.
იმავე ტაფაზე და იმავე ცხიმში მოშუშეთ დაჭრილი ნიორი, შემდეგ დაასხით ცივი წყალი თვალის ზომით, ისე, რომ მასა ოდნავ შეთხელდეს. შემდეგ კი დაუმატეთ მარილი.
დაჭერით შემწვარი წიწილა სასურველ ნაჭრებად, დააწყვეთ ნივრიან ტაფაზე და გააჩერეთ ცეცხლზე, დაახლოებით, 5 წუთით.
უგემრიელესი შქმერული მზად არის.
შენიშვნა:
შქმერულის მომზადებისას შეგიძლიათ, ნივრიან სოუსში 1 ს/კ არაჟანი ან მაიონეზი დაუმატოთ. ეს უკვე თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ნივრის მოთუშვის დროს შეგიძლიათ, მას 50 გრამი კარაქიც დაუმატოთ. ამით კერძი უფრო მსუყე გახდება.
წიწილას ნაჭრები შეგიძლიათ სხვა, ოდნავ ღრმა ჭურჭელში გადაიტანოთ და ზემოდან ნივრის სოუსი მოასხათ, ოღონდ მისი წამოდუღება არ დაგავიწყდეთ.
შქმერულის მოსამზადებლად (ერთი წიწილასგან), დაახლოებით, 40 წუთი და 8 ლარი დაგეხარჯებათ.